რატომ უნდა ვთქვათ უარი ნატურალური ბეწვის, ტყავისა და მატყლის პროდუქტის მოხმარებაზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რას მოგიყვებით

ცხოველურ პროდუქტებს, როგორიც ტყავი, ბეწვის ქურქი თუ მატყლია, ათასობით წლის მანძილზე იყენებდნენ, როგორც გამძლე მასალას. ადამიანები ხშირად ცხოველის ნაწილებს იარაღების შესაქმნელად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიმართავდნენ. მაგალითად, ტყავის ფეხსაცმელი მათთვის სხვადასხვა სახის რელიეფზე ფეხით გადაადგილებას ამარტივებდა, ცივ კლიმატში მცხოვრებ ხალხს ცხოველის ტყავი და ბეწვეული სიცივისგან იცავდა, შედარებით თბილ კლიმატში მცხოვრებნი კი მას გასაგრილებლად იყენებდნენ.

მას შემდეგ, რაც საზოგადოება განვითარდა, ცხოველურმა პროდუქტებმა უფრო მრავალფეროვანი გამოყენება ჰპოვეს. ზოგიერთ კულტურაში ასეთი პროდუქტების ფლობა მაღალ სტატუსზე მიანიშნებდა. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, ტყავისა თუ ბეწვის სამოსი და აქსესუარები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და მისი მასობრივი წარმოება დაიწყო, დღეს კი ტყავის, ბეწვის ქურქებისა თუ მატყლის დასამზადებლად ყოველწლიურად მილიონობით ცხოველი ჯერ იტანჯება, შემდეგ კი იხოცება.

თუმცა, მათი დამზადებისა და მოხმარების არაეთიკურობასთან ერთად, ეს პროდუქტები, ცხოველური საკვები პროდუქტების მსგავსად, ასევე საშინელ გავლენას ახდენენ გარემოზე — ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილებას, გარემოს დაბინძურებას, ტყეების გაჩეხასა და მიწის ეროზიას. ამ სტატიაში გიყვებით, თუ რატომ უნდა თქვათ უარი ნატურალური ცხოველური პროდუქტის მოხმარებაზე

ბეწვის პროდუქტი

ფოტო:
Jo-Anne McArthur via Unsplash

ბეწვის ინდუსტრია დასამუშავებელი პროდუქტის 85%-ს ფერმის ცხოველებისგან იღებს. ასეთ ფერმებში ათასობით ცხოველია გამომწყვდეული და სხვა ფერმების მსგავსად, ისინიც მაქსიმალური მოგების მიღებაზე არიან ორიენტირებულნი — ცხოველის კეთილდღეობასა და გარემოზე ყოველგვარი ზრუნვის გარეშე.

ბეწვის მისაღებად ისეთ ცხოველებს კლავენ, როგორებიც არიან თახვი, შინშილა, ძაღლი, კატა (არა, არ გეჩვენებათ), მელია, კურდღელი, ენოტი, დათვი და, რა თქმა უნდა, წაულა. 2011 წლის მონაცემებით, ფერმაში მცხოვრები ერთი წაულა ცხოვრების მანძილზე 18 კილოგრამ ნარჩენს წარმოქმნის. აქედან გამომდინარე, მხოლოდ აშშ-ში, ყოველწლიურად წაულას ფერმები მილიონობით კილოგრამ ნარჩენზე არიან პასუხისმგებელნი.

როდესაც ვაშინგტონის წაულების ფერმა ახლომდებარე ყურის დაბინძურებისთვის დააჯარიმეს, წყალში ფეკალური ბაქტერიების დონე კანონით განსაზღვრულს 240-ჯერ აღემატებოდა. ახალ შოტლანდიაში 5 წლიანი დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ "წყლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუარესება უმეტესად გამოწვეული იყო წაულას ფერმების საქმიანობის შედეგად წყალში ფოსფორის კონცენტრაციის მატებით". მსოფლიო ბანკის შეფასებით, ნატურალური ბეწვის პროდუქტების წარმოება იმ ინდუსტრიების ხუთეულში შედის, რომლებიც ტოქსიკური ლითონებით აბინძურებენ გარემოს. ყველა სიკეთესთან ერთად, ფერმის ცხოველების გაზრდა, მათი საკვებით მომარაგება და შემდეგ მათგან პროდუქტების წარმოება ატმოსფეროსთვისაც საზიანოა — დანიაში, სადაც ყოველწლიურად 19 მილიონზე მეტ წაულას კლავენ, 1 წლის მანძილზე ატმოსფეროში 3 600 კგ-ზე მეტი ამიაკი გამოიყოფა.

