30 რამ, რაც 30 წელში ვისწავლე
დღეს 30 წლის გავხდი.
სამყარომ მზიანი დღე მაჩუქა (თუ პროგნოზში არ ჩაგიხედავთ, მომდევნო დღეებში წვიმა და ჭექა-ქუხილია).
30 წლის კი გავხდი, მაგრამ ხან 19 წლის გოგოდ ვგრძნობ თავს, რომელიც ყველაფერს ახლა იწყებს, ხან 80 წლის მოხუცად, ვისაც ტბის პირას უნდა ცხოვრება. თუმცა მივხვდი, რომ ის თინეიჯერიც მე ვარ და ეს ბებიაც, და არ არსებობს გრძნობების სავალდებულო ნუსხა, რომელიც 30 წლის ასაკს მოჰყვება. სამაგიეროდ არსებობს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ წლების მანძილზე დაგროვდა.
საკუთარ თავს ამ სტატიას ვჩუქნი: 30 რამ, რაც ვისწავლე, რისიც აღარ მრცხვენია, აღარც მეშინია და ძალიან მეამაყება.
1. განსხვავებულობა საამაყოა
იქამდე, სანამ სხვებისგან განსხვავებულობას დავაფასებდი, ხშირად მიგრძვნია თავი უცნაურ ადამიანად, რომელსაც ზოგჯერ ფიქრების ხმამაღლა გაჟღერებისაც კი ეშინოდა. ახლა კი ყველაფერი მეამაყება, რაც თავს გამორჩეულად მაგრძნობინებს. თუნდაც ხვეული თმები, რომელსაც ძალიან დიდი ხანი არ ვაფასებდი.
2. მთავარია მე მჯეროდეს
შეიძლება ოთახში მყოფი 100 ადამიანიდან არცერთი იყოს ბრედლი კუპერი, ანუ ის, ვისაც ჩემი სჯერა, მაგრამ ყველაფერი კარგადაა, სანამ ვიცი, რომ სწორად ვიქცევი.
3. დამოუკიდებლად სწავლა შემიძლია
ჯერ კიდევ 4 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ ჩემი თავისთვის კითხვა მესწავლებინა და ყველა გამეოცებინა. ეს პირველი რამაა, რაც დაუხმარებლად გავაკეთე. მაშინ ვითომ უფროსებისგან შექების მოსმენაც მინდოდა, სინამდვილეში კი საკუთარ თავს გავუხსენი გზა მსოფლიო ლიტერატურისკენ, რამაც ჩემი ოთახიდან გაუსვლელად მამოგზაურა სამყაროს სხვადასხვა კუთხეში.
4. თავზე დგომა
პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
მგონი 13 წლის ვიყავი, როცა სახლში იოგაზე ბროშურა აღმოვაჩინე. დავიწყე მარტივი პოზების სწავლა, შემდეგ კი ყველაზე რთულს — თავზე დგომას მივადექი. მახსოვს, რამდენჯერ წავქცეულვარ და ბრახუნზე ჩემი ოჯახის წევრები შეშინებულები შემოვარდნილან ოთახში, მაგრამ, საბოლოოდ ერთი შეხედვით შეუძლებელს მივაღწიე.
5. შეცდომების დაშვება
30 წლის განმავლობაში ძალიან კარგად ვისწავლე როგორ ვერ გავიმარჯვო კონკურსში, როგორ ვერ მოვხვდე სასურველ ადგილას, ან ვერ მივაღწიო იმას, რაც ძალიან მინდა, როგორ ვენდო ადამიანს, რომელიც იმედებს არ გამიმართლებს, როგორ დავმარცხდე დისკუსიაში, როგორ დავუშვა შეცდომები, როგორ გავჩუმდე, როცა უამრავი რამის თქმა მინდა.
მაგრამ, ამასთან ერთად ისიც ვისწავლე, რომ არა უშავს.
6. ყველაფერი, რასაც სიტყვამდე "მაგრამ" ვიტყვი, აზრს კარგავს
აი როგორც მეხუთე პუნქტში მოხდა.
პ.ს. კი ვიცი, რომ ხანდახან პირიქითაც ხდება, მაგრამ ჩემი ცხოვრება, ჩემი წესები.
7. ხვეულ თმას უნდა გავუფრთხილდე
ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ხვეული თმა წლებთან ერთად დაეშალათ. როგორც უკვე ვახსენე, მის შესაყვარებლად დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემი კულულების სტრუქტურა საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, რომ ჩემთვის და უამრავი გამოცდისთვის თუ ქარტეხილისთვის გაეძლო.
