მედიის პროტესტის მეორე დღე — ფოტორეპორტაჟი აქციიდან
პარლამენტთან მეორე დღეა ჟურნალისტების აქცია იმართება. მედიის წარმომადგენლები ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. ნაცვლად მოთხოვნის შესრულებისა, დღეს პრემიერმინისტრმა ისინი ანტიეროვნულ ქმედებებსა და სპეკულაციებში დაადანაშაულა; შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი თქვა, რომ ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, ოპერატორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ზედოზირებაა.
მედიის პროტესტს საკმაოდ ბევრი ადამიანი უერთდება. მათი საერთო წუხილი ლექსო ლაშქარავაზე განხორციელებული ძალადობის შედეგებია.
აქციაზე პოლიტიკური განცხადებები არათუ პოლიტიკოსების, არამედ ჟურნალისტების მხრიდან ისმის. ქვეყანაში, სადაც პრემიერმინისტრი ამბობს, რომ კრიზისი არ გვაქვს, მთავრობის გადადგომას მედია ითხოვს.
აქციაზე საერთო ინტერესებისა და მიზნების, თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო, მრავალფეროვანმა საზოგადოებამ მოიყარა თავი. მათთან ერთად იდგნენ დაშავებული ჟურნალისტები და ოპერატორებიც — ზოგი სოლიდარობის ნიშნად, ზოგიც გასაშუქებლად.
სიტყვით გამოდიოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მედიასთან ერთად ითხოვდნენ დამნაშავეების დასჯას.
- მოციქულები არიან ქრისტეს ჟურნალისტები და მათ შეცვალეს სამყარო — დეკანოზი ზაზა
- ქრისტიანობა არის სილაღე, თავისუფლება და თუ ქრისტიანობაზე ვდებთ თავს, ეს ქვეყანა თავისუფლებისა და სილაღისაა — გოცირიძე
- ბუღაძე: ნუ მანიპულირებენ რელიგიური და ეკლესიური თემებით ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ!
აქციის დაწყებიდან მალევე აქტივისტების სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
საგულისხმოა, რომ ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეების მიერ პარლამენტთან დატოვებულ ჯვარს არავინ ეხება, თუმცა მაინც დიდი ოდენობით პოლიციელი იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯვარი გარკვეულწილად იმ ძალადობის შედეგია, რაც 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელდა, კონსტრუქციას არ იღებენ. ორგანიზატორები ამას იმით ხსნიან, რომ ამ ქვეყანაში ვინმე მაინც უნდა იქცეოდეს ქრისტიანულად, სახელმწიფო კი საერთოდ დუმს.
შეკრებილები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს შსს-ს ბრიფინგს, სადაც შუალედური ექსპერტიზის შედეგი გამოცხადდა. უწყების განცხადებას პროტესტი მოყვა. რის შემდეგაც, საღამოს 10 საათისთვის აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისისკენ წავიდნენ, სადაც მათ რკინის ჯებირებითა და დიდი ოდენობით პოლიციელებით დახვდნენ.
აქტივისტებმა რამდენიმე სტენსილის გაკეთება სცადეს, რასაც სამართალდამცავების წინააღმდეგობა მოყვა. მათ შენობას კვერცხები და საღებავები ესროლეს. ადგილზე 12 პირი დააკავეს, მათგან 1 ჟურნალისტია, 2 კი გირჩი — მეტი თავისუფლების წევრი.
- ირაკლი აბსანძის თქმით, დაკავებისას ხელი მოტეხეს
- აქციაზე დაკავებული გირჩის წევრი შეუძლოდ გახდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს — ადვოკატი
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ შესასვლელები გადაკეტა, ქართული ოცნების ოფისთან მისულმა აქტივისტებმა მმართველ პარტიას ადგილზე წარწერა დაუტოვეს.
გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. საღამოს აქცია ისევ განახლდება. ჟურნალისტები და ოპერატორები არ აპირებენ პროტესტი შეწყვიტონ იქამდე, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.
კომენტარები