პარტნიორის კონტენტი

რა სიახლეები ექნება სულაკაურის გამომცემლობას თბილისის წიგნის ფესტივალზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

ლუმოს! მოემზადე, ჯადოქრობა იწყება!

წიგნის ფესტივალზე მოდიხარ? რა თქმა უნდა, მოდიხარ, ამას ალბათ კითხვაც არ სჭირდება. ეს სტატია თუ გახსენი, იმას ნიშნავს, რომ ახალი გამოცემებიც გაინტერესებს. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე 24-ედ გაიმართება, თანაც, პანდემიის შემდეგ, სრული მასშტაბით. ამდენად, წიგნის მოყვარულებს წინ ნამდვილად ბევრი სიურპრიზი გველოდება. ტრადიციულად, სიახლეებით გამოირჩევა სულაკაურის გამომცემლობა, რომელმაც გადაწყვიტა, ახალი გამოცემებით სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე მკითხველები გაენებივრებინა.

თუკი წიგნის ფესტივალზე სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან ოდესმე აღმოჩენილხარ, გეცოდინება, რომ მას მთლად სტენდი არ ეთქმის — ეს გამოყოფილი მოზრდილი სივრცეა, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა ხოლმე. ამიტომ, აჯობებს, ზუსტად იცოდე, სად რა უნდა ეძებო; ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ — სად რა დაგხვდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ, წლევანდელი ფესტივალისთვის სულაკაურის გამომცემლობის სიახლეები გაგაცნოთ და ერთგვარი გზამკვლევი მოგიმზადოთ.

ილუსტრირებული საბავშვო წიგნები

ეს, წესით, ყველაზე პატარა მკითხველებისთვის განკუთვნილი კატეგორიაა. თუმცა, თუ შვილისთვის ან ახლობელი ბავშვისთვის ეძებ საჩუქარს, ან, უბრალოდ, დღემდე გულით გიყვარს "ნახატებიანი წიგნები", შეგიძლია, კითხვა ინტერესით განაგრძო.

ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ტოპო-ტიპისა და პადინგტონის შეყვარება თუ უკვე მოასწარი, დროა, ცალწინდა ყვანჩალა გაიცნო, რომელსაც, ჩიტის მოტანილ ამბებს თუ დავუჯერებთ, მთელი ტყე ჰყოლია შეწუხებული. ბუტიაა და მატყუარა, არც მეგობრების სათამაშოების მოპარვას დაგიდევთ რამედო, ამბობენ. თუმცა, თითქმის ყოველთვის ნანობს საკუთარ საქციელს და მეტიც — გამოსწორებას ცდილობს, ამიტომ, ეჭვად გვაქვს, მისი გაცნობა მართლაც ღირს.

წიგნში ოთხი ამბავია თავმოყრილი და დარწმუნებულები ვართ, პატარა მკითხველები მისით ნამდვილად ისიამოვნებენ. ჩიტმა კიდევ ისიც გვითხრა, მომავალი მეგობრებისთვის, ანუ ფესტივალზე მოსული ბავშვებისთვის, ცალწინდა ყვანჩალა წინდების გამოგზავნასაც აპირებსო, ამიტომ, მგონი, ამ ამბის გამოტოვებაც არ ღირს.


ტოპო-ტიპი და მეგობრები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ცალწინდასგან განსხვავებით, ტოპო-ტიპის საგანგებოდ წარდგენა ალბათ არაა საჭირო, რადგან პატარები მას უკვე კარგად იცნობენ. ტოპო-ტიპი და მეგობრები ონავარ თაგუნაზე დაწერილი მესამე წიგნია, სადაც ხუთი ამბავია გაერთიანებული. პატარა თაგუნა აქ თავადვე გაგვაცნობს თავის მეგობრებს, რომელთაც, სიმართლე ითქვას, მთლად კარგად არ ექცევა. საბავშვო ბაღში ტოპო-ტიპი თურმე ძუნწობს და თავის სათამაშოებს არავის ათხოვებს. თუმცა, თაგუნას ჭირვეული ხასიათის მაგალითით პატარები მიხვდებიან, რომ მარტო თამაში მართლაც მოსაწყენია.

