ყველას სასიამოვნოდ გვახსენდება დრო, როცა სოციალური ინტერაქცია, გარეთ გასვლა და ხალხთან კონტაქტი უსაფრთხო იყო. სწორედ მსგავსი აქტივობების მონატრების გამო ველით ასე პანდემიის დასრულებას. თუმცა როცა ცხოვრება დასტაბილურდება და ყოველდღიურობის ძველი ნორმები აღდგენას დაიწყებს, ზუსტად არავინ იცის, რამდენად მარტივი იქნება პანდემიამდე არსებულ ისეთ ჩვევებთან დაბრუნება, როგორიც გარეთ სადილობა ან ხელის ჩამორთმევაა.

მსოფლიო უსაფრთხოდ ჯერ კიდევ არაა. თუმცა როცა ვაქცინირებული ადამიანებისთვის შეზღუდვები შესუსტდება, შესაძლოა, ისინი უცნაურ და დამსტრესავ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ახალ რეალობასთან ადაპტაცია კი განსაკუთრებით ობსესიურ-კომპულსიური, პოსტტრავმული სტრესული ან შფოთვითი აშლილობების მქონეებს გაუჭირდებათ.

"ის, რაც პანდემიამდე ნაცნობი იყო, ახლა უკვე აღარაა ნაცნობი. ერთი წელია, ვისმენთ, რომ სხვებთან ახლოს არ ვიყოთ, დისტანცია დავიცვათ. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე სხვა გზების გამონახვაც შესაძლებელია სხვებთან საურთიერთოდ. ამ რეალობას შევეგუეთ და ბუნებრივია, რომ ახლა უხერხულობას ვგრძნობთ. უარეს შემთხვევაში კი ეს ყველაფერი ჩვენში შფოთვას იწვევს და სტრესულია", — ამბობს ლინ ბაფკა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციიდან. ის ასევე აღნიშნავს, რომ შფოთვა ერთგვარი ნიშანიცაა, რამაც უნდა დაგვაფიქროს არსებულ სიტუაციაზე და მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ გვიბიძგოს.

სტატიაში თავმოყრილია სიტუაციები, რომლებმაც შეზღუდვების გაუქმების შემდეგ შეიძლება შეგვაშინოს. ამასთან ერთად, მათთან გასამკლავებლად ექსპერტების რჩევებსაც შემოგთავაზებთ.

1. თვალებით კონტაქტი

ფოტო: Alberto Mier / CNN

თუ სოციალური დისტანციის გამო მეტწილად სახლში იყავით, დიდი ალბათობით, თვალებით კონტაქტს მხოლოდ ოჯახის წევრებთან, მაღაზიაში მოლარეებთან და ეკრანიდან თანამშრომლებთან დაამყარებდით.

მომავალში, როცა ნიღბის ტარება საჭირო აღარ იქნება, "შესაძლოა, შიშმა თვალები დაბლა დაგვახრევინოს", — ამბობს ჯეინ უებერი, საკონსულტაციო განათლების ექსპერტი, — "ზოგადად, უბრალოდ თვალებით კონტაქტი და ოდნავშესამჩნევი ღიმილი, რომელსაც მონა ლიზას ღიმილს ვუწოდებ, ჩვენ წინ მდგომ ადამიანებს სასიამოვნო გრძნობით ავსებს. ისინი ჩვენს ქმედებებს აირეკლავენ".

თვალებით კონტაქტი ინტერაქციის დასაწყებად ყველაზე მარტივი გზაა, რადგან ამით დაინტერესებას და კეთილგანწყობას გამოვხატავთ, ამბობს უებერი, რომელიც ტრავმას, სტრესს და მათი დაძლევის უნარებს შეისწავლის.

2. ხალხმრავლობაში ყოფნა

ფოტო: Alberto Mier / CNN

თუ ბოლო დროს პანდემიამდე გადაღებულ ფილმს უყურეთ, სავარაუდოდ, ხალხმრავალი სცენები უცნაური გეჩვენათ. მართალია, ჯერ კიდევ შორს ვართ დიდი შეკრებებისგან, თუმცა ნელ-ნელა უკვე ვყოფთ თავს მაღაზიების შემჭიდროებულ რიგებში ან ხალხით გადაჭედილ ტრანსპორტში.

