თითქმის წელიწად-ნახევარია, რაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება თავდაყირა დადგა: ყველანი იძულებულნი გავხდით, უარი გვეთქვა ჩვენი ცხოვრების ძველ წესსა და ტემპზე; მოგვიწია უახლოეს ადამიანებთან განშორებამ და სრულიად მარტონი აღმოვჩნდით საკუთარი თავის პირისპირ. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ ყველამ შევიძინეთ რაღაც ახალი — საინტერესო ჰობი თუ ვირტუალური მეგობრები, რომლებმაც ეს სტრესული პერიოდი ნამდვილად შეგვიმსუბუქეს.

ასეთ დროს ადამიანები ყველაზე კარგად ვხვდებით და ვაფასებთ იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია და რაც მთელი გულით გვიყვარს. გასულმა წელმა უამრავი რამ შეცვალა, მაგრამ ვერაფერი დააკლო იმას, რაც მუდმივია და რაც სულ ჩვენთანაა. ახალი კამპანიით თიბისი გვახსენებს, რომ ის, რაც შენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია "სულ შენთანაა" — არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება შენ გარშემო, რადგან ადამიანური განცდები და ემოციები უბრალოდ არასდროს გტოვებენ.

ყველაზე მძაფრი გრძნობები კი ალბათ ბავშვობაში, ზაფხულის განმავლობაში დაგვუფლებია, როცა უდარდელად, ლაღად და ზედმეტი ფიქრის გარეშე ვატარებდით ცხელ დღეებს და მხოლოდ იმ თავგადასავლებზე ვფიქრობდით, რომლებიც მეორე დღეს გველოდა. ზაფხულში დროც კი თითქოს ძალიან ნელა გადის — ეს სიახლეებითა და თავგადასავლებით დახუნძლული სეზონი, რომლის ტემპიც სრულიად განსხვავებულია, ნამდვილად ყველაზე გრძელი და სასიამოვნოა.

ამ სტატიით შევეცდებით, გაგახსენოთ ბავშვობის ზაფხულები და ამ რთულ დროს ცოტა ხნით მაინც დაგიბრუნოთ სილაღის ის შეგრძნება, რაც ასე ძალიან გვენატრება ყველას.

1. მდინარეზე ბანაობა

ფოტო: 36duc/Dribbble

სოფელში გატარებული ზაფხულებიდან ყველაზე ცხადად და მძაფრად, ალბათ, ზაფხულის აუტანელი სიცხისა და ხვატისგან თავის დასაღწევად მდინარისკენ გაშურება გვახსენდება, რომელიც ლამის რიტუალად გვქონდა გამოცხადებული. საბანაოდ წასასვლელად მთელი სამეგობრო ვირაზმებოდით — ჩანთებს ხილით ვავსებდით და მდინარისკენ მიმავალ გზას მხიარულად ვადგებოდით.


2. შემწვარი სიმინდი

ფოტო: Alexey Kuvaldin/Dribbble

მოხარშული სიმინდი ყველას გვიყვარს, მაგრამ ნაკვერჩხალზე შემწვარს სულ სხვა გემო აქვს! რამდენჯერ დაგვწვია სიმწრით გაფცქვნილი სიმინდი, მაგრამ კოცონის გარშემო შემომსხდრებს მაინც გვიჭამია, რადგან ბავშვობის ზაფხული შემწვარი სიმინდის გარეშე წარმოუდგენელია.


3. ციცინათელები

ფოტო: Paris Coyne/Dribbble

ციცინათელები ბოლოს როდის ნახე? გახსოვს სოფელში შუა ღამისას ციცინათელებით განათებული ეზო? ალბათ, ერთხელ მაინც გიცდია მათთან მიახლოება და ამ მოციმციმე არსებებზე დაკვირვება.