პოპის და სემის საყვარელი ზღაპრები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ტოპო-ტიპისა არ იყოს, პატარა მკითხველები პოპის და სემისაც კარგად იცნობენ უკვე. თუმცა, ალბათ არ ეცოდინებათ, რომ ამ პერსონაჟებს მათ მსგავსად უყვართ კონკია, წითელქუდა და კიდევ სხვა ბევრი ცნობილი ზღაპარი. ამ წიგნში სწორედ პოპისა და სემის საყვარელ ზღაპრებს მოეყარათ თავი, მაგრამ მათი კითხვისას დარწმუნდები, რომ ეს ამბები იმათ არ ჰგავს, შენ რომ გიყვებოდნენ. სამი გოჭიდან სამ დათვამდე — გამოცემა 6 ზღაპარს აერთიანებს, ყოველ ნახატში კი, პოპისა და სემის სხვა წიგნების მსგავსად, პატარა იხვი იმალება, რომელიც ბავშვებმა უნდა იპოვონ. ისე, ესეც საფრთხილო საქმეა — კვლავაც ჩიტის ამბებს თუ ვენდობით, ზღაპრებს შორის რუხი მგელი დაეხეტებაო...

საბავშვო წიგნები

ამ კატეგორიაში ბევრი სიახლეა ბავშვებისთვის, რომლებსაც უქმეებსა და არდადეგებზე წიგნების კითხვას არაფერი ურჩევნიათ. სიახლეა ისიც, რომ მათი საყვარელი სერია მოსწავლის ბიბლიოთეკა უკვე განახლებული დიზაინით გამოიცემა.

მოკლე კატოს თავგადასავალი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ზაირა არსენიშვილს უფროსი მკითხველი უკვე კარგად იცნობს — სულაკაურის გამომცემლობამ მწერლის სამი რომანი და მოთხრობების ერთი კრებული გამოსცა. თუმცა, ბევრისთვის საყვარელმა ავტორმა ერთი საბავშვო ნაწარმოებიც დაგვიტოვა, რომელიც პირველად ასევე წლების წინ გამოიცა. ახლა კი კატოს უკვე სხვა ბავშვებიც გაიცნობენ და მასთან ბევრ საერთოს იპოვიან — მაგალითად, ნაყინის ან ზღაპრების სიყვარულს და იმასაც, რომ ეს ზღაპრული სამყარო ხშირად ჩვენ თვალწინ ცოცხლდება.

მოკლე კატოს თავგადასავალიც ზღაპარია და ავტორის ოსტატობაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. ამასთან, თათია ნადარეიშვილის ფანტასტიკური ილუსტრაციები ამბავს კიდევ უფრო მეტ ჯადოსნობას სძენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნი ხელმისაწვდომი იქნება როგორც რბილყდიან, ასევე მაგარყდიან გამოცემებად.

ჩვენც სალტკროკელები ვართ

ზაფხული ახლოვდება და შორეულ კუნძულებსა და ფიორდებზე ვინ გვამოგზაურებს, თუ არა ბებია ასტრიდი. ამ წიგნში ჯადოქრობა არ არის, მაგრამ ჯადოსნური ამბები ხდება — ზუსტად ისეთი, მერე, ბევრი წლის შემდეგ, ზაფხულის საღამოს კოცონის გარშემო რომ გაიხსენებ. სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი ისტორია მელკერსონების ახალსახლობის ამბავზე მოგვითხრობს ერთ შვედურ კუნძულზე, სადაც მეგობრული ხალხი ცხოვრობს. და მნიშვნელობა არ აქვს, ამ წიგნს სად წაიკითხავ: მთაში, ზღვაზე თუ სულაც საკუთარ აივანზე — დარწმუნებული იყავი, რომ წინ დაუვიწყარი საზაფხულო მოგზაურობა გელის.

დოგმენი: ახალი გმირობები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

დოგმენი უკვე ბევრმა ბავშვმა გაიცნო. ნახევრად ძაღლი, ნახევრად კი ადამიანი გამომძიებელი ამერიკელი მხატვრისა და ავტორის, დეივ პილკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირია. ახალი გმირობები კომიქსების სერიის მეორე წიგნია, რომელიც კიდევ უფრო დაუჯერებელ ისტორიას მოგვითხრობს.

მიუხედავად იმისა, რომ დოგმენის ფანების დიდი ნაწილი ბავშვია, კომიქსებმა ყველა ასაკის მკითხველი მოხიბლა და მსოფლიოში მისი მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. მიმდინარეობს მუშაობა კომიქსების მიხედვით გადაღებულ ანიმაციურ ფილმზეც.

კაპიტანი ტრიკო

ასევე დეივ პილკის შექმნილი, თუმცა, ქართველი მკითხველისთვის ჯერჯერობით უცნობი გმირია კაპიტანი ტრიკო. იგი, რეალურად, მეოთხეკლასელი ჯორჯისა და ჰაროლდის სკოლის დირექტორია, რომელიც ბიჭებმა თავიანთი უცნაური კომიქსების პერსონაჟად აქციეს. კაპიტანი ტრიკოს კომიქსების სერია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნების ნაკრებია, რომელიც 20-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და 80 მილიონ ეგზემპლარადაა მსოფლიოში გაყიდული. წიგნების მიხედვით 2017 წელს ანიმაციური ფილმიც შექმნეს.

