მეცნიერებმა ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ასაკი დაადგინეს
მეცნიერების თქმით, მათ განსაზღვრეს ის მაქსიმალური ასაკი, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური პერიოდი 120-დან 150 წლამდეა. კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ავტორების თქმით, ამ ასაკის მიღწევა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც გაუმართლებთ და ისეთი ჯანმრთელობა შეხვდებათ, რომ გულის და კიბოს პრობლემები არ ექნებათ.
სინგაპურში დაფუძნებული კომპანია Gero-ს მკვლევართა ჯგუფმა "დაბერების ტემპი" აშშ-ს, ბრიტანეთის და რუსეთის მონაცემებით შეისწავლა. მკვლევრებმა ყურადღება ბიოლოგიურ ასაკზე გაამახვილეს. ისინი დააკვირდნენ, როგორ იცვლება ადამიანების ბიოლოგიური ასაკი და მისი განმაპირობებელი ფაქტორები. ამას მათ ორგანიზმის დინამიკური მდგომარეობის ინდიკატორი უწოდეს — ეს იგივე ფიზიკური ძალების აღდგენის უნარია, რისი შემცირების შემდეგაც სიკვდილი დგება.
კვლევამ აჩვენა, რომ როგორიც არ უნდა ჯანმრთელი იყოს ადამიანი და რამდენადაც არ უნდა გადაურჩეს ის მომაკვდინებელ დაავადებებს, 120-დან 150 წლამდე, ეს ის ლიმიტია, რასაც ფიზიკურად ვერ გავცდებით.
მაგალითისთვის, რაც აღრიცხულია, ყველაზე დიდხანს საფრანგეთში მცხოვრებმა ჟანა კლიმენტიმ იცოცხლა, რომელიც 122 წლის მოკვდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე
კომენტარები