NASA-ს მოხეტიალემ მარსზე, სავარაუდოდ, ორგანული შენაერთის ნარჩენები აღმოაჩინა
NASA-ს მკვლევართა გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ მათ მარსის ზედაპირზე ორგანული მარილის კვალი აღმოაჩინეს. მეცნიერები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება სულ სხვა შენაერთებთან ჰქონდეთ საქმე, იმ შემთხვევაში კი, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ეს უფრო სარწმუნოს გახდის იმ ჰიპოთეზას, რომ მარსზე ერთ დროს სიცოცხლე იყო.
კვლევის მიხედვით, რომლეიც Journal of Geophysical Research: Planets-ში გამოქვეყნდა, წითელ პლანეტაზე Curiosity მოხეტიელის მიერ აღმოჩენილი მარილები ორგანული ნივთიერებების ნარჩენებს წარმოადგენს, რომლებსაც, თეორიულად, მიკრობული ორგანიზმების შენარჩუნებისა და მხარდაჭერის უნარი შესწევთ.
იქიდან გამომდინარე, რომ მკვლრევრებს შეზღუდული ინსტრუმენტებით უწევთ მუშაობა, მათთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, მართლაც ორგანულ ნივთიერებებთან აქვთ საქმე, თუ უბრალოდ არაორგანულ მარილთან.
ამ შემთხვევაში მეცნიერები NASA-ს Curiosity მოხეტიალის ორ ინსტრუმენტს იყენებენ. პირველი მათგანი — Sample Analysis at Mars (SAM) აღებულ ნიმუშებს წვავს და შემდეგ იკვლევს მის ქიმიურ შემადგენლობას იმის მიხედვით, თუ რომელ ტემპერატურაზე რომელ აირებს გამოსცემს იგი. SAM-მა მეცნიერებს მარსზე ორგანული მარილის არსებობის შესახებ არაპირდაპირი მტკიცებულება მიაწოდა, თუმცა, კვლევის მიხედვით, ისინი ამ შედეგს Chemistry and Mineralogy Instrument (CheMin) — ქიმიისა და მინერალოგიის ინსტრუმენტის საშუალებით გადაამოწმებენ.
სამწუხაროდ, საჭირო ინსტრუმენტები, რომლებიც მეცნიერებს იმის გარკვევაში დაეხმარება, ნამდვილად ორგანულ მარილთან აქვთ თუ არა საქმე, NASA-ს უახლეს Perseverance მოხეტიალესაც არ აქვს. იქამდე კი, სანამ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ExoMars მოხეტიალე ჩააღწევს მარსამდე, NASA-ს მიხედვით, კიდევ დიდი დრო გავა. აღსანიშნავია, რომ ExoMars მარსის ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის ანალიზს ზედაპირიდან 2 მეტრის სიღრმეზე შეძლებს.
იქამდე კი, კვლევის მთავარი ავტორი და NASA-ს ორგანული გეოქიმიკოსი, ჯეიმს ლუისი Curiosity-ს ექსპერიმენტის გამეორებას დედამიწაზე შეეცადა. მან ორგანული მარილის ნიმუშები დაწვა და აღმოაჩინა, რომ შედეგად გაფრქვეული აირების ქიმიური ხელწერა ზუსტად იგივე იყო, რაც Curiosity-მ მიიღო მარსზე. ეს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს იმის პირდაპირ მტკიცებულებას, რომ მარსზე მართლაც ორგანული მარილია, თუმცა საკმაოდ დამაიმედებელ ნიშანი ნამდვილად არის.
კომენტარები