8. ცურვა
მარტო ყოფნისას რამის სწავლა საკუთარ თავში მოგზაურობას ჰგავს და როცა ამას წყალქვეშ აკეთებ, ყველაფერი კიდევ უფრო ჯადოსნური ჩანს.
9. არასდროს ჩავიდო საფულე ზურგჩანთაში მოგზაურობის დროს
აქ შემიძლია იმ უდიდესი გამოცდილების აღნიშვნაც, რომ ყველას რჩევას მოვუსმენ, მაგრამ მაინც ჩემებურად მოვიქცევი. იმის მიუხედავად, რომ ყველამ მირჩია, საფულე ზურგჩანთაში არ ჩამედო, ცხადია, არავის მოვუსმინე. სამაგიეროდ, რა გვაქვს მე და კიმ კარდაშიანს საერთო? ორივე გაგვძარცვეს პარიზში ყოფნისას.
10. როგორ გავუმკლავდე სიტუაციას იუმორით
ცრემლიანი თვალებით ხუმრობის თქმა და უცებ ყველაფერზე ხარხარის ატეხვა ჩემი ნიჭია. ჩემი სტატიაა და ნებისმიერ ნიჭს მივისაკუთრებ, რაც მომეწონება.
11. რთულ გადაწყვეტილებებს უკეთესი შედეგიც მოაქვს
თუნდაც მხოლოდ იმას, როგორი მამაცი ვიყავი, როცა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას არ გავურბოდი. მთავარია, უკეთეს მხარეს ვხედავდე. ცოტა ხნის წინ პირველად ვუყურე The Hunger Games-ს, რომელშიც კეტნისი შვილს ეუბნება, რომ შეიძლება კოშმარები არასდროს ტოვებს, მაგრამ ისწავლა, როგორ გადაურჩეს მათ:
"იმ პატარა კარგი ამბების სია გავაკეთე გონებაში, რომელსაც ვხედავდი, რომ ადამიანები აკეთებდნენ. და ისინი დავიმახსოვრე. თამაშივითაა, რომელსაც სულ ვიმეორებდი, ზოგჯერ ერთფეროვნება მაწუხებდა, მაგრამ უფრო რთული თამაშებიც არსებობს".
12. როგორ მოვიხადო ბოდიში ან როგორ ვაპატიო თავად
ჰო, სერიოზულ თემას მივადექი. რთული, მაგრამ საჭირო იყო იმის გაცნობიერება, რომ შეიძლებოდა, ვინმესთვის, "ის ტოქსიკური ადამიანი" მე ვყოფილიყავი, როგორიც სხვა იყო ჩემთვის. როცა თავადაც განვიცდი, როგორ ვაგრძნობინე თავი სხვა ადამიანს და პატიებას იმიტომ არ ვითხოვ, რომ თავად ვიგრძნო თავი კარგად, მხოლოდ მაშინ ღირს ბოდიშის მოხდა. ისე - არა.
ასევე 30 წელი არ დამჭირვებია ამის სასწავლად, მაგრამ უკვე ვიცი, რომ არაა აუცილებელი ბოდიშის მოსმენა, იმისთვის, რომ ვინმეზე ნაწყენი ან გაბრაზებული აღარ ვიყო. პატიების შემდეგ თავისუფლებას და ნანატრ სიმშვიდეს ვგრძნობ, თუნდაც მხოლოდ ჩემს თავს ვპატიობდე.
13. როგორ ვაქციო პატარა აღმოჩენა დიდ ამბად
მაგალითად, როცა ზაფხულის სიცხეში კორპუსში ვზივარ, სანაპიროზე და ზღვაზე ვოცნებობ, მაგრამ ქალაქიდან ვერ გავრბივარ, შემიძლია რამდენიმე წუთით რეალობიდან გავიქცე. მაცივრიდან ბოთლით წყალს ვიღებ, მზის წინ ვდგები, შუბლზე ვიდებ და თავს მასთან ერთად ვარხევ. ამ დროს ილუზია მექმნება, რომ წყალში ვარ და ასე ვთქვათ, მომენტს ვიჭერ. რა თქმა უნდა, ამ აღმოჩენაზე ყველას მოვდე, ახლა კი თქვენც მოგიყევით.
