11 უმდიდრესი იმპერია, რომელიც კაცობრიობის ისტორიას შემორჩა
მას შემდეგ, რაც მონადირე-შემგროვებლები მიწათმოქმედები გახდნენ, ხოლო მიწათმოქმედებამ ქალაქები მოგვცა, ქალაქებმა იმპერიები წარმოქმნეს. იმპერიები მონების ხელით შენდებოდნენ, სასტიკი ძალადობით ნარჩუნდებოდნენ და დაპყრობებით იზრდებოდნენ. თუმცა დიდმა იმპერიებმა ასევე მილიონობით ადამიანი გააერთიანეს საერთო კულტურაში და საფუძველი დაუდეს საოცარ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.
იმპერიების შენარჩუნება ძვირადღირებული ფუფუნებაა. მათ არმიები უმაგრებენ ზურგს, არმიებს კი ფული ჭირდებათ. ყველა იმპერიის წარმატება დამოკიდებული იყო უნარზე, მოეხვეჭა ქონება. ზოგი ამ ამოცანას უკეთ ართმევდა თავს, ვიდრე სხვები. ქვემოთ სწორედ იმ იმპერიებზე მოგიყვებით, რომლებმაც უდიდესი ქონების ხელში ჩაგდებით შეძლეს ძალაუფლების სხვადასხვა პერიოდით შენარჩუნება.
1. შუამდინარეთის ცივილიზაცია
ადამიანები კვების ჯაჭვიდან რამდენიმე მოვლენამ გამოიყვანა — ცეცხლის მოთვინიერებამ, მიწათმოქმედებით მცენარეებისა და ცხოველების მოთვინიერებამ, დამწერლობამ და ფულმა. ძველ ხალხებზე და სიმდიდრეზე საუბრისას, პირველ რიგში, შუამდინარეთში მცხოვრები ხალხები უნდა ვახსენოთ — ადამიანები, რომლებმაც, ფაქტობრივად, სიმდიდრის ცნება შექმნეს.
ეს ერთი იმპერია არ ყოფილა — შუამდინარეთი აერთიანებდა შუმერებს, სპარსელებს, ბაბილონელებს, ასურელებს და აქადელებს. აქაურმა ცივილიზაციამ საფუძველი დაუდო ყველა იმ იმპერიას, რომელიც ისტორიის ფურცლებზე მომდევნო საუკუნეებში გამოჩნდა. ძაღლის საბლებითა და ბორბლით დაწყებული, მათემატიკითა და იალქნით დამთავრებული, შუამდინარეთმა კაცობრიობას, ალბათ, უფრო მეტი რამ მისცა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა კულტურამ. შუამდინარეთის ძღვენთა შორის იყო ფულიც. დაახლოებით 5 ათასი წლის წინ შუამდინარეთში გამოჩნდა შეკელი — ჩვენთვის ცნობილი პირველი ფულის ერთეული.
2. რომის იმპერია
ანტიკურ ეპოქაში იმპერიის სიმდიდრე იზომებოდა იმით, თუ რამხელა მიწას აკონტროლებდა და რამდენი ადამიანი ემორჩილებოდა. რომაული "ბიზნესმოდელი" ამის საუკეთესო ილუსტრაციაა. როდესაც რომი ხალხს იპყრობდა, იგი რესურსების კონფისკაციას ახდენდა — მათ შორის, ადამიანური რესურსისაც.
ისტორიკოსების აზრით, რომის იურისდიქცია მე-2 საუკუნეში 65 მილიონ ადამიანზე ვრცელდებოდა — იმდროინდელი მსოფლიოს მოსახლეობის, ანუ 300 მილიონის, 20%-ზე. ვერცხლის, ოქროს, ხორბლის, ღვინისა და მონების წყურვილი რომის იმპერიის უსაზღვრო ექსპანსიის მამოძრავებელი იყო. რომაელებმა დაიპყრეს კართაგენი, ესპანეთი, საბერძნეთი; იქ მცხოვრები ხალხები დაიმონეს და სიკვდილამდე ამუშავეს მათსავე ფერმებსა და მაღაროებში. მიღებული საქონელი კი ისევ მონების ზურგით რომამდე ჩაზიდეს. ჟურნალმა, Fortune, დაადგინა, რომ რომი თავისი ძლიერების მწვერვალზე მსოფლიო ეკონომიკის 25%-30%-ზე იყო პასუხისმგებელი.
