აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დადგინდა
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ, ელექტროენერგიის მოძველებულ ქსელებთან ერთად, ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვების ზრდა გამოიწვია. დეფიციტის შემცირების მიზნით, აფხაზეთის ხელისუფლებამ ელექტროენერგიის ყოველდღიურად გათიშვა დაიწყო.
გრაფიკი აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში 28 ივნისიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით, ელექტროენერგია ღამით ორი საათით ითიშება.
ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა კრიპტომომპოვებლების მომრავლების გამო გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა რამდენიმე მცდელობა აღნიშნული პრაქტიკის შეზღუდვისთვის.
ვიდეოში, რომელიც საიდ ბლაბბამ გამოქვეყნა, ჩერნომორენერგოს ინჟინერ-ელექტრიკოსი ამბობს, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. ჩერნომორენერგო სფხაზეთში ელექტროენერგიის სახელმწიფო მიმწოდებელია.
"ახლა შედარებით შერბილებული გრაფიკია, რადგან ტურისტული სეზონი მიმდინარეობს, სეზონის დასრულების შემდეგ, გრაფიკი გადაიხედება და შეიძლება გამკაცრდეს", — ამბობს საიდ ბლაბბა.
"ამჟამად აფხაზეთი მოიხმარს 6,5 მილიონ კილოვატ საათ ელექტროენერგიას დღეში, რაც გასული წლების დონეს 2,5 მილიონი კილოვატ საათით აღემატება", — თქვა საიდ ბლაბბამ.
აფხაზეთში ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ენგურის კაშხალი და ჰიდროელექტროსადგურია. დამატებითი ელექტროენერგია რუსეთიდან მოდის, მაგრამ უფრო მაღალ ფასებში. საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1978 წელს აშენებული კაშხალი მდინარე ენგურზე, აფხაზეთსა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შორის მდებარეობს.
აფხაზეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში უნდა გადავიდეს.
ამავე დროს, ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიას განცხადებით, აფხაზეთი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ეს შეთანხმებული იყო.
"გასულ წელს აფხაზეთმა დაიწყო ენგურჰესის მიერ წარმოებული ენერგიის 70 %-ის მოხმარება", — ამბობს მებონია.
მებონიას თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება არამდგრადია, რადგან აფხაზეთში მისი ტარიფები წარმოების ხარჯებს არ ფარავს.
ის აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას "უკონტროლოს" უწოდებს.
ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ფასი აფხაზეთში მხოლოდ 0,005 აშშ დოლარია, ხოლო ქართველი მომხმარებლები კვტ/სთ-ში 0,08 დოლარს იხდიან.
მასალა თავდაპირელად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
კომენტარები