კვლევის მიხედვით, მედიტაცია ტვინის ფუნქციურ კავშირებს ძალიან მოკლე დროში აუმჯობესებს
კვლევას არაერთი შეზღუდვა აქვს და არ ვიცით, შედეგების განზოგადება შეიძლება თუ არა, თუმცა მისი შედეგები საკმაოდ საინტერესოა.
მედიტაციის შესახებ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. გონებას ამახვილებს თუ ამარტივებს? ახალგაზრდობას გვინარჩუნებს თუ სიკვდილის პირას მივყავართ? ყველაზე მთავარი, რატომ ჩანს მედიტაციის ამდენი მიმდევარი ასეთი თვითკმაყოფილი?
როგორც ჩანს, საკმაო მიზეზიც აქვთ: ჟურნალ Science Reports-ში ახლახანს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მედიტაციის მიმდევარ ადამიანებს შესაძლოა დანარჩენებზე სწრაფი ტვინი ჰქონდეთ. მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა, რომ მედიტაციას შეუძლია ტვინს ცნობიერების ორ ძირითად მდგომარეობას შორის სწრაფ მონაცვლეობაში დაეხმაროს, ეფექტი კი სულ რაღაც 8 კვირაში ხდება შესამჩნევი.
"ტიბეტელებს ამ მდგომარეობებს შორის თავისუფალი მონაცვლეობის აღსაწერი ტერმინი აქვთ და გონებრივ დრეკადობას უწოდებენ — უნარი, რომელიც გონების ფორმირებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას გვაძლევს", — აცხადებს კვლევის თანაავტორი დოქტორი ჯორჯ ვაინშენკი Neuroscience News-თან საუბრისას.
კვლევამ უნივერსიტეტის სტუდენტები შეისწავლა, რომლებიც ვეინშენკის მედიტაციის გაკვეთილებზე ჩაეწერნენ. კურსის დასაწყისში თითოეულ მათგანს ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) ჩაუტარდა, ხელმეორედ კი ორი თვის შემდეგ. სკანირებებს შორის სტუდენტები "ფოკუსირებულ მედიტაციას"(FAM) ეწეოდნენ, რა დროსაც ადამიანი რამეზე აჩერებს ყურადღებას — ნებისმიერ რამეზე: შინაგანზე თუ გარეგანზე, "მათ სუნთქვაზე, კედლის წერტილზე, ფრაზაზე, ნებისმიერი რამ, რასაც აარჩევენ", როგორც ნაშრომი ხსნის. ყურადღების გაფანტვის შემთხვევაში, სტუდენტებს უბრალოდ კვლავ არჩეულ ობიექტზე ფოკუსირება მოუწევდათ, რაც არ უნდა ყოფილიყო იგი. პრაქტიკა მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, კვირაში ხუთჯერ, გამოცდილების აღრიცხვა კი ჟურნალში ხდებოდა.
მარტივად ჟღერს, არა? საოცრად აშკარა შედეგები მხოლოდ ამ მცირე პრაქტიკამ წარმოშვა.
"კვლევამ აჩვენა, რომ მედიტაციაში 2 თვიანმა წვრთნამ ტვინის ფუნქციური კავშირი გააძლიერა მაშინაც კი, როდესაც მონაწილეები მედიტაციურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ", — ამბობს ნაშრომი — "მიგნებები აჩვენებს, რომ მედიტაციაში ვარჯიშს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ტვინის ფუნქციურ კავშირზე, მაგრამ არა მის სტრუქტურაზე. შესაბამისად, ცვლილებები, რომელიც ფუნქციურ კავშირში შევნიშნეთ, მხოლოდ ფუნქციური ცვლილებებია და სტრუქტურის ცვლილებებს არ უკავშირდება".
მომხდარის გასააზრებლად, ცნობიერების ორი ზოგადი მდგომარეობის ცოდნა დაგჭირდებათ, რომელზეც ტვინს წვდომა აქვს. პირველი ძირითადი უმოქმედო ქსელია (DMN) და ტვინის პასიურ მდგომარეობას წარმოადგენს — ის, რაც ღვიძილის, მაგრამ უმოქმედობის პერიოდში ხდება თავში. ეს არ ნიშნავს, რომ იგი სხვა შემთხვევებში არ მუშაობს, თუმცა, მაგალითად, როდესაც ოცნებებში მიდიხართ, სწორედ DMN ერთვება სიტუაციაში.
მეორეს დორსალური ყურადღების ქსელი (DAN) ეწოდება და მაშინ მოქმედებს, როდესაც მიზნით მართულ ქცევაში ერთვებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი იმის ვიზუალურად წარმოდგენას მოიცავს, თუ როგორ მოქმედებენ და ურთიერთქმედებენ ობიექტები. კვლევამ აღმოაჩინა, რომ ორთვიანი მედიტაცია, ახალბედებისთვისაც კი აღმოჩნდა საკმარისი, რათა ამ ორ ქსელს შორის კავშირი მნიშვნელოვნად გაზრდილიყო ისევე, როგორც DAN-ში და DMN-სა და ვიზუალურ კორტექსს შორის.
"მიგნებები მედიტაციის შესაძლო გავლენას აჩვენებს ტვინის იმ შესაძლებლობის გაძლიერებაზე, რომ სწრაფად გადაერთოს გაფანტულობასა და ფოკუსირებულ მდგომარეობას შორის და ყურადღების მდგომარეობაში მოქცევის შემდეგ, შეინარჩუნოს კიდეც იგი", — ნათქვამია ნაშრომში.
კვლევას რამდენიმე აშკარა შეზღუდვა აქვს: იგი ადამიანების ძალიან მცირე რიცხვზე ჩატარდა და საკონტროლო ჯგუფიც არ ყოფილა, მხოლოდ ერთი დამატებითი სესია, კვლევა კი თავად ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, ამიტომაც შეუძლებელია იმის თქმა, შეიძლება თუ არა შედეგების უფრო ხანგრძლივ დროზე განზოგადება. თუმცა კვლევის თანაავტორ ვეიინ დაისთვის, რომელიც ასისტენტ-პროფესორია და ნეიროგამოსახვასა და ალცჰეიმერის დაავადებაშია განსწავლული, შედეგები კვლევისთვის ახალი, ამაღელვებელი შესაძლებლობების ჰორიზონტს მოასწავებს.
"ხანდაზმულების კვლევაზე ვფიქრობ, რადგან ამ პოპულაციაში მხოლოდ ახალგაზრდა სტუდენტები იყვნენ", — განუცხადა მან Neuroscience News-ს — "მინდა ჯანმრთელი ასაკოვანი გჯუფი შევარჩიო და შემდეგ სხვა ჯგუფი ალცჰეიმერის ადრეული სტადიით ან მცირე კოგნიტური დაზიანებით. მინდა შევამოწმო, მედიტაციისგან გამოწვეული ცვლილებები გააუმჯობესებს თუ არა კოგნიტურ შესაძლებლობებს. ამჟამად ამ მიმართულებით დაფინანსების მოპოვებას ვცდილობ".
კომენტარები