3. სპარსეთის იმპერია
გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, სპარსეთის იმპერია, უფრო ზუსტად კი, აქემენიანთა იმპერია, ძვ.წ. 480 წელს 49.4-მილიონიან მოსახლეობას მართავდა. ამ დროს დედამიწის მოსახლეობა, დაახლოებით, 112 მილიონი იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ პლანეტაზე მცხოვრებთა 44% სწორედ კიროს დიდის მიერ დაარსებული იმპერიის ნაწილი იყო.
ისტორიკოსი ფრენკ ჰოლტი ამბობს, რომ სპარსეთის სიმდიდრე ალექსანდრე მაკედონელის კამპანიისას გამოჩნდა. როდესაც ალექსანდრემ აქემენიანთა იმპერია დაიპყრო, მან სპარსელების მიერ მოხვეჭილი სიმდიდრე გადაანაწილა. მაკედონელების ხელში იმდენი ოქრო, ვერცხლი, მონა და ხორბალი აღმოჩნდა, რომ ამ დაპყრობამ ანტიკურ სამყაროში ეკონომიკური ცვლილებების ერთ-ერთ უდიდეს ტალღას მისცა ბიძგი.
4. ეგვიპტის იმპერია
2002 წელს ჟურნალმა, Nature, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც აშკარავდება, რომ ძველ ეგვიპტეში საოცარი ეკონომიკური უთანასწორობა იყო. ძველი ეგვიპტელების აბსოლუტური უმეტესობა, როგორც აღმოჩნდა, უკიდურესად ღარიბი იყო. იმპერიის არნახული სიმდიდრე სოციალური პირამიდის მწვერვალში, ფარაონებთან, სასულიერო პირებთან, არქიტექტორებთან, ინჟინრებთან და პრივილეგირებულ ვაჭრებთან იყო კონცენტრირებული.
ეგვიპტის სიმდიდრე, რომელიც ფარაონებთან, უზარმაზარი პირამიდების ქვეშ ჩამარხული ძვირფასეულობებით ცხადდება, ნილოსის დელტას მიმდებარე ნოყიერი მიწებიდან, ოქროთი სავსე მაღაროებიდან და ეგვიპტის სტრატეგიული გეოპოლიტიკური განლაგებიდან მოდიოდა.
5. ბიზანტიის იმპერია
რომის იმპერია ისე გაიზარდა, რომ მისი ორად გაყოფა გარდაუვალი გახდა. დასავლეთ რომის იმპერია, რომელიც ისედაც სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა, ჩამოიშალა და ბნელი შუა საუკუნეების ქაოსში ჩაიძირა. ხოლო აღმოსავლეთ რომის იმპერია, ანუ ბიზანტია, გამდიდრდა და ასეთად გვიანდელი ანტიკურობიდან შუა საუკუნეების ბოლომდე დარჩა.
ამხელა დროით მდიდარ იმპერიად ყოფნა ბიზანტიამ თავისი მატერიალური ქონებითა და სტაბილური, მრავალფეროვანი ეკონომიკის წყალობით შეძლო. ბიზანტიის ფულის სისტემა, საგადასახადო სისტემა და განვითარებული სავაჭრო ქსელები დასავლეთისაზე ბევრად უფრო წინწასული იყო. თუმცა, იმპერიას გეოპოლიტიკურადაც გაუმართლა, რადგან ის სპარსეთთან, ეგვიპტესთან და საბერძნეთთან იყო ახლოს. ამის გამო ბიზანტია ყოველთვის უფრო განვითარებული, მდიდარი და გლობალურად დაკავშირებული იყო, ვიდრე დასავლეთ რომის იმპერია. შეიძლება ითქვა, რომ როდესაც რომის იმპერია გაიყო, ბიზანტიამ ზედმეტი ტვირთი მოიცილა ზურგიდან.
