ნახეთ ვიდეო — მეტეორმა ნორვეგიის ცა გაანათა და ოსლოდან 65 კილომეტრში ჩამოვარდა
კვირას, ნორვეგიის ცა საკმაოდ დიდმა მეტეორმა გაანათა.
დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცათ დაენახათ მეტეორის მიერ განათებული ცა და მოესმინათ ბუნებრივი ხმისთვის, რომელიც მეტეორის ატმოსფეროში შემოსვლას, დაწვასა და ბოლოს დაცემას ახლავს თან. მეტეორმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოსთან საკმაოდ ახლოს ჩაიფრინა და მისი დანახვა აქედანაც იყო შესაძლებელი.
The Norwegian Meteor Network (NMN)-ის თქმით, მათ ამ ფაქტის ამსახველი რამდენიმე ვიდეო გაანალიზეს და დაადგინეს, რომ მეტეორი პირველად ოსლოდან 88 კილომეტრის მოშორებით გამოჩნდა და გზა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გააგრძელა, შემდეგ კი რამდენიმე ნაწილად დაიშალა.
"მეტეორი 25 ივლისს, ღამის პირველ საათზე გამოჩნდა და მისი დანახვა დაახლოებით 5 წამის განმავლობაში იყო შესაძლებელი", — ამბობს NMN.
NMN-ს უამრავი კამერა აქვს, რომლებიც ცის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახდენენ. მათი თქმით, დამკვირვებლები ფაქტს შეუიარაღებელი თვალითაც იდეალურად ხედავდნენ და მეტეორის გამაყრუებელი ყმაც კარგად ისმოდა.
NMN-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეტეორი ოსლოდან 65 კილომეტრში, ფინემარკაში, ტყიან ადგილას ჩამოვარდა.
ახლოს მყოფი დამკვირვებლების თქმით, მათ განათებული ცისა და გამაყრუებელი ხმის გარდა, დავარდნით გამოწვეული დარტყმის ტალღაც იგრძნეს.
ადგილობრივი უწყებების თქმით, მეტეორის ჩამოვარდნით არავინ დაშავებულა და არც მსხვერპლი ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, რუსეთში, ჩელიაბინსკის მახლობლად ჩამოვარდნილმა მეტეორმა იმდენად ძლიერი დარტყმის ტალღა გამოიწვია, რომ ქალაქის შენობების შუშები დაიმსხვრა და დაშავდა 1 200-მდე ადამიანი.
კომენტარები