ნახეთ: "ზურგჩანთა ვერტმფრენი" — სტარტაპი საფრენი კოსტიუმის ტესტირების ვიდეოს ავრცელებს
ინტერნეტში ახალი ვიდეო ვრცელდება, რომელიც საფრენი კოსტიუმის კიდევ ერთ ნაირსახეობას ტესტირების პროცესში გვიჩვენებს. ეს ფუტურისტული ელექტრო კოსტიუმია, რომელიც ორი დიდი როტორის დახმარებით დაფრინავს, როტორები კი პილოტის მხრების გასწვრივაა განლაგებული. უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ როტორები საკმაო მანძილითაა დაშორებული პილოტის სხეულისგან, უსაფრთხოების განცდა მაინც არ იქმნება.
ამ საფრენ კოსტიუმს CopterPack ჰქვია და ამავე სახელწოდების ავსტრალიური სტარტაპის მიერაა შექმნილი. ვიდეო გვიჩვენებს მის პირველ ტესტირებას, რა დროსაც პილოტი ზღვის სანაპიროდან ვერტიკალურად აფრინდება და რამდენიმე საცდელ მანევრს ასრულებს.
ბოლო დროს, ბევრი კომპანია ცდილობს საფრენი კოსტიუმის შექმნას, ამის სავარაუდო შედეგი კი ის იქნება, რომ უახლოეს მომავალში პერსონალური გადაადგილების/ფრენის ახალ საშუალებებს მივიღებთ.
თუ კომპანიის ვებგვერდს დავეყრდნობით, ისინი კოსტიუმს "ელექტრო ზურგჩანთა ვერტმფრენად" მოიხსენიებენ, რომელსაც წონასწორობის დასაცავად ავტოპილოტი აქვს.
როგორც სტარტაპზე, ისე პროდუქტ CopterPack-ზე, ჯერჯერობით, ძალიან ცოტა რამ ვიცით. არ ვიცით, რა სიმაღლეზე შეუძლია მას ფრენა, ან რა სიჩქარეს ავითარებს, ან რა მონაცემები აქვს ელემენტებს. მისი დიდი როტორებიდან და ინფორმაციის სიმწირიდან გამომდინარე კი, ეს "ზურგჩანთა ვერტმფრენი" ჯერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა უფროა, ვიდრე პერსონალური საფრენი კოსტიუმების მომავალი.
კომენტარები