მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე სწავლობდნენ მზარდ "ჩაღრმავებას" დედამიწის მაგნიტურ ველში, რომელიც ატლანტის ოკეანის სამხრეთით დაიკვირვება.

"სამხრეთ ატლანტიკურმა ანომალიას" შეუძლია გაანადგუროს ის სატელიტები და კოსმოსური ხომალდები, რომლებიც ამ ადგილს გადაუვლიან თავს.

Business Insider-ის მიხედვით, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ანომალია, შესაძლოა, დედამიწის მანტიაში აღმოჩენილ მაღალი სიმკვრივის გაერთიანებებთან იყოს კავშირში. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს გაერთიანებები, სავარაუდოდ პლანეტა თეიას ნარჩენებს წარმოადგენენ. თეია მარსის ზომის პროტოპლანეტა იყო, რომელიც, მეცნიერების აზრით, დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ შეეჯახა დედამიწას.

გასულ თვეს მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჩიან იუენი ხელმძღვანელობდა, გამოთქვეს მოსაზრება, რომ აღნიშნული გაერთიანებები, რომლებიც ზომით მთა ევერესტს მილიონჯერ აღემატებიან, შესაძლოა, სწორედ თეიას ნატეხების ნარევს წარმოადგენდნენ.

იუენმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს იმის სეისმოლოგიური მტკიცებულება, რომ გაერთიანებები საკმაოდ განსხვავდებიან დედამიწის მანტიის დანარჩენი ნაწილებისგან. შესაძლოა, მათ სამხრეთ ატლანტიკურ ანომალიასთანაც ჰქონდეთ კავშირი.

დედამიწის გარე ბირთვში არსებული რკინა, რომელიც ელექტრული დენის კარგ გამტარს წარმოადგენს, მოძრაობის შედეგად წარმოქმნის მაგნიტურ ველს. ასევე, კონვექციის პროცესის შედეგად, ცხელი ნივთიერებები შორდებიან ბირთვს, გადაინაცვლებენ მანტიაში, მათ ადგილს კი უფრო მაღალი სიმკვრივის ნივთიერებები იკავებენ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწის ველში არსებულ უცნაურ ჩაღრმავებას იწვევს რაღაც ისეთი, რაც ამ პროცესებს ხელს უშლის ატნალნტის ოკეანის ქვემოთ.

იუენი წერს, რომ ამ ორმა გაერთიანებამ, შესაძლოა, კონვექციის პროცესზე მოახდინოს გავლენა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი სამხრეთ აფრიკასთან ახლოს მდებარეობს, რაც ანომალიის ადგილიდან არც ისე შორსაა.

თუმცა, მეცნიერების თეორიას პრობლემატურს ის ხდის, რომ ეს ფაქტორი ჩაღრმავების ასახსნელად იდეალურ ვარიანტს არ წარმოადგენს.

"რატომ არ დაიკვირვება მსგავსი სისუსტე მაგნიტურ ველში, მაგალითად, წყნარი ოკეანის თავზე, როდესაც მეორე განლაგება სწორედ წყნარი ოკეანის ქვემოთაა განლაგებული?", — განუმარტავს Business Insider-ს დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი, კრისტოფერ ფინლეი.

თუმცა, მეცნიერები იმედს იტოვებენ, რომ ამ თეორიამ, შესაძლოა, სინათლე მოჰფინოს დედამიწის მაგნიტური ველის გარშემო არსებულ იდუმალებას. იუენის თეორიის დასამოწმებლად თუ უარსაყოფად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.