ფოტო: s3-us-west-2.amazonaws.com

1 კილოგრამი ბეწვეულის მისაღებად, დაახლოებით, 11 ცხოველის მოკვლაა საჭირო. საშუალოდ, ადამიანების 1 კილოგრამი ბეწვით უზრუნველსაყოფად ცხოველებს 563 კილოგრამი საკვები სჭირდებათ. 1 კილოგრამი ბეწვის გავლენა გარემოზე იმაზე 5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე იმავე მასის მატყლისა.

ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეადარეს ბეწვეულისა და სხვადასხვა ქსოვილების გავლენა 18 გარემოსდაცვით პრობლემაზე, როგორებიცაა წყლის ევტროფიკაცია, კლიმატის ცვლილება, გარემოში ტოქსიკური ნივთიერებების გაფრქვევა და ა.შ. აღმოჩნდა, რომ 18-დან 17 მათგანში ბეწვის პროდუქტს, სხვა ქსოვილებთან შედარებით, გარემოსთვის მნიშვნელოვნად დიდი ზიანი მოაქვს.

ცხოველის მოკვლის და მისგან ბეწვის გამოცალკევების შემდეგ იწყება ამ უკანასკნელის ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით დამუშავება იმისთვის, რომ იგი დალპობისგან დაიცვან და მისგან გამძლე ნივთიერება მიიღონ. ამ პროდუქტის შესანახად და შესაღებად გამოიყენება ისეთი მავნე ნივთიერებები, როგორებიცაა ამიაკი, ფორმალდეჰიდები, წყალბადის ზეჟანგი, ქრომმჟავას მარილები თუ მათეთრებელი საშუალებები.

უნდა გავითვალისწინოთ ამ ინდუსტრიის ისეთი ასპექტებიც, როგორებიცაა ცხოველების საკვების მოყვანა, მისი ტრანსპორტირება, ცხოველების ნარჩენების მოცილება, ფერმებში ელექტროენერგიის მოხმარება, პესტიციდების, ვაქცინებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება, გვამების ტრანსპორტირება, ბეწვის დამუშავება, მისი დახარისხება, გასუფთავება, გასწორება და გაპრიალება, ბოლოს კი გაყიდვა. ამ პროცესების გათვალისწინებით, აღნიშნული ინდუსტრიის გავლენა გარემოზე, ხელოვნური ბეწვის წარმოებასთან შედარებით, 3-ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 10-ჯერ უფრო მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ნატურალური ბეწვის პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით კარცეროგენებს, ალერგენებს და ფორმალდეჰიდებს. 6-დან ბეწვის 4 პროდუქტი შეიცავს ქრომს, 6-დან 2 პროდუქტი შეიცავს ექვსვალენტიან ქრომს, რომელიც იწვევს ეგზემას და აქვს გენოტოქსიკური თვისებები.

წაულას ბეწვისა და ხელოვნური ბეწვის პროდუქტების შედარებამ აჩვენა, რომ ხელოვნური ბეწვის 5 პროდუქტსაც კი არ მოაქვს იმხელა ზიანი გარემოსთვის, რამდენიც წაულას ბეწვისგან დამზადებულ ერთ პროდუქტს. გარდა ამისა, ხშირად ბეწვის ქურქის გამოყენების ხანგრძლივობას მოდა განსაზღვრავს, აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ხელოვნური ბეწვის პროდუქტებთან შედარებით იგი მეტი გამძლეობით ხასიათდება, სულაც არ ნიშნავს, რომ მას გარემოსთვის ნაკლები ზიანი მოაქვს.

ბოლოს კი უნდა ითქვას, რომ ბეწვი მხოლოდ მაშინ არის ნატურალური, როდესაც ცოცხალი არსება მისით იბადება.

ტყავის პროდუქტი

ფოტო: www.libertyleathergoods.com

ერთ დროს ნატურალური ტყავის ნივთები მოდურ აქსესუარებად ითვლებოდა, ახლა კი, როდესაც ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან მოდის სინამდვილეში ეს მასალა და რა პროცესებს გადის იქამდე, სანამ ჩვენს ტანსაცმლის კარადაში აღმოჩნდება, მისი პოპულარობა ნელ-ნელა იკლებს.