ფსიქოლოგი უებერი დაცული სივრცის წრის მეთოდის გამოყენებას გვირჩევს. ის განმარტავს: "იატაკზე თოკს ან ლენტს დებ და შენ გარშემო იმხელა წრეს ნიშნავ, რამხელაც გჭირდება, რომ ხალხმრავლობაში თავი უსაფრთხოდ იგრძნო. როგორც წესი, უმეტესობას გარკვეული სივრცე გვჭირდება ჩვენ წინ და გვერდებზე".

როგორც კი მიხვდებით, რამხელა სივრცე გჭირდებათ, მის შესაქმნელად შეგიძლიათ, სტრატეგიულად გამოიყენოთ იდაყვი, ფეხები ან ისეთი ნივთები, როგორებიც საყიდლების ჩანთა ან სასურსათო ურიკაა. როცა გინდათ, სხვებმა თქვენს საზღვრებს პატივი სცენ, თავაზიანად უთხარით, "მე, უბრალოდ, ცოტა მეტი სივრცე მჭირდება".

თუ პანიკაში ხართ, უებერი გირჩევთ, რომ სუნთქვაზე ფოკუსირდეთ და საკუთარ თავს უთხრათ, "რამდენიმე წუთში ამ მდგომარეობიდან გამოვალ". შემდეგ კი ნელა იმოძრავეთ ხალხთან ერთად, სანამ ღია სივრცემდე მიხვალთ.

3. ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა და ჩახუტება

ფოტო: Alberto Mier / CNN

პანდემიის პირველ დღეებში დიდი განხილვის საგანი იყო, როგორ უნდა მივსალმებოდით ერთმანეთს. ახლა ადამიანები შეხვედრისას ფიზიკურ კონტაქტს მეტად ერიდებიან. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი, ანტონი ფაუჩი კატეგორიულად გვირჩევს, რომ ეს დრომოჭმული კულტურული ნორმა ჩვენივე კეთილდღეობისთვის წარსულში დავტოვოთ.

დღეს, როცა ხალხთან შეხვედრა უფრო და უფრო ხშირად გვიწევს, თუ ვინმე გადასაკოცნად ან ხელის ჩამოსართმევად გამოიწევა, შესაძლოა, ინსტინქტურად უკან დავიხიოთ. "ჩვენ სოციალური არსებები ვართ. როცა ვინმე ხელს გამოგიწვდით, თქვენ, შეიძლება, ჯერ იგივე მოქმედება გაიმეოროთ და შემდეგ ხელი სწრაფადვე უკან გამოწიოთ — ეს ძალიან ბუნებრივი რეაქციაა", — ამბობს უებერი.

ის ურთავს, რომ თუ ამ დროს აფორიაქდებით, მხოლოდ ხელის დაქნევა ან იდაყვის მირტყმაც საკმარისი იქნება. "გააგებინეთ ხალხს, რომ ჯერ კიდევ ნერვიულობთ. ამით მოსაუბრესთან კავშირს დაამყარებთ და მას ემპათიის გრძნობა გაუჩნდება", — ამბობს ფსიქოლოგი.

ჩახუტების იდეა კიდევ უფრო საშიში შეიძლება იყოს. უებერის თქმით, ერთწლიანმა სოციალურმა დისტანციამ "კავშირის მოწყურებულებად" გვაქცია, თუმცა ჯერ არაა მიზანშეწონილი, ყველა ნაცნობს ალერსით შევხვდეთ. თუ სითბოს გამოხატვა გსურთ, პეპლის ჩახუტება სცადეთ: შემოიხვიეთ ხელები მხრებზე და ასე "გაუგზავნეთ" ჩახუტება სხვას. თუ ვინმე ჩასახუტებლად წამოიწევა თქვენკენ, გააგებინეთ, რას გრძნობთ და პეპლის ჩახუტება შესთავაზეთ.

4. ფლირტი და პაემანზე დაპატიჟება

ფოტო: Alberto Mier / CNN

თუ ახლადგაცნობილი ადამიანი პაემანზე დაგპატიჟებთ, თქვენი ტვინი სასოწარკვეთილი დაიწყებს იმის გახსენებას, როგორ უნდა უპასუხოს ასეთ უჩვეულო შემოთავაზებებს.