დეტექტივი სკალდაგერი: ცეცხლთან თამაში

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

საბავშვო დეტექტივი, ფენტეზი და სათავგადასავლო ჟანრი — უკეთესი რა საკითხავი უნდა ინატროს თანამედროვე მოზარდმა?! დეტექტივი სკალდაგერი და მისი თანაშემწე სტეფანი ახალგაზრდა მკითხველებმა სერიის პირველი წიგნით უკვე გაიცნეს, თუმცა, მეორე ნაწილში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, ამბები კი — იხლართება. ამის მიუხედავად, სუპერგმირად ქცეული დეტექტივის ხელში არც ბოროტმოქმედების უნდა გვეშინოდეს და არც ჩახლართული ისტორიის; მით უმეტეს, რომ ირლანდიელი მწერალი, დერეკ ლენდი, თხრობის ნამდვილი დიდოსტატია. ამაზე მოწმობს სერიის პოპულარობა და მისი 5 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარი.

სკანდარი და ცალრქის ქურდი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, სკანდარი და ცალრქის ქურდი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენაა, იმის მიუხედავად, რომ წიგნი საბავშვო რომანია. ინგლისელი მწერლის, ანაბელ სტედმენის სადებიუტო ფენტეზი ნაწარმოები ჯერ კიდევ გამოცემამდე გაიყიდა 40-მდე ქვეყანაში, აპრილის თვის მიწურულს კი ერთდროულად გამოიცა 23 ენაზე, მათ შორის, ქართულად. გამომცემელმა ავტორს წინასწარ გადაუხადა შვიდნიშნა რიცხვით გამოსახული ჰონორარი. დაახლოებით, ასეთივე ფასად გაიყიდა წიგნის ეკრანიზაციის უფლება. მხოლოდ აშშ-ში წიგნის პირველადმა ტირაჟმა წარმოუდგენელი რიცხვი, 250 ათასი, შეადგინა. მკითხველების ნაწილმა კი, ნაწარმოები, რომელიც უკვე საქართველოშიც იქცა ბესტსელერად, "მომავალ ჰარი პოტერად" მონათლა.

წიგნები უფროსებისთვის

ეს კატეგორია, როგორც წესი, ჟანრობრივად უფრო მრავალფეროვანია და ამიტომ, სხვადასხვა გემოვნების მკითხველზეა ხოლმე გათვლილი. თუმცა, აქ ისეთი წიგნებიც აღმოჩნდნენ, რომელთაც განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები დიდხანს ელოდნენ.

ვარდის სურნელი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

წიგნი, რომელსაც მკითხველი მართლაც დიდხანს ელოდა, ზაზა ბურჭულაძის ვარდის სურნელია. მათმა დიდმა ნაწილმა კონკრეტულად ამ წიგნის შესახებ, ცხადია, არაფერი იცოდა; თუმცა, ცნობილი ქართველი პოსტმოდერნისტი მწერლის სახელი კაი ხანია, ახალი გამოცემების თაროზე არ შეგვხვედრია, ამიტომ, ბურჭულაძის შემდეგი წიგნის მოლოდინი ნამდვილად დიდი იყო. გამომცემლობის შეფასებით "თუ ნიცშეს ზარატუსტრა არის წიგნი ყველასთვის და არავისთვის, ვარდის სურნელი არის წიგნი არავისთვის და ყველასთვის". რომანი, "რომლის არომატიც არასდროს არაფერში აგერევა", უკვე იქცა ბესტსელერად. სხვათა შორის, შეგიძლიათ ნახოთ უახლესი ინტერვიუც ავტორთან, სადაც იგი თავის ახალ წიგნსაც განიხილავს.

ზღვა და ალუბლები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ზაზა ბურჭულაძისგან განსხვავებით, მკითხველთა ფართო წრე ალბათ მაინც ნაკლებად იცნობს გიორგი სოსიაშვილსა და მის შემოქმედებას. არადა, მწერალი, რომელიც, ამავდროულად, ისტორიკოსი და გორის უნივერსიტეტის რექტორია, არაერთხელ გამხდარა ლიტერატურული პრემიების ლაურეატი, გასულ წელს კი, საერთოდაც, საბა გადაეცა საუკეთესო პროზაული კრებულისთვის. მაშინ პრემიის ჟიურის წევრმა, დავით გაბუნიამ, თქვა, რომ კრებულში იყო "ქართული მოთხრობის საუკეთესო ტრადიციებში დაწერილი ტექსტები". ეს ტექსტები უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც წაიკითხეს, ამჯერად კი, დრო მოვიდა, ქართველმა მკითხველმა სოსიაშვილის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ოთხი მოთხრობა გაიცნოს კრებულში ზღვა და ალუბლები.