ხშირად ტყავს ხორცის ინდუსტრიის გვერდით პროდუქტად მოიხსენიებენ — მისი წარმოება ცხოველის მკვლელობას ეკონომიკურად უფრო მომგებიანს ხდის, ვინაიდან ცხოველის ტყავი მისი საერთო ღირებულების 10%-ს შეადგენს.

იმისთვის, რომ ცხოველის ტყავი ჩექმად, ჩანთად თუ პიჯაკად აქციონ, საწარმოებში მთელ რიგ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ. მათ შორისაა მინერალური მარილები, ფორმალდეჰიდები, საღებავები (რომელთა ნაწილი ციანიდზეა დამზადებული), ზეთები და ა.შ.

ფოტო: Stijn te Strake via Unsplash

ტყავის საწარმოების ნარჩენები, ზემოთ აღნიშნულ ნივთიერებებთან ერთად, მოიცავს ისეთ დამაბინძურებლებს, როგორებიცაა ქრომი, პროტეინი, თმა, მარილი, სულფიდები და მჟავები. აღსანიშნავია, რომ მაქრომირებელი მოწყობილობა 1 ტონა ტყავის გადამუშავებისას 56 700 ლიტრ წყალს აბინძურებს და 1 000 კგ მყარ ნარჩენს წარმოქმნის. რაც შეეხება ტყავის შეღებვას, ამ დროს, ყოველწლიურად, 800 000 ტონა ქრომით დაბინძურებული ნარჩენი წარმოიქმნება, მათი დიდი ნაწილი კი ნაგავსაყრელებზე ხვდება.

ტყავის ქარხნებთან არსებულ მიწისქვეშა წყლებში მკვეთრადაა ამაღლებული მთელი რიგი ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობა. Regis Tanning Co, Inc. ნიუ ჰემფშირში ადრეული 1950-იანი წლებიდან 1972 წლამდე ამუშავებდა ტყავის ქარხანას, თუმცა, მისი დაკეტვიდან 20 წელზე მეტის გასვლის შემდეგაც კი, მიმდებარე მიწისქვეშა წყლებიდან შეგროვებული ნიმუშები ისევ შეიცავდა დარიშხანს, ქრომს, ტყვიასა და თუთიას — სავარაუდოდ, ამის მთავარი მიზეზი ტყავის საწარმოდან წყალში ჩაშვებული ნარჩენები იყო. მიმდებარე მდინარიდან და ჭაობიდან აღებულ ნიმუშებში კი ციანიდი, ქრომი და ნახევრად ქლორირებული ბიფენილები აღმოაჩინეს.

ჯერ კიდევ 2004 წელს, ინდოეთის სამ რაიონში 500-ზე მეტი ტყავის საწარმო დაჯარიმდა 16 000 ჰექტარი მიწის დაბინძურებისთვის და გვალვაში წვლილის შეტანისთვის, რომელიც "არ იყო გამოწვეული მუსონების მოქმედების წარუმატებლობით ან სხვა ბუნებრივი მიზეზებით, რომლებსაც ღმერთი განაგებს, არამედ... მხოლოდ ადამიანის საქმიანობით".

ყველა სიკეთესთან ერთად, ტყავის საწარმოებთან არსებული მიწისქვეშა წყლების დაბინძურება ადგილობრივების ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს. CDC-ის მონაცემებით, კენტუკის შტატში ტყავის საწარმოებთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობაში ლეიკემიის შემთხვევები, ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით, 5-ჯერ მაღალია.

დარიშხანი ერთ-ერთია იმ მავნე ქიმიური ნივთიერებებიდან, რომლებსაც ტყავის საწარმოებში იყენებენ და რომელიც სხვადასხვა ტიპის კიბოს განვითარებას უკავშირდება იმ ადამიანებში, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ამ ნივთიერებასთან. შვედეთსა და იტალიაში ასეთ ფაბრიკებში მომუშავე ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათში კიბოს განვითარების რისკი მოსალოდნელზე 20-50%-ით მაღალია.

