ოლიმპიური სპორტის 5 სახეობა, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ
ოლიმპიური თამაშები გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული შეჯიბრება. აქ ერთი სპორტსმენის გამარჯვება მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. სწორედ ამიტომ, ამ სანახაობისთვის ოლიმპიური სპორტის სახეობის წარმომადგენლები განსაკუთრებულად ემზადებიან და ჩვენც დიდი ემოციებით ვგულშემატკივრობთ.
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში ტარდება. გახსნის ცერემონია უკვე გაიმართა, სადაც საქართველოს გუნდის მედროშეებად ოლიმპიური ჩემპიონები — ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე გამოვიდნენ. წელს საქართველოს სახელით სპორტის 12 ძირითად სახეობაში 35 სპორტსმენი იასპარეზებს.
სტატიის მომდევნო ნაწილში გიყვებით ოლიმპიური სპორტის 5 სახეობაზე, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ:
1. ძიუდო
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდიდან ყველაზე მეტი, 9 სპორტსმენი ძიუდოშია წარმოდგენილი — ეს ნამდვილად არის სპორტის ის სახეობა, რომელშიც ჩვენი სპორტსმენები ბრწყინავენ.
საქართველოს ძიუდოს გუნდში არიან ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი — ლაშა შავდათუაშვილი და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი — ვარლამ ლიპარტელიანი.
ჯამში, საქართველოს სპორტის ამ სახეობაში 17 ოლიმპიური პრიზიორი ჰყავს. რაც შეეხება უახლოეს ისტორიას, უნდა გამოვარჩიოთ 2008 წელს ირაკლი ცირეკიძის გამარჯვება და 2004 წელს ზურაბ ზვიადაურის ტრიუმფი, როდესაც ამ სპორტსმენებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
წელს საქართველოს ძიუდოს გუნდში 2 ქალი სპორტსმენიცაა: ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი და ეთერ ლიპარტელიანი.
2. ძალოსნობა
ლაშა ტალახაძე, ანტონ პლესნოი, შოთა მიშველაძე და გოგა ჩხეიძე — ეს სპორტსმენები წელს საქართველოს ძალოსანთა ოლიმპიურ გუნდს წარმოადგენენ.
ოლიმპიადების ისტორიაში საქართველოს ამ სახეობაში სულ 4 ჩემპიონი და 3 პრიზიორი ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი — რიო 2016-ის ტრიუმფატორი, ლაშა ტალახაძე წლევანდელ ოლიმპიადაზეც ასპარეზობს.
ტალახაძე სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრის ფარგლებში 28 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელია. საკუთარი კარიერის განმავლობაში ქართველმა გოლიათმა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რამდენიმე თვის წინ ტალახაძემ საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესა და ატაცში 222 კილოგრამი დაიმორჩილა — ის მიმდინარე ოლიმპიადაზე ერთ-ერთი ფავორიტია.
3. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ოლიმპიური სპორტის ამ სახეობაში წელს საქართველოდან 4 წარმომადგენელი ასპარეზობს: რამაზ ზოიძე, ლაშა გობაძე, გიორგი მელია და იაკობ ქაჯაია.
ჭიდაობის ამ სახეობაში ქვეყანას სულ 5 ოლიმპიური ჩემპიონი და 9 პრიზიორი ჰყავს. 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბოლო ოქროს მედალი კი მანუჩარ კვირკველიას ანგარიშზეა — ის ოლიმპიური ჩემპიონი 2008 წელს პეკინში გახდა.
ჭიდაობას საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ოლიმპიურ თამაშებზე პირველ წარმატებას 1956 წელს გივი კარტოზიამ (ოქრო) და რომან ძნელაძემ (ბრინჯაო) მიაღწიეს.
4. მძლეოსნობა
მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში წელს საქართველოდან 5 სპორტსმენი ასპარეზობს:
- გიორგი მუჯარიძე — ბირთვის კვრა;
- ლაშა ღულელაური — სამხტომი;
- სოფიკო შათირიშვილი — ბირთვის კვრა;
- ბენიკ აბრამიანი — ბირთვის კვრა;
- ბაჩანა ხორავა — სიგრძეზე ხტომა;
ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს სპორტის ამ სახეობაში სულ 7 პრიზიორი ჰყავდა, საიდანაც 3 ქალი იყო. მძლეოსნობაში ოლიმპიურ ჩემპიონებს შორის ხაზგასასმელია ვიქტორ სანეევის მიღწევები, რომელმაც ქვეყანას სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა.
ასევე აღსანიშნავია ოლიმპიური ჩემპიონის, რობერტ შავლაყაძის სახელი, რომელმაც 1960 წლის ოლიმპიადაზე სიმაღლეზე ხტომაში ოქროს მედალი მოიპოვა.
5. თავისუფალი ჭიდაობა
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 18 ოლიმპიური პრიზიორი ჰყავს. აქედან ერთი, 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, გენო პეტრიაშვილი წელსაც მონაწილეობს ამ შეჯიბრებაში. მასთან ერთად თავისუფალი ჭიდაობის გუნდში არიან ავთანდილ კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც 4 წლით ადრე, ლონდონში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სპორტის ამ სახეობაში ორ ოლიმპიურ ოქროს ფლობს ლევან თედიაშვილი, რომელმაც გამარჯვება 1972 და 1976 წლებში მოიპოვა. სხვადასხვა დროს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი საქართველოს სახელით მოასპარეზე კიდევ 5 სპორტსმენს აქვს მოპოვებული — ეს სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ჩვენი სპორტმენები განსაკუთრებით გამოირჩევიან.
გარდა ჩამოთვლილი სპორტის სახეობებისა, წელს საქართველოდან კიდევ რამდენიმე სპორტსმენი ასპარეზობს. მათ შორის არის მიზანში მსროლელი, ოლიმპიური ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი — ნინო სალუქვაძე. ის ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზა.
ასევე, მიმდინარე ოლიმპიადაზე ასპარეზობენ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა და სხვები.
დიახ, ოლიმპიური თამაშები გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული სანახაობა. როგორც სპორტსმენები ამბობენ, ამ დროს გულშემატკივრობას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ასე რომ, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაზე.
კომენტარები