საფრთხეები, რომლებიც ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდების შექმნას ახლავს თან
აპრილის დასაწყისში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ წარმატებით შექმნეს ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდი. ეს მკვლევრებმა ექვსი დღის მაკაკას ემბრიონში ადამიანის ღეროვანი უჯრედების ინექციით მოახერხეს.
ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მათი ექსპერიმენტი, ჰიბრიდების (იგივე ქიმერების) შექმნის წარსულ მცდელობებთან შედარებით, საოცრად წარმატებული აღმოჩნდა. გარდა სამეცნიერო აღმოჩენის აბსტრაქტული სარგებლისა, ქიმერების შექმნამ, შესაძლოა, მედიცინის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ტრანსპლანტაციისთვის საჭირო სიცოცხლისუნარიანი ორგანოების გაზრდა სხვა სახეობების სხეულებში.
თუმცა, როგორც Wall Street Journal იუწყება, ბიოეთიკოსებს აწუხებთ ამ კვლევის გაგრძელება იქამდე, სანამ გაარკვევენ, თუ რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს მიღებულ ჰიბრიდ ორგანიზმებზე.
ასევე იხილეთ: ისტორიაში პირველად, ადამიანის და მაიმუნის უჯრედებისგან შემდგარი ემბრიონები შექმნეს
"ამ ექსპერიმენტში არაერთი მიღწევა გაკეთდა", — განუცხადა WSJ-ს ჩრდილო კაროლინას დიუკის უნივერსიტეტის ბიოეთიკოსმა, ნიტა ფარჰანიმ. "მეცნიერულად, ეს წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც საზოგადოების შეშფოთების საგანს წარმაოდგენს. ამ ეტაპზე, გონივრული პროგრესის მისაღწევად, საჭიროა იმის გარკვევა, თუ რა არის ამ კვლევის განვითარების ყველაზე სწორი გზა".
შეშფოთების მიუხედავად, კვლევაში მონაწილე მეცნიერები სინამდვილეში არ ზრდიან ახალ ორგანოებს — ეს ემბრიონები მხოლოდ 19 დღის მანძილზე ცოცხლობენ და გუნდი ცოცხალი ორგანიზმების გამრავლებას მიზნად სულაც არ ისახავს. სწორედ ეს არის მთავარი ეთიკური შეზღუდვა იქიდან გამომდინარე, რომ ქიმერების შექმნის ყველაზე იმედისმომცემი ასპექტი მათში ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ორგანიზბის გაზრდის პერსპექტივაა.
თუმცა, WSJ აღნიშნავს, რომ კვლევაში რამდენიმე პრობლემა გამოვლინდა, რაც ცხადყოფს, რომ ჰიბრიდების შექმნის ეს ტექნოლოგია ჯერ გამოყენებისთვის არაა მზად. მეცნიერები ჯერჯერობით ვერ აკონტროლებენ, თუ როგორ უჯრედებად განვითარდებიან მასპინძელ ორგანიზმში ადამიანების ღეროვანი უჯრედები, შესაბამისად, ამ დროისთვის, მათ ჯერ არ შეუძლიათ ორგანოების წარმოება.
"სწორედ ეს არის მთავარი თეორიული საზრუნავი", — განუცხადა WSJ-ს დასავლეთ სარეზერვო რეგიონის ქეისის უნივერსიტეტის ბიოეთიკოსმა ინსუ იუნმა. "არსებობს შანსი, რომ ჰიბრიდების შექმნისას ცხოველისა და ადამიანების უჯრედები ერთმანეთს შეერევა, რაც შედეგად გამოიწვევს ადამიანების უჯრედების განვითარებას ცხოველის ტვინსა და გულში, ან თავიდან ფეხებამდე, მთელ სხეულში".
კომენტარები