შავი სოკოს მომაკვდინებელი დაავადება ახლა უკვე ინდოეთს გარეთაც გავრცელდა
ამ კვირის დასაწყისში ინდოეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განგაშის ზარი დარეკეს "შავი სოკოს" ინფექციის, სახელად მუკორომიკოზის გავრცელების შესახებ, რომელიც COVID-19-ის მქონე პაციენტებსა და ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ვითარდება. დაავადებულთა დიდ ნაწილს დიაბეტის მქონენი შეადგენენ.
პაკისტანის ყველაზე დიდი ინგლისურენოვანი გამოცემის, News International-ის მიხედვით, იგივე ხდება ახლა ინდოეთის მეზობელ ამ სახელმწიფოშიც. გასულ რამდენიმე დღეში მუკორომიკოზით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსრდა ქვეყნის რამდენიმე საავდმყოფოში. ექსპერტები ვარაუდეობენ, რომ სინამდვილეში აქ ამ ინფექციის მეტი აღუწერელი შემთხვევა უნდა იყოს და რომ კორონავირუსის მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში ექიმებმა შეიძლება უბრალოდ ვერ შეამჩნიონ მისი ნიშნები.
"მუკორომიკოზის მინიმუმ 5 შემთხვევა დაფიქსირდა COVID-19-ის მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ", — განუცხადა News-ს პაკისტანის კარაჩის საავადმყოფოს ექიმმა. "ამ გართულების შედეგად აქ მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა. მინიმუმ კიდევ ორ ცენტრში დაფიქსირდა მუკორომიკოზის შემთხვევები კოვიდპაციენტებში".
ჩვეულებრივი სოკო საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა იგი ადვილად ვრცელდება დიაბეტით დაავადებული ადამიანების ორგანიზმებში, რომლებსაც კორონავირუსით დაინფიცირების დროს უფრო დიდ ხანს უწევთ საავადმყოფოში გაჩერება. ექიმებს მიაჩნიათ, რომ სტეროიდები, რომლებსაც ისინი კორონავირუსის მძიმე შემთხვევებთან გასამკლავებლად იყენებენ, დროებით ასუსტებს პაციენტის იმუნურ სისტემას და კარგ პირობებს ქმნის სოკოსთვის, რომელიც მათ ტვინსა და ფილტვებში იდგამს ფესვებს.
"COVID-19 პაციენტებს უკვე ისედაც აქვთ დასუსტებული იმუნიტეტი და სტეროიდები, რომლებსაც მათ ვირუსთან ბრძოლისთვის აძლევენ, კიდევ უფრო ადაბლებს სხეულის იმუნურ დაცვას. ამის შედეგად, ისინი შავი სოკოსთვის ადვილ სამიზნედ იქცევიან", — განუმარტა იმავე ექიმმა News-ს.
პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალს განუცხადეს, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი მუკორომიკოზის შემთხვევების შესახებ, ამიტომ ჯერ ნათელი არაა, თუ რა ზომებს მიიღებს ქვეყანა ამ დაავადების გავრცელების პრევენციისთვის.
ასევე იხილეთ: ინდოეთში კოვიდგადატანილ პაციენტებს ტვინში "შავი სოკოს" ინფექცია უვითარდებათ
კომენტარები