კომანდორის მკვლელობა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

დაბოლოს — რა თქმა უნდა, არც წლევანდელი ფესტივალი ჩაივლის ახალი თარგმანების გარეშე. ჰარუკი მურაკამი ისედაც მიიჩნევა ქართველი მკითხველის ერთ-ერთ საყვარელ ავტორად, ამიტომ მას განსაკუთრებული წარდგენა არც სჭირდება. სულაკაურის გამომცემლობა ამჯერად მწერლის (ჯერჯერობით) ბოლო რომანს გვთავაზობს, რომელიც 2017 წელს გამოიცა. მოზრდილი წიგნი (766 გვერდი!) მხატვარზე მოგვითხრობს, რომელსაც ამბის დასაწყისში ცოლი ტოვებს. ამბით შეძრული ხელოვანი შემოქმედებით საქმიანობას წყვეტს და მოგზაურობას იწყებს. მასთან ერთად კი ამ გზას, რომელიც მურაკამისეული მაგიური რეალიზმითაა გაჯერებული, მკითხველიც ადგება. აღსანიშნავია, რომ კომანდორის მკვლელობას მკითხველი მწერლის სამშობლოშიც ისე ელოდა, რომ პირველადმა ტირაჟმა იაპონიაში მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.

სხვა საფესტივალო სიახლეები სულაკაურის გამომცემლობისგან

წელს სულაკაურის გამომცემლობის წიგნები, ტრადიციული მე-11 პავილიონის გარდა, მე-6 პავილიონშიც დაგხვდებათ, სადაც საბავშვო ილუსტრირებული ლიტერატურის გამოფენა გაიმართება.

გამომცემლობა სტუმრებს ორივე პავილიონში არაერთი საინტერესო ღონიძიებით გაანებივრებს:

მე-11 პავილიონში შაბათს, 28 მაისს, 13:20 – 14:00 საათზე კამპანიის #მადლობამასწავლებელო ფარგლებში სულაკაურის გამომცემლობის რჩეული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართება.

იმავე პავილიონში კვირას, 29 მაისს, 13:50 – 14:10 საათზე კი ა.ფ. სტედმენის წიგნის, სკანდარი და ცალრქის ქურდი წარდგენას შეგიძლიათ დაესწროთ. წიგნზე მთარგმნელი ნიკა სამუშია და ნატო დავითაშვილი ისაუბრებენ.

მე-6 (საბავშვო) პავილიონში ხუთშაბათს, 26 მაისს, 14:00 – 15:00 საათზე გაიმართება ვორქშოპი ბავშვებისთვის, ზაირა არსენიშვილის მოკლე კატოს თავგადასავლის ილუსტრატორთან, თათია ნადარეიშვილთან ერთად.

ხოლო კვირას, 29 მაისს, 13:00 – 14:00 საათზე გიორგი ლიპარიშვილი გაუძღვება ვორქშოპს ბავშვებისთვის თემაზე — როგორ შევქმნათ მინიატურული წიგნები?

ვოქრშოპებში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და ამისთვის უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც მალე გამომცემლობის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება.

სულაკაურის გამომცემლობას კარგი ამბავი აქვს მათთვისაც, ვინც ფესტივალზე მოსვლას ვერ ახერხებს. მათ საფესტივალო ფასდაკლებით სარგებლობა ვებსაიტზე www.sulakauri.ge შეუძლიათ.

წიგნის ფესტივალზე სულაკაურის გამომცემლობის სტენდებს 26-29 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-11 და მე-6 პავილიონებში 11:00-დან 20:00-მდე შეგიძლიათ ესტუმროთ. მანამდე კი დაათვალიერეთ გამომცემლობის ვირტუალური კატალოგი და თვალი ადევნეთ გამომცემლობის სიახლეებს ამ ბმულზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ხილი გამოცანით და მის ერთ დადებით თვისებას გეტყვით
  2. მიხეილ ჯავახიშვილის 10 ფრაზა, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს
  3. ქვიზი: რომელი ქართული დამწერლობა ხარ?
  4. ანჯელინა ჯოლი წითელ ხალიჩაზე უმცროს შვილთან ერთად გამოჩნდა — ნახეთ ფოტოები
  5. ის წელი, ევროვიზიის მოგებას რომ ვიმსახურებდით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა წითელი საღებავებით გადაღებეს

ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის ღობეზე, ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ბანერები…