ბაფკა ამბობს, რომ თუ ჯერ ამისთვის მზად არ ხართ, თავდაპირველად პატარა ნაბიჯები გადადგით. მაგალითად, შეგიძლიათ, ტელეფონის ნომრები გაცვალოთ და დისტანციური კომუნიკაცია ნელ-ნელა გადაზარდოთ რეალურ პაემნებში.

5. ახალი ინტიმური ურთიერთობები

ფოტო: Alberto Mier / CNN

ფლირტიდან პირველ პაემნამდე გასავლელი გზა, შესაძლოა, უჩვეულო მოგეჩვენოთ. ამასთან ერთად, პანდემიამ პოტენციური პარტნიორის მიმართ დამატებითი უცნაური შეკითხვებიც გააჩინა: ვაქცინა გაკეთებული აქვს? რას ფიქრობს COVID-19-ის ვაქცინაზე და ნიღბებზე? როგორ იქცეოდა პანდემიის დროს? იქნებ, ასიმპტომურად აქვს ვირუსი?

ბაფკას აზრით, ეს შეკითხვები სინამდვილეში სწორედ ისაა, რაც მიგვახვედრებს, რამდენად იზიარებს მეორე ადამიანი ჩვენს ინტერესებს და გვიღირს თუ არა ურთიერთობის მეტად გაღრმავება. ამ კითხვებზე პასუხი ნათელს გახდის, თანხმდებით თუ არა რისკის ხარისხზე; რა სიტუაციაში თვლით სიფრთხილის გამოჩენას აუცილებლად; და რომელ რისკებთან მიმართებით გგონიათ, რომ კომპრომისი მისაღები იქნება.

ბაფკა გირჩევთ, რომ დიალოგი მშვიდად და განსჯის გარეშე წარმართოთ. გაუზიარეთ, როგორი ქცევა არის თქვენთვის პრიორიტეტული პანდემიის პერიოდში და უთხარით, რომ მისი გამოცდილებაც გაინტერესებთ. თუ ურთიერთობის გასერიოზულებაზე ფიქრობთ, "ასეთი დიალოგის წარმართვა სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ", — ამბობს ბაფკა.

თუ ფიზიკურ ინტიმურობაზე ნერვიულობთ, ამის აღიარება ნორმალურია. "მაგალითად, შეგიძლიათ, უთხრათ, ღმერთო, ერთი წელია, არავისთვის მიკოცნია. მგონი, დამავიწყდა კიდეც, ეს როგორ უნდა. მსუბუქი ტონი სიტუაციას მარტივად განმუხტავს", — ამბობს ბაფკა.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ვაქცინირებული და ქუჩაში თუ სამსახურში ადამიანებთან ურთიერთობა გიწევთ, იყავით გულწრფელი და თქვით, რომ არ გინდათ, ის საფრთხეში ჩააგდოთ.

6. საჯარო სივრცეების უცნობებთან გაზიარება

ფოტო: Alberto Mier / CNN

წარმოიდგინეთ, პარკში სკამზე ხართ მოკალათებული და უცებ ვიღაც გეკითხებათ, შეიძლება თუ არა, გვერდით დაჯდეს. მისცემთ ამის ნებას? თუ არა, რას იფიქრებს ეს ადამიანი თქვენზე?

მსგავსი სიტუაციებისთვის შეგიძლიათ ისეთი ფრაზები მოამზადოთ, როგორიცაა: "უკაცრავად, ჯერ კიდევ არ ვარ ვაქცინირებული. მირჩევნია დისტანცია დავიცვა". თუ უკვე გაიკეთეთ ვაქცინა, კითხეთ საკუთარ თავს, რა გაშფოთებთ და რამდენად რეალისტურია ეს შიშები არსებული ჯანმრთელობის რეკომენდაციების მიხედვით.

7. საკუთარი ნივთების უცნობებისთვის თხოვება

ფოტო: Alberto Mier / CNN

თუ ვინმე მანქანის დასაძრავად წაშველებას გთხოვთ, სავარაუდოდ, მისი დახმარება მოგინდებათ. მაგრამ უნდა გააკეთოთ ეს? და თუ თქვენ არა, ვინ დაეხმარება?

