საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ზრდის ტემპით ხასიათდება. Galt and Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2013-2019 წლებში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის საშუალო ტემპმა 4,5% შეადგინა. საინვესტიციო ბანკის გათვლებით, 2021-2030 წლებში ზრდის პროგნოზი 4,9%-ია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალშიც, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაზრდილია. ესკოს ინფორმაციით, იანვარ-მარტში ელექტროენერგიის მოხმარებამ 3,3%-ით მოიმატა და 3,47 მილიარდ კვტ.სთ-ს მიაღწია.

ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ იცვლება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლების განმავლობაში, რა ფასად მოვიხმართ მას და რა ვითარებაა განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით.

ელექტროენერგიის მოხმარება

ფოტო: Rodolfo Clix / Pexels

პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გავლენა ენერგოსექტორზეც მოახდინა. გასულ წელს საქართველოში 1,8 მილიონმა აბონენტმა 12,1 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა. 2020-ში ელექტროენერგიაზე კომერციული სექტორის მოთხოვნა 15,6%-ით შემცირდა, რის ხარჯზეც, საერთო მოხმარებამ 4,9%-ით იკლო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს ფიზიკურმა პირებმა 4,2%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს, ხოლო აფხაზეთის რეგიონში მოთხოვნის 23,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Heliosenergy-ის თანადამფუძნებელი, თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ 2020 წელს ელექტროენერგიის საერთო მოხმარება შემცირდა, თუმცა პანდემიის გათვალისწინებით, მოთხოვნა მაინც მაღალი იყო. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წელს ბიზნესი დაიტვირთება, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

"2020-ში კლება დაფიქსირდა, მაგრამ მოხმარება მაინც მაღალია. პანდემია რომ არ ყოფილიყო, ძალიან მაღალი ზრდა გვექნებოდა. ისედაც, ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით იზრდება", — განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

ტარიფები

ფოტო: Gabby / Pexels

2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფი როგორც კომერციულ სექტორს, ასევე ფიზიკურ პირებს გაუძვირდათ. Galt and Taggart-ის კვლევის მიხედვით, თელასმა ტარიფი იურიდიულ პირებს საშუალოდ 65,6%-ით, ხოლო ფიზიკურ პირებს 18,7%-ით გაუძვირა. რაც შეეხება ენერგო-პრო ჯორჯიას, კომპანიამ ტარიფი იურიდიული პირებისთვის საშუალოდ 74,6%-ით, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 19%-ით გააძვირა.

Heliosenergy-ის თანადამფუძნებელი, თორნიკე დარჯანია ფიქრობს, რომ კომერციული სექტორისთვის გაძვირებული ტარიფები საბოლოოდ მაინც მომხმარებელს დააწვება ტვირთად, რადგან ბიზნესისთვის გაძვირებული წარმოება, მის მიერ გამოშვებული პროდუქტისა თუ მომსახურების ფასის ზრდაზე აისახება.

"ტარიფები ფიზიკურ პირებს ნაკლებად გაუძვირდათ, ხოლო იურიდიულ პირებს — მეტად. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ გაძვირებული ტარიფების პირობებში იურიდიული პირი გააძვირებს საკუთარ პროდუქციას, ტვირთი უფრო მეტად მომხმარებელს დააწვება", — ამბობს დარჯანია.

განახლებადი ენერგია

ფოტო: Andreas Gucklhorn / Unsplash

ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის პარალელურად, მთლიან მოხმარებაში იმპორტის წილი ყოველწლიურად იზრდება. თუ 2015 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის 6,1% იმპორტირდა, 2020 წლისთვის იმპორტის წილი 12,6%-მდე გაიზარდა.

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა შესაძლებელია. მზის რესურსის გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან მისი საშუალებით კონკრეტული ინდივიდებისა თუ სახელმწიფოების ენერგოდამოუკიდებლობა მიიღწევა.

საქართველოში მზის ელექტროსადგურების საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა მისდამი ინტერესი იმატებს. Green Energy-ს დამფუძნებელი, დავით შვანგირაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე წელს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მხრიდან მზის პანელებზე მოთხოვნა გაზრდილია.

"2021 წელს მზის ენერგიის პანელებზე კერძო და იურიდიული პირების მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. 2019 წელთან შედარებით მოთხოვნა ამ მიმართულებით დაახლოებით 10-ჯერ არის გაზრდილი. განსაკუთრებით, ბიზნესის მხრიდან, რადგან მათ იციან, რომ ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის პირობებში კომუნალური გადასახადი 70-80%-ით მოიმატებს", — აცხადებს დავით შვანგირაძე.

გაზრდილ მოხმარებასა და ტარიფებზე საპასუხოდ საქართველოს ბანკმა შესაბამისი გადაწყვეტა იპოვა და მომხმარებელს მზის ელექტროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროდუქტი — ენერგოკრედიტი შესთავაზა.

თუ საქართველოს ბანკის დახმარებით მზის ელექტროსადგურებისთვის კრედიტს აიღებთ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რადგან მოგეცემათ შესაძლებლობა, შეიძინოთ დანადგარები, დაამონტაჟოთ და მიიღოთ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. ამასთან, იმ თანხებს, რაც წლების განმავლობაში ელექტროენერგიაში უნდა გადაგეხადათ, სესხის დასაფარად მიმართავთ. სესხის დაფარვის შემდეგ კი გამოთავისუფლებულ ფინანსებს თქვენი ბიზნესის განვითარებას მოახმართ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მზის ელექტროენერგიის მოხმარება ეკოლოგიაზე ზრუნვასაც გულისხმობს, რადგან ის გარემოს ნაკლებად აზიანებს.

აღნიშნული პროდუქტი იდეალური გადაწყვეტილებაა ალტერნატიული ელექტროენერგიის მისაღებად, რომელიც გარემოს ნაკლებად აზიანებს. ამასთან, მისი დახმარებით მომხმარებელი შეძლებს საგრძნობლად დაზოგოს ელექტროენერგიის ხარჯები და შესაბამისად, საკუთარი ბიზნესსაქმიანობა კიდევ უფრო განავითაროს. "დაზოგე და იზრუნე გარემოზე" — ეს იყო ბანკის მთავარი მიზანი ამ პროექტის განხორციელებისას.

ენერგოკრედიტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებსაიტს.