თუ თვლით, რომ იაპონური ხელოვნებითა და კულტურით აღტაცება თანამედროვე სამყაროს ტრენდი ან ახალი აღმოჩენაა, ცდებით. დასავლეთი ამომავალი მზის ქვეყნით ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მოიხიბლა. იაპონიური კულტურით მოჯადოებულთა შორის კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი ყველასათვის საყვარელი მხატვარი — ვინსენტ ვან გოგი იყო.

Exhibition on Screen: Van Gogh & Japan

ფოტო: Seventh Art Productions

1888 წლის თებერვალში ამომავალი მზის ქვეყნის ნახვის სურვილით შეპყრობილი ვინსენტ ვან გოგი პროვანსის ქალაქ არლისკენ მიმავალ მატარებელში ჩაჯდა. გზაში გამუდმებით ფანჯრიდან იყურებოდა, რათა როგორმე იაპონურ გრავიურებში დანახული საოცარი სამყაროსთვის მოეკრა თვალი. თოვლიანმა ქალაქმა იაპონელი მხატვრების თეთრი პეიზაჟები მოაგონა. სეზონების ცვლასთან ერთად კი დარწმუნდა, რომ ამომავალი მზის ქვეყანა არც ისე შორს იყო, როგორც მანამდე ეჩვენებოდა. "ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ იაპონიაში ვარ", — ვკითხულობთ დისთვის მიწერილ წერილში.

იაპონურმა ხელოვნებამ ვან გოგის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. იაპონურმა კულტურამ, განსაკუთრებით კი გრავიურებმა ვან გოგის ფუნჯს სამყაროს მშვენიერების აღქმისა და მისი ტილოზე უკვდავყოფის ახალი გზები ასწავლა.

იაპონიის დიდი ტალღა, რომელმაც დასავლური კულტურა შეცვალა

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იაპონიის ორსაუკუნოვანი იზოლაცია დასრულდა და ქვეყნის საზღვრები დასავლეთისთვის გაიხსნა. იაპონური კულტურა და ხელოვნება დასავლეთს კანაგავას დიდი ტალღის მსგავსად დაატყდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად ტერმინი "იაპონიზმი" (Japonisme) გამოიყენება.

ფოტო: ფუძიამას 36 პეიზაჟი: კანაგავას დიდი ტალღა

ამ პერიოდში დასავლეთის ხელოვნებაზე უდიდესი გავლენა იაპონურმა გრავიურებმა მოახდინა. განსაკუთრებული პოპულარობა უკიო-ემ მოიპოვა. უკიო-ე ცვალებადი/მცურავი სამყაროს ნახატებს ნიშნავს. იაპონური თეატრის, კაბუკის მსახიობები, გეიშები, პეიზაჟები — უკიო-ე ყოველდღიური ცხოვრების მშვენიერებას ბრტყელი ფიგურებით, გამორჩეული ფორმებით, გამოკვეთილი კონტურებითა და მდიდარი ფერებით გადმოსცემს. მაშინ, როდესაც ევროპელი მხატვრები ობიექტების სივრცულობის გადმოსაცემად შუქ-ჩრდილების ტექნიკას იყენებდნენ და თითოეული დეტალის რეალისტურობაზე მუშაობდნენ, იაპონურმა გრავიურებმა დასავლეთს ხელოვნებაში სილამაზის აღქმისა და მისი აღბეჭვდის სრულიად ახალი ხერხები გაუზიარა.

იაპონურმა გრავიურებმა და სტილმა განსაკუთრებული გავლენა იმპრესიონისტებზე მოახდინა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, ვინსენტ ვან გოგიც აღმოჩნდა.

იაპონიის ძიებაში

იაპონური კულტურით ვან გოგი 1885 წელს დაინტერესდა, როდესაც ანტვერპენში იაპონური გრავიურები აღმოაჩინა. ვან გოგმა ნახატები შეიძინა და თავისი სტუდიაც მორთო.

"ჩემი სტუდია რიგიანი ადგილია. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კედლებზე იაპონური გრავიურები გავაკარი, რაც ძალიან მამხიარულებს. ხომ იცი, ქალების პატარა ფიგურები ბაღებში ან სანაპიროზე, აგრეთვე, ცხენოსნები, ყვავილები, უხეში ეკლიანი ტოტები," — ვან გოგი ანტვერპენში ცხოვრებას ძმას იაპონური გრავიურების ფონზე აღუწერდა.

