ქალთა უფლებადამცველების მძიმე ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აფხაზეთში
აფხაზეთში, სადაც ოჯახში ძალადობისთვის ერთადერთი სასჯელი 15 დღემდე პატიმრობაა და მსხვერპლს, როგორც წესი, თავშესაფარი არსად აქვს, საზოგადოებრივი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, ოჯახში ძალადობის პირისპირ მარტო აღმოჩნდნენ — დაზარალებულებს ისინი პოულობენ, ატარებენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს ფსიქოლოგებისა და ექიმებისთვის და შეიმუშავეს კანონი ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ.
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
თვეში ერთხელ მაქტინა (სახელი შეცვლილია) საქველმოქმედო ორგანიზაცია კიარაზს სტუმრობს, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს საჭმლითა და ბავშვების ნივთების შეძენაში ეხმარება. ის მძიმე ჩანთებით მიდის ავტობუსის გაჩერებაზე და შემდეგ სახლში მარტო ბრუნდება. ქმრისგან დახმარებას არ ელის. ბოლო დროს ქმარს ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება აწუხებდა, ცოლს სცემდა და შვილებს აბუჩად იგდებდა. კიარაზის ფონდის თანამშრომლებმა იმ სოფლის მმართველსა და უხუცესს მიმართეს, სადაც მაქტინა ცხოვრობს, რათა მოძალადეს გასაუბრებოდნენ და ოჯახის ტერორის შეწყვეტაში დაერწმუნებინათ.
არაფორმალური კავშირები ძალაუფლების მქონე ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ კაცზე, როგორც ეს მაქტინას შემთხვევაში მოხდა, ზოგჯერ ოჯახში ძალადობის დასრულების ერთადერთი გზაა. აფხაზეთში არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა დახმარების ზოგადი მექანიზმი, აგრეთვე, კანონები, რომლებიც ოჯახის წევრებს მოძალადისგან დაიცავს და მისი დასჯის უფლებას მისცემს.
მდუმარე ქალები
აფხაზეთის ბავშვთა და ოჯახთა სოციალური დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალინა ბაზბას თქმით, 2020 წელს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის 400-მდე შემთხვევა დააფიქსირეს. აქედან, 275 შემთხვევა მათ თავად გამოავლინეს და კიდევ, დაახლოებით, 120 შეტყობინება ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღეს.
დაზარალებულები თავად მივიდნენ ორგანიზაციაში, ან მათი მდგომარეობის შესახებ მეზობლებმა, ნაცნობებმა და ნათესავები შეატყობინეს.
ალინა ბაზბა მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებლები რეალური სურათისგან შორსაა.
აფხაზეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.
სოციალური დახმარების სამსახური, რომელიც 2017 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერის წყალობით გაიხსნა, ერთ-ერთია იმ ორგანიზაციათა შორის, ვინც ამგვარ ჩანაწერებს აკეთებს და ის აფხაზეთში პირველი პროფესიული სოციალური სამსახურია.
"სოციალური მუშაკები ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოჯახში არის აგრესორი, რომელიც სისტემატურად სცემს დედას, შვილებს ან სხვა სახის ძალადობას ახორციელებს, იგებენ იმ შემთხვევაში, თუ იმ ოჯახის მონიტორინგი ხდება, სადაც ბავშვები ცხოვრობენ ან თუ ბავშვები არ დადიან სკოლაში", — განმარტავს ის.
"ქალები ჩვენთან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მოდიან: ნაწილი მზად არის, ოჯახური პრობლემების გასაჯაროების ნაცვლად, ეს ყველაფერი აიტანოს, რადგან ჩვენ ეს სირცხვილად მიგვაჩნია", — დასძენს ბაზბა.
სამოქალაქო აქტივისტი და კიარაზის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კამა გოპია ამბობს, რომ ქალები, როგორც წესი, ოჯახურ პრობლემებს მალავენ, მაგრამ როცა მათი პრობლემებისადმი გულწრფელ ინტერესს ხედავენ, იხსნებიან.
ბავშვთა და ოჯახთა სოციალური დახმარების სამსახურის სტატისტიკამ ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის შემთხვევები მხოლოდ ქალებისა და ბავშვების მიმართ დააფიქსირა. არ ჰქონიათ პრაქტიკა, რომ ძალადობის მსხვერპლად კაცს საკუთარი თავი ეცნო და შესაბამისად, ასეთი სტატისტიკაც არ აქვთ.