2017 წლის Pulse of The Fashion Industry-ის ანგარიშის ფარგლებში ერთმანეთს შეადარეს თითოეული ტიპის ქსოვილის გავლენა გლობალურ დათბობაზე, წყლის რესურსების სიმცირეზე, გარემოს დაბინძურებასა და სხვა ფაქტორებზე. ამ ქსოვილებიდან გარემოსთვის ყველაზე საზიანო ძროხის ტყავი აღმოჩნდა.

ფოტო: cdn.shopify.com

ანგარიშის მიხედვით, ხელოვნური ტყავის უარყოფითი გავლენა გარემოზე, ნატურალურთან შედარებით, სამჯერ ნაკლებია.

ფოტო: https://cdn.shopify.com

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ტყავის მიღების და გადამუშავების აღიარებული საფრთხეების გამო, მისი წარმოება აშშ-დან და ევროპის რიგი ქვეყნებიდან გადაინაცვლებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ბანგლადეში, სადაც ეს ინდუსტრია არანაკლებ აზიანებს გარემოს და არანაკლებ საფრთხეს უქმნის ადგილობრივების თუ საწარმოებში მომუშავეების ჯანმრთელობას.

ბლექსმიტის ინსტიტუტის 2007 წლის ანგარიშის მიხედვით, რანიპეტში, ინდოეთში, 3.5 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა ქარხანამ, რომელში წარმოებულ მარილებსაც შემდეგ ტყავის საწარმოებში იყენებენ. აქ აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა წყლები და მიწა ნარჩენებით მდიდარი ჩამდინარე წყლებითაა დაბინძურებული და ის ფერმერები, რომლებსაც წყალთან აქვთ ხშირი შეხება, კანის წყლულებით ავადდებიან. 2012 წელს ინსტიტუტმა მსოფლიოს ტოქსიკური დამაბინძურებლების ათეულში მე-4 ადგილზე სწორედ ტყავის საწარმოები დაასახელა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები გვხვდება დასრულებულ ტყავის პროდუქტებშიც. ასეთია ექვსვალენტიანი ქრომი, რომელიც ძლიერ ალერგენად მიიჩნევა და კანთან უშუალო კონტაქტის შემთხვევაში ეგზემას გამოწვევაც შეუძლია. გერმანიაში 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამ ეს ნივთიერება შესწავლილი პროდუქტებიდან ნახევარზე მეტში აღმოაჩინა.

დამატებით, იმისთვის, რომ ცხოველი მომავალში ტყავის საფულედ, ქამრად ან რაიმე სხვა აქსესუარად იქცეს, საჭიროა მისი გამრავლება და გაზრდა, ამ პროცესის დროს კი ისინი საჭიროებენ უდიდესი რაოდენობის წყალს, საკვებსა თუ მიწის რესურსებს. ცხოველების საძოვრების მისაღებად და მათი საკვების მოსაყვანად ხშირად იჩეხება ტყეები. მაგალითად, ბოლო 50 წლის მანძილზე ამაზონის ტყეების 70% გაიჩეხა ამ ტერიტორიაზე მარცვლეულის მოსაყვანად, ან მისი საძოვრებად ქცევისთვის. ტყეების მასიური ჩეხა, თავის მხრივ, იწვევს ჰაბიტატების დაკარგვას მილიონობით სახეობისთვის და კლიმატის ცვლილების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.

ასევე იხილეთ: რა კავშირშია თქვენი მწვადი გლობალურ დათბობასთან

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ტყავი გადამუშავებული სახით გვევლინება, ქურქებისგან განსხვავებით, ვერ ვაანალიზებთ, რომ იგი არა უბრალოდ ქსოვილი, არამედ ცხოველის ტანჯვისა და მოკვლის შედეგად მიღებული ნაწარმია, რომელიც საშინლად აზიანებს გარემოს და, შესაბამისად, ადამიანებსაც.

ყველა სიკეთესთან ერთად, ამ ცხოველებს ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება შეზღუდულ სივრცეებში, მათთვის არაბუნებრივ პირობებში უწევთ, რის შემდეგაც, მათ ნაწილს კლავენ, ნაწილს კი ცოცხლად ატყავებენ, ან ხარშავენ.

მატყლი

ფოტო: Gemma Evans via Unsplash

ადამიანის ჩარევის გარეშე ცხვრებს იმდენი მატყლი ეზრდებათ, რამდენიც მათ ექსტრემალური ტემპერატურისგან დასაცავად სჭირდებათ. მეცხოველეობის სხვა ფორმების მსგავსად, მატყლის მისაღებად ცხვრების გაზრდა დიდი რაოდენობით რესურსებს საჭიროებს. საძოვრების მისაღებად იჩეხება ტყეები, რის შედეგადაც იმატებს ნიადაგის მარილიანობა, იწყება ეროზიული პროცესები და მცირდება ბიომრავალფეროვნება.

ძროხების მსგავსად, ცხვრები ატმოსფეროში უდიდესი რაოდენობით მეთანის აირებს გამოყოფენ — ეს უკანასკნელი სათბურის აირს წარმოადგენს, ამ აირების ჭარბი კონცენტრაცია კი გლობალური დათბობის გამომწვევ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეცხოველეობის ეფექტი ატმოსფეროზე ტრანსპორტით გამოწვეულ დაბინძურებასაც აჭარბებს.

ფერმის ცხოველების მიერ წარმოქმნილმა სასუქმა — მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, სადაც, მსოფლიოში მატყლზე არსებული დიდი მოთხოვნის საპასუხოდ ამ პროდუქტის წარმოება უფრო ინტენსიურ სახეს იღებს — ბოლო 250 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის მატებაში.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც კარუში, სამხრეთ აფრიკაში მიწის დეგრადაციას სწავლობდნენ, აღმოაჩინეს, რომ დიდი ფერმები, განსაკუთრებით კი ცხვრის ფერმები პასუხისმეგებელნი არიან ამ ტერიტორიაზე ვეგეტაციის არასახარბიელო ცვლილებებზე, ეროზიასა და ბედლენდების ფორმირებაზე.

ფოტო: Jean Vella via Unsplash

მიწის რესურსებთან ერთად, ეს ინდუსტრია მოიხმარს და აბინძურებს დიდი რაოდენობით წყლის რესურსებსაც ისეთი ქიმიური ნივთიერებებით, რომლებსაც მატყლის პროდუქციის წარმოებისთვის იყენებენ. 2010 წელს, მხოლოდ აშშ-ში ამ ინდუსტრიაში 4 000 კგ-ზე მეტი ინსექტიციდი გამოიყენეს. 2004 წელს ახალი სამხრეთ უელსის გარემოსდაცვითი სააგენტოს ანგარიშის მიხედვით "მდინარე ტაიფის ზედა ნაწილში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აქ უხერხემლოთა ფაუნის მნიშვნელოვნად შემცირების მთავარი გამომწვევი ფაქტორი ცხვრის ფერმებიდან წყლის პესტიციდებით დაბინძურება იყო".

Pulse of the Fashion Industry-ის ანგარიშის მიხედვით, ცხვრის მატყლის წარმოება იმაზე მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე აკრილის, პოლიესტერის, სპანდექსის და ხელოვნური აბრეშუმის ბოჭკოების.

დასკვნა

ფოტო: www.abestfashion.com

ერთი შეხედვით, ნატურალური ცხოველური პროდუქტების შეძენა კარგი არჩევანია, რადგან ისინი, სინთეტურ ალტერნატივებთან შედარებით, უფრო გამძლე პროდუქტის წარმოადგენენ. თუმცა, რომ დავფიქრდეთ, სინამდვილეში ამ პროდუქტების დიდი ნაწილი არც კი გვჭირდება, მით უმეტეს ახლა, როდესაც უამრავი ვეგანური ალტერნატივა არსებობს, რომლებიც ნაკლებად აზიანებენ ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოსაც.

ბოლოს კი, მიუხედავად იმისა, რომ "მწვანე მოდა" სულ უფრო პოპულარული ხდება, მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების დიდი ნაწილი, მათ შორის Alexander McQueen, Alexander Wang, Balenciaga, Dior, Fendi, Hermes, Louis Vuitton, Marc Jacobs, Prada, Valentino და Yves Saint Laurent ჯერ კიდევ განაგრძობენ ცხოველური პროდუქტების გამოყენებას. ჩვენ კი, როგორც მომხმარებლებს, გვაქვს საშუალება ავირჩიოთ, ნატურალური ტყავის ქურთუკით შევიმოსებით და თვალს დავხუჭავთ ამ ინდუსტრიის მანკიერ მხარეებზე, თუ გარემოსთვის ნაკლებად საზიანო და ეთიკურად უფრო გამართლებული ნივთებით შევავსებთ ჩვენს გარდერობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