La Crau with Peach Trees in Blossom

ერთი წლის შემდეგ მხატვარი საცხოვრებლად ძმასთან, პარიზში გადავიდა. იქ იაპონური ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ადამიანს შეხვდა, რომლისგანაც ასობით გრავიურა შეიძინა. ვან გოგს თავდაპირველად მათი გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მისი მიზანი არ გამართლდა და საბოლოოდ მხატვრის სამუშაო ოთახის კედლებზე აღმოჩენილი გრავიურები ვან გოგის შთაგონების წყაროდ იქცა. მის მიერ შეგროვებული გრავიურების შემორჩენილი ნაწილი დღეს ვან გოგის მუზეუმის მუდმივი კოლექციის ნაწილია.

იმიტაციიდან შთაგონების წყარომდე

პარიზის ცხოვრებით გადაღლილი ვან გოგი პროვანსში გარემოს გამოსაცვლელად და ბუნებასთან დასაახლოვებლად დასახლდა. ის უფრო მარტივ ყოველდღიურობას ეძებდა, რომელიც შთაგონებით აავსებდა. არლი მას იაპონიას აგონებდა — შორეულ ქვეყანას, რომლის უცხო ფერები და სტილი ასე ხიბლავდა.

"გარკვეული დროის შემდეგ შენი ხედვა იცვლება, ყველაფერს უფრო იაპონური თვალით უყურებ, ფერებსაც კი განსხვავებულად შეიგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ აქ დიდხანს დარჩენით ჩემი პიროვნების გამოხატვას შევძლებ."

იაპონელი მხატვრების იმიტაციით შექმნილი ნამუშევრები

თავდაპირველად, აღტაცებულმა ვან გოგმა იაპონელი მხატვრების ნამუშევრების იმიტაცია დაიწყო. ვან გოგი თვლიდა, რომ იაპონური მხატვრობა დასავლურისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ამიტომ მისი ელემენტების გამოყენება დაიწყო: ჰორიზონტის არარსებობა, ნახატებიდან ობიექტების ჩამოჭრა და მათი დასავლეთისთვის არაორდინალური განლაგება, ბრტყელი ფიგურები, მკვეთრი ფერები — მალე ეს დეტალები მის სტილს ბუნებრივად შეერწყა და იმიტაცია შთაგონებად იქცა.

იაპონური გრავიურებისთვის დამახასიათებელი დეტალები ვან გოგის შემოქმედებაში უხვად გვხვდება. მაგალითად, 1889 წელს დახატულ ავტოპორტრეტში ვან გოგის ოთახს იაპონური გრავიურა ამშვენებს. გრავიურების გავლენა აშკარაა იმავე წელს შესრულებულ პორტრეტებშიც. ვან გოგის აყვავებული ნუშის ტოტები კი იაპონელების საყვარელ საკურას მოგვაგონებს, რომლებიც ძალიან ბევრ გრავიურას ამშვენებს.

მომავალი, რომლის შექმნასაც პროვანსის იაპონიაში ცდილობდა

"ჩვენ გვიყვარს იაპონური ნახატები, ჩვენ გამოგვიცდია მათი გავლენა — ეს ყველა იმპრესიონისტისთვის საერთოა, თუმცა, ამის მიუხედავად, იაპონიაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იაპონიის ტოლფას სამხრეთში (საფრანგეთის) არ უნდა წავიდეთ? მჯერა, რომ ხელოვნების ახალი მიმართულების მომავალი სწორედ სამხრეთშია".

ვან გოგის ცნობილი ავტოპორტრეტის ფონზე იაპონური გრავიურის შთაგონებით შექმნილი ნახატი ჩანს

პროვანსში ვან გოგი ოცნებებითა და მიზნებით ჩავიდა. მას არლში მხატვრების საზოგადოების დაფუძნება სურდა. თვლიდა, რომ პროვანსში ახალი შესაძლებლობები იმალებოდა, ამიტომ მხატვრები სამხრეთში უნდა ჩამოსულიყვნენ და ხელოვნების განვითარებაში თავიანთი წვლილი შეეტანათ. სამწუხაროდ, მასთან ერთად არლში მხოლოდ გოგენი ჩავიდა. მალე პირადი უთანხმოების გამო გოგენი პარიზში დაბრუნდა. ვან გოგის მენტალურმა პრობლემებმა თავი იჩინა. რამდენიმე თვეში მხატვარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა.

მხატვრის მიზნები და ოცნებები, რომელთა დახმარებითაც პროვანსში ამომავალ მზის ქვეყნის აღმოსაჩენად გაემგზავრა, წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად ამისა, მისი ცხოვრების ამ მცირე მონაკვეთს, რომელიც იაპონური ხელოვნების შესწავლასა და მის საკუთარ სტილთან შერწყმას შეალია, უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია: თუ კარგად დააკვირდებით, ნახატებში, რომლებიც მხატვარმა შემოქმედების მიწურულს შექმნა, ამომავალი მზის ქვეყნის სურნელს შეიგრძნობთ.

ამავე თემაზე: