ქართული სტარტაპის — Calen.ai-ის გუნდმა Google-ის კონკურსში გაიმარჯვა
გუნდმა საქართველოდან, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნა "ჭკვიანი" ასისტენტი, Google-ის აღიარება დაიმსახურა. საუბარია სტარტაპ Calen.ai-ზე, რომელიც ეხმარება ბრენდებს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კლიენტებთან ურთიერთობის ავტომატიზაციაში. დღეისათვის Calen.ai ემსახურება რამდენიმე ათეულ კლიენტს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ავსტრალიაში.
Google-მა კონკურსი Business Messages Build-an-Agent 2020 წლის მიწურულს გამოაცხადა. მონაწილეებს უნდა შეექმნათ საუკეთესო ჩეთბოტი ახალი არხისათვის Google Business Messages, რომელიც საშუალებას აძლევს პოტენციურ კლიენტებს Google-ში ძიების შედეგების მიღებისთანავე გადავიდნენ ჩატში და დაუყოვნებლივ დაეკონტაქტონ მოძიებულ ბიზნესს, რაც კომპანიას უქმნის ორგანული ტრაფიკის რეალურ კლიენტებად გადაქცევის ახალ შესაძლებლობას.
Сalen.ai სწორედ ამ კონკურსის 21 გამარჯვებულისგან შემდგარ სიაში მოხვდა. უფრო კონკრეტულად კი 9 დემო გამარჯვებულ სტარტაპს შორის. ეს კი ინოვაციური დიზაინის, შეხვედრების დანიშვნისადმი უნიკალური მიდგომისა და სარგებლის გათვალისწინებით მოხდა. სარგებლის, რომელსაც ეს გადაწყვეტა მოუტანს ბიზნესს.
აღსანიშნავია, რომ Google-ის ამ გლობალურ კონკურსში, Build-An-Agent–ის შემმუშავლებლებისათვის, მონაწილეობს Google-ის 200 გლობალური პარტნიორი, რომლებიც ქმნიან და ხორცს ასხამენ ინოვაციურ გადაწყვეტებს Google Business Messages არხის პლატფორმაზე, Google-ის გუნდი კი ირჩევს და აჯილდოებს საუკეთესო გადაწყვეტების ავტორებს.
"ჩვენ, Calen.ai-ს გუნდი, მუდამ ვცდილობთ ინოვაციების დანერგვას და ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებისა და პალტფორმების გამოყენებას. Google Business Messages ყველაზე პერსპექტიული არხია ახალი კლიენტების მოსაზიდად და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენმა გადწყვეტამ Google-ის აღიარება დაიმსახურა. Calen.ai – ეს არის "ჭკვიანი" ასისტენტი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, რომელიც ეხმარება ბიზნესს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მანქანისათვის დამახასიათებელი სისწრაფით, გათვლადობითა და მასშატბირებით გადააქციოს პოტენციურ მყიდველებთან შეხვედრებად", – გვითხრა ირაკლი ბესელიძემ, სტარტაპ Calen.ai-ს დამფუძნებელმა.
Calen.ai-ს ბაზა საქართველოშია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ის ემსახურება კლიენტებს ისრაელში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. სტარტაპი მომხმარებლებს სთავაზობს გადაწყვეტებს ქოლ-ცენტრებისა და SMS-ებისათვის, Google-ასისტენტისა და Amazon Alexa-სთვის, Facebook Messenger-ისათვის, Whatsapp-ის, Viber-ის, Instagram-ის, Telegram-ისათვის და სხვა.
ასევე იხილეთ: როგორ გავაცოცხლოთ ბრენდები ხელოვნური ინტელექტით — ინტერვიუ მარკეტერ ირაკლი ბესელიძესთან
კომენტარები