6. ოსმალეთის იმპერია
1453 წელს იმპერია ოსმალებმა შექმნეს, როდესაც ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი დაიპყრეს. იმდროინდელი იმპერიების სტანდარტებით, ოსმალეთის იმპერია გამორჩეულად ტოლერანტული იყო. ისინი რელიგიურ უმცირესობებს მიმღებლობით ეპყრობოდნენ, — National Geographic-ის მიხედვით, მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის ოსმალეთში უფრო მეტი ქრისტიანი ცხოვრობდა, ვიდრე მუსლიმი, — ხოლო ხელოვნება, ტექნოლოგია და მეცნიერება ყვაოდა.
დიდი ზომის გარდა, ოსმალეთის იმპერიისთვის სიმდიდრე უძრავ ქონებას მოჰქონდა. თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული ცენტრით, ოსმალეთი აკონტროლებდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ გზებს და ევროპასა და აზიას შორის გაჩაღებულ ვაჭრობას.
7. ინდოეთის მოგოლთა იმპერია
მოგოლთა დინასტია მას შემდეგ მოექცა ინდოეთის სათავეში, რაც ბაბურმა მე-16 საუკუნეში იმპერია დააარსა.
ჩინეთსა და ისლამურ სამყაროს შორის მოქცეული ინდოეთის გეოგრაფიული მდებარეობა მოგოლებმა თავიანთ სასიკეთოდ გამოიყენეს და მას გლობალურ სავაჭრო ქსელში დიდი როლი მოარგეს. მოგოლებმა გადასახადები შეამსუბუქეს და ფული გზებისა და პორტების გაკეთებაში ჩადეს, რათა ვაჭრობა, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მიმდინარეობდა, სწორედ აქ წარმართულიყო.
ფრანგი მოგზაური, ფრანსუა ბერნიე, რომელმაც მე-17 საუკუნის ინდოეთი მოინახულა, წერს, "ოქრო-ვერცხლი მსოფლიოს ყველა კუთხიდან აქ, ჰინდუსტანში მოდის".
8. სუნის დინასტიის ჩინეთი
სუნის დინასტიის მმართველობისას, მე-10 საუკუნიდან მე-13 საუკუნემდე, ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია იყო. მისი ღვაწლი მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ინჟინერიაში, ომის ტექნიკაში, მხატვრობასა და ზღვაოსნობაში დღესაც შესამჩნევია.
Fortune-ის მიხედვით, მაქსიმალური სიძლიერის ხანაში სუნის იმპერია მსოფლიო ეკონომიკის 25%-30%-ს აწარმოებდა. ჩინეთმა ამ დროს აგრარული სფეროს კომერციალიზაცია მოახდინა და ფერმერები ნამდვილ მეწარმეებად აქცია, რომლებსაც მოთხოვნადი პროდუქტი მოჰყავდათ და შემდეგ ბაზარზე ყიდდნენ. ქალაქებში კომპანიები გამოჩნდა, რომელთაც რამდენიმე მეწილე ჰყავდა და მენეჯერებსა და მეწილეებს შორის მკვეთრი გამყოფი ხაზი არსებობდა — ზუსტად ისე, როგორც თანამედროვე ეკონომიკაში.
9. მალის იმპერია
დადგენილია, რომ ოქტავიანე ავგუსტუსი 4.6 ტრილიონი დოლარის იმდროინდელ ეკვივალენტს ფლობდა. თუმცა დასავლეთ აფრიკის მალის სამეფოს თავი იმდენად მდიდარი იყო, რომ მისი სიმდიდრის გამოთვლა, უბრალოდ, შეუძლებელია.
მანსა მუსა, რომელიც ტომბუქტუში განლაგებული სასახლიდან მართავდა მალის იმპერიას, სავარაუდოდ, ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელსაც ოდესმე უცხოვრია. მისი მმართველობის პერიოდში, 1280-1337 წლებში, მსოფლიოს მთელი ოქროს ნახევარი სწორედ მალიდან მოდიოდა და ყველა ეს ოქრო სწორედ მას ეკუთვნოდა. ოქრო ამ პერიოდის ყველაზე ძვირფასი რამ იყო — ის გახლდათ სავაჭრო ერთეული და სიმდიდრის სიმბოლო. მანსა მუსას ოქროს მარაგი კი პრაქტიკულად უსაზღვრო იყო. BBC-ის მიხედვით, ერთმა ისტორიკოსმა თქვა, "მანსა მუსას თანამედროვე ცნობები მისი სიმდიდრის შესახებ იმდენად გასაოცარია, რომ რთულია იმის დადგენა, თუ რამდენად მდიდარი იყო ის სინამდვილეში". კიდევ ერთი ისტორიკოსი მასზე ამბობს: "იმდენად მდიდარი იყო, რომ აღწერა შეუძლებელია". როდესაც ის მექას ესტუმრა, თან 60 ათასკაციანი ამალა და 12 ათასი მონა ახლდა.
10. ესპანეთის იმპერია
ესპანეთმა ქრისტეფორე კოლუმბი დააფინანსა და, შესაბამისად, კოლონიების გემოც პირველმა მან გასინჯა. თავისი არმადას, კონკისტადორების მუშკეტების და დაავადებების დახმარებით, ესპანეთის იმპერიამ დაიპყრო და, ფაქტობრივად, გააქრო აცტეკებისა და ინკების იმპერიები.
ბუნებრივია, დამპყრობლებმა ნაალაფარი სახლში გაგზავნეს. ოქროთი გატენილი უზარმაზარი ესპანური გემები სამხრეთ ამერიკიდან შინ გაემართნენ. წაღებული სიმდიდრის მასშტაბი რომ გავიაზროთ, ამისთვის ეს ფაქტი გამოდგება: 2015 წელს აღმოაჩინეს ჩაძირული გემი, სან ხოსე, რომელიც კარიბის ზღვის ფსკერზე 1708 წელს დაეშვა. ოქრო-ვერცხლი და ძვირფასეულობა, რომელიც ამ გემზე ნახეს, $17 მილიარდის ღირებულების იყო.
11. ბრიტანეთის იმპერია
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთმა თავისი სიძლიერის მწვერვალს მიაღწია და ჩრდილოეთ ამერიკაში 13 კოლონიის დაკარგვით მიღებული ზარალი აინაზღაურა. დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთ ამერიკის ნახევარს, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ოქრო-ვერცხლს, აფრიკის გაშლილ ტერიტორიებს და ინდოსტანის ნახევარკუნძულს აკონტროლებდა. მთლიანობაში მას მთელი დედამიწის ხმელეთის 25% ეკავა, რომელზეც 412 მილიონ ადამიანი სახლობდა, რაც იმდროინდელი მსოფლიოს მოსახლეობის 23%-ს შეადგენდა.
ინდური სანელებლებით დაწყებული, კანადური ცხოველის ბეწვით დამთავრებული, მთელი ეკონომიკური ძალის უკან მჩაგვრელი კოლონიური სისტემა იდგა, რომელიც აღარიბებდა და ანადგურებდა აბორიგენ ხალხებს, მსოფლიოს სიმდიდრე კი ლონდონში ჩაჰქონდა. მრავალ ქვეყანაში — მათ შორის, კანადასა და ავსტრალიაში — ვალუტაზე დღემდე ბრიტანეთის დედოფალია გამოსახული.
კომენტარები