14. რამხელა სიამოვნება მოაქვს იმის კეთებას, რისიც მეშინია
მაგალითად, გასულ ზაფხულს სკუტერზე შემოხტომა ჩემთვის შიშის გადალახვასთანაც ასოცირდებოდა, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მომგვარა. წავიქეცი, ფეხიც ვიღრძე, მანქანაც დამეჯახა (დე არ ინერვიულო, სერიოზული არაფერი), მაგრამ სიფრთხილე ვისწავლე და სქროლვით კვლავ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.
15. როგორ ვასწავლო სხვებს
როცა რაღაც ძალიან კარგად იცი, ისე კარგად, რომ მის ეფექტურობაში ეჭვი არ გეპარება, იმასაც იაზრებ, რა კარგი იქნებოდა, რომ ეს ბევრმა იცოდეს. ამ დროს სხვებისთვის სწავლება და გამოცდილების გაზიარება ძალიან სასიამოვნოა.
16. დახმარების მიღება კარგია
არ აქვს მნიშვნელობა რას ეხება ეს: მენტალურ ჯანმრთელობას, წამლის მოტანას, რამის სწავლაში დახმარების თხოვნას — არაა აუცილებელი ყველაფერს მარტო გავუმკლავდეთ და არც უნდა გავუმკლავდეთ. ბედნიერება სიყვარულის, ზრუნვის, გამოცდილების გაზიარებაშია.
17. კარგი იდეები აუცილებლად უნდა ჩავიწერო
ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში აუცილებლად გავიფიქრებ: "ეს როგორ გამომრჩა!"
18. გამოვიგონე კერძ(ებ)ი
მოკლედ, ამბობენ, რომ 30 წლის ასაკში 3 კერძის მომზადება მაინც უნდა იცოდეო და მეტიც ვიცი, მაგრამ ჩემი გამოგონილი კერძის 2 რეცეპტს გაგიზიარებთ:
- მუსლიში ჩაყარეთ დაჭრილი ბანანი, აურიეთ მაწონში და ცოტა ხანი დააცადეთ. ძალიან გემრიელია, დილით განსაკუთრებით;
- ტაფაზე მოშუშეთ ბროკოლი, ღვინო მოასხით და ზემოდან ყველი მოაყარეთ, სულ ესაა.
მარტივი და გენიალური.
19. დროის მენეჯმენტი
დრო ძვირფასია და რაც ძვირფასია, იმას გაფრთხილება სჭირდება. დროის მენეჯმენტში to do list-ების კეთებაც მეხმარება, რაც ასევე მახსენებს ჩემს რესურსებს, რომელსაც სწორად შეფასება სჭირდება.
20. არაფრის კეთება
არაფრის კეთების ხელოვნება ცალკე დასაფასებელი ნიჭია, რომელიც ჩემს თავს ვარგუნე და ისიც, ამ დროს თავი არ ვაკრიტიკო და ნემსებზე არ ვიჯდე.
21. დისტანციური ურთიერთობა
სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება გულის გადასხვაფერებას არ ნიშნავს. ამაში ჩემმა მეგობარმაც დამარწმუნა, რომელიც 5 თვეა არ მინახავს, მაგრამ თითქმის ყოველ საღამოს ვიდეო ჩათი, საჭმლის ერთად მომზადება, ერთად ვახშამი, ყურსასმენებით ერთად სეირნობა თუ მაღაზიაში გაქცევა ამ დისტანციას და სიშორეს ამსუბუქებს.
22. პანდემიაში ცხოვრება
ოქეი, ეს ყველამ ვისწავლეთ. მაგრამ მე პანდემიაში მარტო ცხოვრება და საკუთარ თავთან ხანგრძლივი დიალოგებიც ვისწავლე, რაც უკვე ვიცი, რომ შეშლილად არ მაქცევს.
23. არას თქმა
საკუთარი თავის და ინტერესების დაცვა არაა ის ცოდნა, რითიც ვიბადებით. უამრავი შეცდომისა თუ არასწორი გადაწყვეტილების შემდეგ, უკვე ვიცი (სიმბოლურად) როდის ავდგე მაგიდიდან და ოთახიდან გავიდე.
24. სხვების დაცვა
"ძალიან სამართლიანი ხარ", — მითხრა კლასელმა, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამაა, რაც ოდესმე მომისმენია და ვცდილობ, ჩემს თავში ამ თვისებას გავუფრთხილდე.