"შეცვალეთ სიტუაცია, რომ უფრო კომფორტული გახადოთ ის", — ამბობს ჟაკლინ გოლანი, ფსიქიატრიისა და ქცევის მეცნიერების ექსპერტი, — "გადადგით პატარა ნაბიჯები შფოთვის სამართავად, სოციალიზაციისთვის და არსებული რისკის შესამცირებლად".

მსგავს სიტუაციებში სადეზინფექციო ხსნარის და სათადარიგო ნიღბის ქონა დაგეხმარებათ. თუ ვაქცინირებული ხართ, მაგრამ შფოთვას მაინც ვერაფერს უხერხებთ, დაფიქრდით — იქნებ, ნეგატიური მოლოდინების შეცვლა საკუთარი შფოთვის "გასამართლებით" შეგიძლიათ. შეაფასეთ არსებული მოცემულობა, განსაზღვრეთ რამდენად მაღალია ინფიცირების რისკი და ამის მიხედვით იმოქმედეთ.

8. კოსმეტიკური მომსახურებები

ფოტო: Alberto Mier / CNN

წარმოიდგინეთ: პანდემია საბოლოოდ დასრულდა და დასამშვიდებლად მასაჟის გაკეთება მოგინდათ. მაგრამ აქ ერთი პრობლემა ჩნდება: კოსმეტიკური და სპა სერვისები პანდემიის მიწურულსაც კი შეიძლება არ მოგეჩვენოთ დამამშვიდებლად.

ჰკითხეთ დაწესებულებას, რა ზომებს იღებენ სიფრთხილისთვის და თუ პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ, სხვაგან წასვლა არ მოგერიდოთ.

9. სამუშაო სივრცეში დაბრუნება

ფოტო: Alberto Mier / CNN

ისინი, ვინც ჯერ კიდევ სახლიდან მუშაობენ, თავად წყვეტენ, როგორ სამუშაო გარემოში შეასრულებენ საქმეებს. მათ ხალხთან შეხვედრაზე და ინფიცირების რისკებზე ფიქრი არ უწევთ.

"ოფისში დაბრუნებაში, შესაძლოა, ყველაზე საშიში ის იყოს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის რუტინაზე კონტროლს დაკარგავთ", — ამბობს ფლორიდის ბიზნესის კოლეჯის ასოცირებული პროფესორი, რევი გაჯენდრანი. სახლიდან მუშაობისას თქვენ ალბათ გადაეჩვიეთ ტანსაცმლის გაუთოებას და სიტუაციებს, როცა კოლეგები მხრების ქვემოთ გხედავენ და მათთან უშუალო ინტერაქცია გიწევთ.

თქვენ, უბრალოდ, უნდა აღიაროთ, რომ ცვლილება რთული, რუტინის ამრევი და ნელი იქნება. ფოკუსირდით იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ — მაგალითად, სადეზინფექციო ხსნარის და ნიღბის ტარებაზე.

გაიაზრეთ, რომ ახლა ოფისში მუშაობა პანდემიამდელი გამოცდილებისგან სრულიად განსხვავებული იქნება. "თუ თქვენი სამუშაო გარემო ბოლომდე უსაფრთხო არაა, გაუზიარეთ დამსაქმებელს თქვენი შიშები", — ამბობს ფსიქოლოგი, კრისტენ შოკლი. ორგანიზაციამ უსაფრთხოების სტანდარტების დადგენისას ყველა თანამშრომლის აზრი უნდა მოისმინოს. "ასეთ დროს ის ადამიანები, რომლებიც მეტი სიფრთხილის გამოჩენას ამჯობინებენ, ამის ხმამაღლა თქმისას თავს უხერხულად არ იგრძნობენ", — ამატებს ის.


მათთვის, ვინც პანდემიის განმავლობაში შინ დარჩენას ვამჯობინებდით, ხელახალი სოციალური ადაპტაცია, შესაძლოა, უცნაური და მშფოთვარე პროცესი იყოს. თუმცა ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ და შეგვიძლია, რომ ერთმანეთს (სიფრთხილის დაცვით) დავეხმაროთ.