ყველაფერი, რასაც Apple-ის დღევანდლი ღონისძიებიდან — WWDC 2021-დან უნდა ველოდოთ
Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება WWDC, იგივე Wordlwide Developers Conference, დღეს, ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე გაიმართება.
როგორც შარშან, ღონისძიება წელსაც ციფურლი იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ერთ, იდეალურად დამუშავებულ ვიდეოს ვნახავთ, სადაც ვიხილავთ ყველაფერს, რაც ეფლმა მოგვიმზადა.
წელს ისეთივე მასშტაბის სიახლეს, როგორიც შარშანდელ WWDC 2020-ზე დაანონსებული M1 პროცესორებზე გადასვლა იყო, ალბათ, ვერ ვიხილავთ, თუმცა, როგორც ჩანს, Apple-ს მნიშვნელოვანი სიახლეები ექნება iOS-თან, iPad OS-თან და macOS-თან დაკავშირებით. ასევე, თუ გავრცელებულ ხმებს დავეყრდნობით, სავარაუდოდ, ეფლი ახალ MacBook Pro-ებსაც წარმოგვიდგენს.
სტატიაში მოგიყვებით ყველა იმ სიახლეზე, რასაც დღეს, 9 საათზე Apple-ისგან უნდა ველოდოთ.
iOS 15-ში შეეტყობინებები და iMessage გაუმჯობესდება
iOS 15-ის შესახებ ჩვენ ჯერ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა Bloomberg-ის თქმით, ცვლილებები იქნება შეტყობინებებისა და iMessage-ის მხრივ.
შეტყობინებების კუთხით, ჩვენ შევძლებთ მოვარგოთ ისინი სხვადსახვა სიტუაციებს. ავტომობილის მართვის, სამსახურის ან ძილის რეჟიმები თქვენზე მორგებული იქნება. ასევე, შესაძლებელი გახდება მესიჯებზე ავტომატური პასუხების დაყენებაც.
რაც შეეხება iMessage-ს, როგორც ჩანს, Apple-ს სურს, რომ ის უფრო მეტად დაემსგავსოს სოციალურ ქსელს, რათა კონკურენცია გაუწიოს Facebook-ის WhatsApp-ს. თუმცა, ეს ცვლილებები ჯერ კიდევ ადრეული დეველოპმენტის პერიოდშია და მათ, სავარაუდოდ მოგვიანებით ვიხილავთ.
Apple ასევე გეგმავს, რომ მომხმარებლებს შეატყობინოს, თუ რომელი აპლიკაცია აგროვებს მათზე ინფორმაციას ჩუმად. ეს კიდევ ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცულობის კუთხით.
iPadOS 15-ში ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ. როგორც იცით, ეფლმა სულ ახლახანს M1 პროცესორებზე მომუშავე iPad Pro-ები გამოუშვა. სწორედ ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ iPadOS 15 ახალ პროცესორებს მეტად მოერგება. რაც ვიცით ისაა, რომ შეიცვლება მთავარი ეკრანი და ვიჯეტების ნებისმიერ ადგილას განთავსების საშუალება გვექნება.
MacOS-ის, WatchOS 8-ისა და TVOS 15-ის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ირკვევა, რომ Apple ახალი სისტემის, HomeOS-ის გამოშვებას გეგმას და ის Apple TV-ისთვისა და HomePod Mini-სთვის იქნება განკუთვნილი.
ახალი, დიზაინშეცვლილი Macbook Pro-ები და Apple-ის ახალი პროცესორი
როგორც წესი, Apple WWDC-ზე ახალ ჰარდვეარს არ წარადგენს ხოლმე, თუმცა წელს შეიძლება გამონაკლისი ვიხილოთ. გავრცელებული ხმების მიხედვით, დღეს ჩვენ ახალ MacBook Pro-ებს ვიხილავთ. 18 მაისს, ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ახალ მაკბუქებს ზაფხულის დასაწყისშივე უნდა დავლოდებოდით.
ახალ ლეპტოპებს Apple-ის ახალი პროცესორი ექნებათ, რომელიც პირველი თაობის M1 ჩიპებზე გაცილებით სწრაფი იქნება.
სავარაუდოდ, ლეპტოპებისთვის Apple ორ პროცესორს წარადგენს. ორივეს 8 მაღალი წარმადობის მქონე და ორი ენერგოეფექტური ბირთვი ექნება, GPU კი 16 ან 32 ბირთვიანი იქნება. შედარებისთვის, M1 პროცესორს 4 მაღალი წარმადობის და 4 ენერგოეფექტური ბირთვი ჰქონდა, ხოლო GPU 7 ან 8 ბირთვიანი იყო. ასევე, ლეპტოპები 64GB ოპერატიული მეხსირებითაც იქნება ხელმისაწვდომი, M1-იან ლეპტოპებზე კი მაქსიმუმი 16 გიგაბაიტი იყო.
ახალი ლეპტოპები 14 და 16-ინჩიანი ეკრანებით გამოვა, რომელიც ბლუმბერგის თქმით, ბევრად უფრო ნათელი და კონტრასტული იქნება. სავარაუდოა, რომ ლეპტოპებს ახალი, ბრტყელი დიზაინი ექნება და ეფლის ახალ ხაზში ვიზუალურადაც ჩაჯდება. დიზაინის ცვლილებასთან ერთად Apple აბრუნებს ისეთ ფუნქციებს, როგორი MagSafe-ით დატენვა იყო, ახალ ლეპტოპებზე ისევ შევხვდებით HDMI პორტს და SD Card-ის წამკითხველს. ასევე, Apple-მა შეიძლება ამოიღოს OLED თაჩბარი, რომელიც Intel-ის პროცესორებით აღჭურვილ MacBook Pro-ებს აქვთ.
ღონისძიებაზე მინიმუმ კიდევ ერთ Mac პროდუქტს ვნახავთ
MacBook Pro-ებზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა ასევე ბლუმბერგის თქმით, WWDC-ზე დიდი ალბათობით, ახალ MacBook Air-ს, შედარებით სუსტ MacBook Pro-ს და სრულიად ახალ Mac Pro-საც ვიხილავთ. Apple ახალ Mac Mini-ზე და დიდ iMac-ზეც მუშაობდა. ეს ყველაფერი Apple-ის ახალი პროცესორებით აღიჭურვება.
ახალი Mac Pro ნამდვილი მონსტრი იქნება, ის დაახლოებით 4-ჯერ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ახალი MacBook Pro-ები იქნება.
Apple-მა, შესაძლოა, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის სათვალეების შესახებაც გაგვანდოს ინფორმაცია
დიდი ხანია რაც ეფლის სათვალეებზე საუბარი მიდის, თუმცა, ერთი რაც ზუსტად ვიცით მხოლოდ ისაა, რომ ის ძალიან ძვირი, დაახლოებით 3 000 დოლარი ეღირება. მას 8K ეკრანები და ათობით კამერა ექნება მოძრაობისა და გარემოს აღსაქმელად. მინგ-ჩი კუოს თქმით, ეფლის სათვალეები აიფონზე მსუბუქი იქნება.
გაფართოებული რეალობის სათვალეებს გაყიდვაში, სავარაუდოდ, 2022 წლამდე არ უნდა ველოდოთ, თუმცა ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც ეფლი მოგვაწვდის საგულისხმო იქნება და უფრო მეტად შეგვიქმნის წარმოდგენას სამომავლო პროდუქტზე.
კომენტარები