სოლიდარობის განცდა და ემპათია ადამიანების მიმართ ისაა, რაც არასდროს მტოვებს. ამის მიუხედავად, კარგად დასწავლილ სექსიზმთან თუ ფობიებთან გამკლავებას დღემდე ვსწავლობ. მახსოვს, წლების წინ, როცა ანა ნიკოლაძის ბლოგი წავიკითხე სხვა ქალებზე, მეგონა, რომ ცხოვრებას ახალი თვალით შევხედე. მინდა, რომ ამ სტატიაშიც მოხვდეს მისი ოქროს სიტყვები:
"სხვა ქალების წარუმატებლობა ჩვენს წარმატებას არ განაპირობებს, სხვა ქალების დამარცხება ჩვენი გამარჯვების წინაპირობა არ არის და არც სხვა ქალების სიცუდე ნიშნავს მაინცდამაინც ჩვენს სიკარგეს. სამყაროში წარმატება, ბედნიერება და სიყვარული ყველასთვის, ყველასთვის საკმარისია".
25. სიახლეებთან ადაპტაცია სინამდვილეში მარტივია
მაგალითად, რედიტზე დარეგისტრირებიდან თითქმის რამდენიმე თვის განმავლობაში მეგონა, რომ ამ პლატფორმის არაფერი მესმოდა და ყოველთვის გავურბოდი მისი გამოყენების საჭიროებას. თითქმის ნახევარწლიანი თავიდან არიდების შემდეგ, ზუსტად 5 წუთში გავერკვიე მის უმარტივეს სისტემასა და უპირატესობებში. მოკლედ, რაღაცეებთან მიბრუნება და მეორე შანსის მიცემა კარგი გადაწყვეტილებაა, იქნება ეს ფილმი, წიგნი, ადამიანები თუ რედიტი.
26. რას მოვუსმინო, როცა კონცენტრაცია მჭირდება
ამას.
27. გადაცემის წამყვანობა
როცა ქლაბჰაუსი საქართველოში შემოვიდა, 2-3 დღეში მომხმარებლებს მე და ჩემი თანაწამყვანი ახალი ფორმატით მოვევლინეთ და On.ge-სთან ერთად, 1 თვის განმავლობაში, ყოველ დილას საინტერესო თემებით და სიახლეებით ვიწყებდით. სანამ შენ გეძინამ ჩემი ცხოვრების რიტმი შეცვალა, მაგრამ საკუთარ თავზე უამრავი რამ მასწავლა და სიმამაცე შემმატა.
28. ჩემი გონება ღამით იღვიძებს
იმ დროს, როცა გარშემო სიმშვიდეა და ყველაზე მეტად ვეკუთვნი ჩემს თავს, გონება ნათელი და მშვიდია და მასში მიმოფანტული საუკეთესო იდეებიც მარტივად შესამჩნევი ხდება. ვიცი, რომ ამ სტატიას ღამით უკეთ დავწერდი, თუმცა კონცენტრაცია და შთაგონება არც დღის საათებში მტოვებს.
29. სცენარის წერა
უკვე 6 წელია, რაც On.ge სტატიების ათას რამეს მასწავლის, მაგრამ ცოტა ხნის წინ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ შექმნილი თამაშის, ააშენე სიცრუის იმპერიას სცენარის წერაში მონაწილეობა ერთ-ერთი საამაყო რამ იყო, რაც კომპანიაში მომანდეს.
30. ყველაფერი არ უნდა დავგეგმო
ფოტო: NBC
რაზე ვილაპარაკო? საქმიანი შეხვედრის წინ შეიძლება პუნქტები ჩამოვწერო, მაგრამ წინასწარ ყველაფერს ვერ დავგეგმავთ. მაგალითად, გულწრფელობას. დუმილი ზოგჯერ ოქროა, რჩეული, მაგრამ ერთ დროს უცნობი ადამიანები ზოგჯერ გვაძლევენ სივრცეს, რომელიც კომფორტს გვანიჭებს, ამ დროს ერთ ფრაზას სიტყვების ზღვა და სიამოვნების შეგრძნება მოჰყვება ხოლმე. 30 წლის ასაკში ვიცი, რომ ცხოვრების დაგეგმვაზეც ხელი მაქვს ჩაქნეული, მაგრამ მოულოდნელობები ხშირად კარგია და სიახლეების სივრცეს აჩენს.
ბონუსი: კიდევ უამრავი რამ მაქვს სასწავლი
უდიდესი შვებაა იმის ცოდნა, რომ ყველაფერი სულაც არ ვიცი და ბევრი რამ არსებობს, რაზეც არც კი ვიცი, რომ არ ვიცი. შემდეგ სტატიაში ვეცდები იმაზე მოგიყვეთ, რა ვერ მასწავლა 30-მა წელმა.
კომენტარები