ბლექ სი არენა Check In Georgia-ს ფარგლებში კონცერტებისა და მუსიკალური ფესტივალების გასამართად 6,5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი თანხით პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით ბლექ სი არენამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 13 იანვარს მიმართა. მოთხოვნის განხილვის საბოლოო ვადა 16 თებერვალია.

ბლექ სი არენას მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, 4,5 მილიონი ლარი ჰონორარისთვის დაიხარჯება, დარჩენილი 2 მილიონი კი - კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის. მოთხოვნაში არაა დაკონკრეტებული რომელი მუსიკალური შემსრულებლის ჰონორარია აღნიშნული თანხა. ღონისძიებების ჩატარება, სავარაუდოდ, დაემთხვევა შავი ზღვის კურორტულ სეზონს - გაზაფხულიდან ნოემბრის ბოლომდე.

"არტისტების მიერ დაგეგმილია ევროპისა და მსოფლიოს ტურნეები წინასწარ, შემსყიდველი ორგანიზაცია ვერ ახორციელებს ტენდერის მეშვეობით პოპულარული მსოფლიო შემსრულებლების კალენდრის გათვალისწინებით მომსახურების შეძენას. შესაბამისად, შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ მოხდება ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვა ტენდერის საშუალებით, ზემოაღნიშნული შესყიდვა თავისი გარემოებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე არ არის დაგეგმვადი," - ასე ასაბუთებს ბლექ სი არენა შესყიდვების პირდაპირი წესით განხორციელების მიზეზებს.

ბლექ სი არენას გაზაფხულზე, 20 მაისს Aerosmith-ის კონცერტის გამართვასაც გეგმავს. ამ კონცერტისთვის მას 5,5 მილიონი ლარის დახარჯვა შეუძლია.