5 ივლისს მოძალადეობრივი კონტრაქციის მონაწილე ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია On.ge-ს სასამართლოში დაუდასტურეს.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.

6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შუეშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.

ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგაოდებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.