რაკეტების გაშვების უარყოფითი მხარე და მილიარდერების პასუხი კლიმატის კრიზისზე
მილიარდერების კოსმოსური რბოლა ერთგვარ საფუძველს ქმნის მზარდი კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიისთვის. დღეს კოსმოსისკენ იმაზე მეტი ადამიანი იკვალავს გზას, ვიდრე ოდესმე. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, ამ სექტორის განვითარებასთან ერთად, მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამავდროულად, როგორც Guardian იუწყება, უკვე ფართოდ გავრცელებული რაკეტების გაშვება გარემოს საკმაოდ ძვირად უჯდება.
იმისთვის, რომ რაკეტამ დედამიწის გრავიტაციას დააღწიოს თავი, მან უდიდესი რაოდენობის საწვავი უნდა გამოიყენოს. ეს ფასი კი დედამიწამ მხოლოდ იმისთვის უნდა გადაიხადოს, რომ Virgin-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ ბრენსონმა და მისნაირებმა უწონადობაში 4 წუთით შეძლონ ლევიტაცია.
ასევე იხილეთ: კოსმოსური ტურიზმი რეალური ხდება — მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი კოსმოსში პირველად გაფრინდა
ადრინდელზე უფრო მეტი ადამიანი მოითხოვს მილიარდერებისგან კოსმოსში ერთდღიანი ტურების მოწყობას მაშინ, როცა ამ უკანასკნელებს შეუძლიათ საკუთარი უზარმაზარი ფულადი რესურსები კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში გამოიყენონ.
"ერთი გრძელი საჰაერო ფრენისას თვითმფრინავი ატმოსფეროში ერთ მგზავრზე 1-დან 3 ტონამდე ნახშირორჟანგს გამოყოფს", — განუცხადა Guardian-ს ელოის მერეიმ, ფიზიკური გეოგრაფიის ასოცირებულმა პროფესორმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან. სანაცვლოდ, ერთი რაკეტის გაშვება მხოლოდ 4 მგზავრის ფრენისთვის 200-300 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფს გარემოში.
ამ ყველაფერს კი ის ფაქტი აუარესებს, რომ გაფრქვეული აირები ზედა ატმოსფეროში გროვდება, სადაც ისინი წლების მანძილზე რჩებიან. რაკეტები, ნახშირორჟანგთან ერთად, საწვავისა და მეთანის წვის შედეგად სხვა მავნე აირებსაც გამოყოფენ, რამაც, შესაძლოა, ოზონის შრეს მიაყენოს ზიანი.
საბედნიეროდ, რაკეტის გაშვება გლობალური დამაბინძურებლების სიაში ჯერ საკმაოდ დაბალ ადგილზეა. საშუალოდ, ყოველდღიურად 100 000 ფრენა ხორციელდება თვითმფრინავებით, NASA-ს მიხედვით კი, გასულ წელს ორბიტაზე ასვლას 114 რაკეტა შეეცადა.
კოსმოსში გაშვების ხარჯები ყოველწლიურად იკლებს, თუმცა ეს მხოლოდ დროის ამბავია და კოსმოსური ტურიზმი აყვავებასთან ერთად, სავარაუდოდ, ყველაფერი შეიცვლება.
"ამჟამად არ გვაქვს არანაირი რეგულაციები რაკეტის ემისიებთან დაკავშირებით", — უყვება Guardian-ს მერეი. "მოქმედების დრო ახლაა — სანამ მილიარდერები თავიანთი ბილეთების ყიდვას განაგრძობენ".
კომენტარები