იუტას შტატში პორნოგრაფიაზე წვდომა, შესაძლოა, ყველა მობილური ტელეფონისთვის დაიბლოკოს
აშშ-ის იუტას შტატში, შესაძლოა ყველა მობილურისთვის და პლანშეტისთვის პორნოგრაფიაზე წვდომა ავტომატურად დაიბლოკოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ შტატის ახალი რესპუბლიკერი გუბერნატორი, კონსერვატორი დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონს ხელს მოაწერს.
სპენსერ კოქსს, რომელმაც გუბერნატორის თანამდებობა იანვარში მიიღო, ჯერ არ უთქვამს მოაწერს თუ არა ხელს შტატის მთავრობის მიერ ინიცირებულ წინადადებას. მას ამისთვის ვადა 25 მარტამდე აქვს.
ინიციატივის მომხრეები ამბობენ, რომ მსგავსი შეზღუდვები აუცილებელია. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სულ უფრო მეტ ბავშვს აქვს საკუთარი ელექტრონული მოწყობილობა. მათი თქმით, პანდემიის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები კიდევ უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში და შესაბამისად, სმარტფონებს ხშირად მოიხმარენ.
არიან მოწინააღმდეგეებიც. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არაკონსტიტუციურია და თავისუფლებას ზღუდავს. აღსანიშნავია, რომ მაშინაც კი, თუ კოქსი ხელს მოაწერს, კანონი ძალაში მაინც არ შევა, თუ მსგავს შეზღუდვებს ხუთი სხვა შტატიც არ მიიღებს. ეს იმიტომ, რომ მსგავსი რეგულაციების გატარება მხოლოდ ერთი შტატისთვის რთული იქნება.
იუტა ამ მხრივ მარტო არ არის. იდეას სხვა შტატებშიც ჰყავს მომხრეები. კონსერვატორი დეპუტატები უკვე დიდი ხანია რაც პორნოგრაფიას ებრძვიან. თუმცა, ამ მხრივ ყველაზე მეტად მაინც იუტას შტატი აქტიურობს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან იუტა ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული შტატია. იუტაში დეპუტატებს რელიგიური ინსტიტუციაც ეთანხმება და ისინი მსგავს რეგულაციებს ფაქტიურად ერთად ითხოვენ.
კონკრეტულად წინადადება რესპუბლიკელების წარმომადგენლის, სუზან პელსიფერის სახელით გავიდა. ინიციატივის მიხედვით, პორნოგრაფიას სპეციალური ფილტრი დაედება, რისი გაუქმებაც მხოლოდ ზრდასრულებს შეეძლებათ. თუმცა, სუზანი აღიარებს, რომ ეს იდეალური გამოსავალი არ არის, რადგან არასრულწლოვნებმა შეიძლება ფილტრისთვის გვერდის ავლა შეძლონ.
"თუ ბავშვი ფილტრისთვის გვერდის ავლას ეცდება, სავარაუდოდ ის ამას შეძლებს, ამიტომ ეს რეგულაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რაც მომავალში განვითარებას სჭირდება." — ამბობს სუზანი.
ამიტომ, ბევრს არც ეს აკმაყოფილებს და კანონმდებლობას აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტაა, რასაც რეალური შედეგები არ ექნება.
ამ მოვლენებს ვაშინგტონში მოქმედი დემოკრატიისა და ტექნოლოგიის ცენტრის პოლიტიკის დირექტორი, სამირ ჯაინი გამოეხმაურა და თქვა, რომ იუტას ასეთი აქტიურობა ბევრ პრობლემას აჩენს.
"ასეთი ცვლილების შემთხვევაში, ერთი შტატი ძალიან ბევრ რამეს თავდაყირა აყენებს. გამოდის, რომ შტატში შესულმა სტუმრებმა სმარტფონებში ლოკაციის მაჩვენებლები უნდა გააქტიურონ. ეს ცოტა უცნაურია." — ამბობს ის.
ამასთან, იუტას სამოქალაქო თავისუფლებების გაერთიანებამ განაცხადა, რომ კანონპროექტი გადაჭარბებული ღონისძიებაა. მსგავსი ფილტრები ისედაც არსებობს და მშობელს, რომელსაც მისი გამოყენება სურს, მისი გამოყენება ძალიან მარტივად შეუძლია.
კომენტარები