4. წრეში ბურთი

ფოტო: Lana Marandina/Dribbble

წრეში ბურთის გარეშე ეს სია ნამდვილად ვერ იქნებოდა სრულყოფილი. უამრავი თამაშიდან სწორედ ეს თამაში იყო ის, რომელსაც ყველაზე დიდი კამათი მოყვებოდა — ყველას უნდოდა არჩევანის გუნდში ყოფილიყო, არადნობაზე კი ცხვირს იბზუებდნენ! იმის მტკიცებაში კი, ნამდვილად მოხვდა თუ არა ბურთი წრეში მდგომს, ზოგჯერ მთელი საღამოც გადიოდა.

5. წიგნების კითხვა

ფოტო: Deborah/Dribbble

ზაფხულში სკოლისგან გათავისუფლებულებს ხშირად დაგვზარებია წიგნის გადაშლა, მაგრამ "პეპი გრძელიწინდა" და "კარლსონი" ბევრმა ჩვენგანმა სწორედ ზაფხულის არდადეგების დროს გავიცანით. შუადღეს, ნასადილევზე, ჰამაკში გაწოლილები ჯადოსნურ სამყაროებში ვმოგზაურობდით და ცოტა ხნით ვივიწყებდით ზაფხულის სიცხეს.

6. წუწაობა

ფოტო: Sunayna Dey (keeedakari)/Dribbble

აუზსა და მდინარეზე გაგრილება ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელი გასართობია, თუმცა ბავშვობაში წყლის თოფებითა და ბოთლებით წუწაობას ვერაფერი შეედრებოდა. ორ ჯგუფად დაყოფა და ერთმანეთზე წყლით თავდასხმა ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო თავგადასავალი იყო.

7. ნაყინის მანქანა

ფოტო: Kelci Jun/Dribbble

ნაყინი რომ ზაფხულში ყველაზე კარგი გასაგრილებელი საშუალებაა, ამაზე ბევრი დავა არ გვჭირდება. ნაყინის მანქანისთვის ლოდინი ცოტათი მტანჯველი, ხოლო მისი ხმის გაგონება უსაზღვრო ბედნიერების მომტანი იყო.

8. ჭიაკოკონობა

ფოტო: Jean-Michel Perchet/Dribbble

შეშის, ფიჩხისა და საბურავების ყველა კუთხე-კუნჭულიდან მოგროვება, შებინდებისთვის ლოდინი და მზადება ყველაზე დიდი ნახტომის შესასრულებლად — ეს ჭიაკოკონობაა, რომელსაც ყოველ წელს, აგვისტოს მიწურულს ავღნიშნავდით. კოცონის დანთება ერთი დიდი ხათაბალა იყო, აგიზგიზებულ ცეცხლზე გადახტომა კი არც ისე უსაფრთხო, თუმცა ეს "დღესასწაული" ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ.

9. ზაფხულის ხილი

ფოტო: Moy Lee/Dribbble

ჩაციებული საზამთრო, მარილიანი ნესვი, მოვარდისფრო ატამი, მწიფე მარწყვი და წვნიანი ბალი — ამ ხილის გარეშე ზაფხული ნამდვილად წარმოუდგენელია. ალბათ ყველას გვიოცნებია უკურკო საზამთროზე ან ერთხელ მაინც გვიჩხუბია იმაზე, თუ რამდენად უხდება ნესვსს მარილი — ბავშვობის ზაფხულის რაციონი ძირითადად მხოლოდ ხილისგან შედგებოდა, რომელიც მუდამ ერთი ხელის გაწვდენაზე გვხვდებოდა.

10. საზაფხულო სიყვარული

ფოტო: sophie tsankashvili/Dribbble

სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც მუდმივია, ხოლო პირველი სიყვარული ის განცდაა, რომელიც წლების განმავლობაში გვახსოვს. ზოგ ჩვენგანს პირველად სოფელში, არდადეგებზე შეუყვარდა, ზოგს კი ქალაქში, სადაც ზაფხულობით გასართობის ნაკლებობას ყველანი ვუჩიოდით — მაგრამ ის ემოციები და "პეპლები" დღემდე ტკბილად გასდევს ჩვენი ზაფხულის მოგონებებს და სულ ჩვენთანაა.