კომპიუტერი ადამიანის ტვინს უსადენო მოწყობილობით პირველად დაუკავშირეს
ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა როდ აილენდში, აშშ-ში შექმნა BrainGate სისტემა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სადენის გარეშე დაუკავშირონ საკუთარი თავი კომპიუტერს "ერთი ნეირონის რეზოლუციით" და "სრული სიზუსტით" პატარა გადამცემის საშუალებით, რომელსაც საკუთარ თავზე მოათავსებენ.
კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ უნარშეზღუდული ადამიანები, პატარა გადამცემები დაუკავშირეს ადამიანის ტვინის მოტორულ კორტექსს. მონაწილეებმა სისტემა კომპიუტერის კონტროლისთვის გამოიყენეს. სისტემის საშუალებით მათ ბეჭდვის ისეთივე სიჩქარესა და დაკლიკების ისეთივე სიზუსტეს მიაღწიეს, როგორსაც ისინი სადენიან სისტემებში შეძლებდნენ.
"კვლევის ფარგლებში ვაჩვენეთ, რომ უსადენო სისტემა ფუნქციურად ექვივალენტურია სადენიანი სისტემის, რომელიც დღემდე მიიჩნევა ოქროს სტანდარტად", — განაცხადა ბრაუნის უნივერსიტეტის ინჟინერმა, პროფესორმა ჯონ სიმერალიმ.
"სიგნალებს გადამცემი იმავე სიზუსტით იწერს და გადასცემს, რა სიზუსტითაც სადენიანი სისტემა აკეთებს ამას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოწყობილობისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ სადენიანი სისტემის გაშიფრვის ალგორითმი. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში ადამიანებს აღარ უწევთ, ფიზიკურად იყონ მიმაგრებულნი მოწყობილობაზე, რაც უსადენო სისტემის გამოყენებას ბევრად ხელსაყრელს ხდის".
მოხსენებაში, რომელიც მეცნიერებმა ჟურნალ IEEE Transactions on Biomedical Engineering-ში გამოაქვეყნეს, შეტანილია ორი მონაწილის — 35 და 63 წლის ადამიანების მონაცემები. ორივე მათგანს ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული. ორივე მათგანმა შეძლო უსადენო სისტემის გამოყენება გადაბმულად 24 საათის მანძილზე სახლში და არა ლაბორატორიაში.
"ამ მოწყობილობის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია დიდი ხნის მანძილზე დავაკვირდეთ მონაწილის ტვინის აქტივობას ისეთი ხარისხით, როგორიც ადრე მიუღწეველი იყო. მაშინაც კი, როდესაც იგი არა ლაბორატორიაში, არამედ სახლში იმყოფება", — განაცხადა ლეი ჰოჩბეგრმა, ბრაუნის უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორმა და BrainGate-ის კლინიკური კვლევის ხელმძღვანელმა.
კომენტარები