სამსახურის თანამშრომლები კაც აგრესორებთან პრევენციულ საუბრებს ატარებენ, მაგრამ, როგორც წესი, აგრესიის მიზეზებზე კითხვების დასმითა და ახლობლების წამების შეწყვეტის თხოვნით შემოიფარგლებიან.
"მათ ხშირად არ იციან, რამდენად ჩამორჩენილია ჩვენი კანონმდებლობა და ამას ჩვენ სასარგებლოდ ვიყენებთ. ვეუბნებით, რომ ისინი [აგრესორები] შეიძლება ძალიან სერიოზულად დაისაჯონ ასეთი საქციელის გამო და მათ ამის სჯერათ. ეს საშუალებას გვაძლევს, როგორმე ვაკონტროლოთ მათი აგრესია", — ამბობს ალინა ბაზბა.
აფხაზეთში არ არსებობს კრიზისული ცენტრები, სადაც ქალები და ბავშვები მოძალადისგან უსაფრთხოდ იქნებიან. რთულ ვითარებაში, დროებითი საცხოვრებლით ქალებს იმ სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელები უზრუნველყოფდნენ, სადაც ისინი ცხოვრობენ, მაგრამ თუ ასეთი საცხოვრებლის პოვნა ძნელი იყო, მათ საკუთარ სახლშიც კი უშვებდნენ.
"ჩვენ ძალიან გულისხმიერი ხალხი გვყავს და ეს ბევრ სიტუაციებში გვეხმარება, ზოგადად", — ამბობს ალინა ბაზბა.
იურისტი საიდ გეზერდავა იმედოვნებს, რომ კრიზისული ცენტრები შეიძლება გაჩნდეს, თუკი აფხაზეთში ოჯახში ძალადობის შესახებ კანონს მიიღებენ. ამ კანონპროექტის ერთ-ერთი შემმუშავებელი თავადაცაა.
სანამ ასეთი კანონი არ არსებობს, მაქსიმალური სასჯელი, რომელიც აგრესორმა ან მოძალადემ ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს, 3-დან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობაა.
"სხვისი ღირებულებების დანერგვა"
ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის პროექტი აფხაზეთის პარლამენტში 2019 წლიდან განიხილება. უფლებადამცველებსა და აქტივისტებს, რომლებსაც OC Media ესაუბრა, მიაჩნიათ, რომ ის კენჭისყრაზე უახლოეს მომავალში არ გავა.
მათივე თქმით, პარლამენტი სხვა, აქტიურად ლობირებული კანონპროექტებით არის დაკავებული, მაგალითად, მაინერების საქმიანობის რეგულირებით ან თანამდებობის პირთა შემოსავლების დეკლარირებით. ამ საკითხებზეც კენჭისყრები ამ დრომდე არ შედგა, რადგან დეპუტატები ვერ თანხმდებიან.
საიდ გეზერდავა ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მიზანი მსხვერპლისთვის დაცვის საშუალებების გარანტია და ოჯახში ძალადობის პრევენციაა. დოკუმენტში, ასევე, გაწერილია, რა პასუხისმგებლობა აქვთ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში თვითმმართველობის ორგანოებს, პოლიციასა და სამედიცინო მუშაკებს.
აფხაზეთის პარლამენტს ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის შემუშავების ინიციატივით, პირველად, აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნათელა აქაბამ და აფხაზეთის ომბუდსმენმა, ასიდა შაკრილმა 2018 წელს მიმართეს.
აქაბა იხსენებს ნატალი სმირს, ერთადერთ დეპუტატ ქალს აფხაზეთის პარლამენტში, რომელმაც თქვა, რომ "აზრი არ აქვს კანონის მიღებას, თუ ის არ იმუშავებს". ერთმა კაცმა პარლამენტარმა კი ადამიანის უფლებათა დამცველები "სხვისი ღირებულებების დანერგვაში" დაადანაშაულა.
დეპუტატმა ნატალი სმირმა OC Media-ს განუცხადა, რომ 2018 წლის შემდეგ მან თავის პოზიციას გადახედა და მიიჩნევს, რომ ამგვარ კანონს განხილვის უფლება აქვს, რადგან ბოლო წლებში აფხაზეთში "ოჯახში ძალადობის სულ უფრო და უფრო მწვავე შემთხვევები იყო".
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
კომენტარები