ჰოკუსაი — იაპონელი ხელოვანი, რომელმაც მსოფლიო მოაჯადოვა
კაცუშიკა ჰოკუსაი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონელი ხელოვანია. ამ ბრწყინვალე მხატვარმა თავისი ნამუშევრები დაახლოებით 200 წლის წინ შექმნა და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც იაპონიის, ისე მთელი მსოფლიოს ხელოვნებაზე. თანამედროვე ეპოქაშიც კი ნებისმიერ გამოფენაზე წარმოდგენილ კაცუშიკა ჰოკუსაის ნამუშევრებს მრავალი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს, რაც მის აქტუალობასა და საყოველთაო პოპულარობაზე მეტყველებს. კაცუშიკა ჰოკუსაი მსოფლიო ხელოვნების ფრიად გავლენიანი ფიგურაა, მაგრამ საინტერესოა, როგორი ადამიანი იყო იგი?
ჰოკუსაი პოპულარობას იხვეჭს მთელი მსოფლიოს მასშტაბით
კაცუშიკა ჰოკუსაი დაახლოებით 200 წლის წინ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მაგრამ მას დღესაც უამრავი ერთგული თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოს ყველა კუთხეში. 2017 წელს ბრიტანულმა მუზეუმმა ლონდონში კაცუშიკა ჰოკუსაის შესახებ სპეციალური გამოფენა მოაწყო, სახელად ჰოკუსაი: დიდი ტალღის მიღმა. გამოფენაზე თავი მოუყარეს და ერთ სივრცეში გააერთიანეს ხელოვანის ყველა ის ნამუშევარი, რომლებიც ჩვეულებრივ იაპონიაში, ევროპასა და სხვა ქვეყნებში ინახებოდა. გამოფენა იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ მუზეუმის უშუალო გახსნამდე მრავალი ადამიანი ჩადგა მომლოდინეთა რიგში, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ ამავე დღის გამოფენის დასასწრები ბილეთის შეძენას შეძლებდნენ.
1998 წელს ამერიკულმა ჟურნალმა LIFE საგანგებო ნომერი გამოაქვეყნა სათაურით გასული ათასი წლის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და ადამიანი, რომელშიც კაცუშიკა ჰოკუსაი ერთადერთი იაპონელი იყო, ვინც ამ სიისთვის შეირჩა.
კაცუშიკა ჰოკუსაის გავლენა დასავლურ ხელოვნებაზე
კაცუშიკა ჰოკუსაიზე საუბრისას მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის ტრადიციული ხელოვნების ფორმა, რომელსაც იაპონიაში უკიო-ე ეწოდება. უკიო-ე გრავიურებზე აღბეჭდილ მრავალ ფერში გადაწყვეტილ ნახატებს წარმოადგენს. ხელოვნების ეს სტილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მე-18 საუკუნის იაპონიაში და ნამუშევრებზე ასახული იყო იმდროინდელი ადათ-წესები და ჩვეულებები. ამ პერიოდში სიტყვა უკიო (სიტყვასიტყვით მოტივტივე/ცვალებადი სამყარო) საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრებისა და სასიამოვნო მომენტების მრავალფეროვნების აღსაწერად გამოიყენებოდა. ტერმინი უკიო-ე კი სწორედ ამ სიტყვისგან წარმოდგება და იაპონურიდან ითარგმნება, როგორც ცვალებადი სამყაროს ნახატები. აღნიშნული ნამუშევრები ასევე რეკლამებსა და აფიშებზეც გამოიყენებოდა. ამგვარად, ისინი იმდროინდელი იაპონელი მოსახლეობისთვის კულტურის კარგად ნაცნობი ნაწილი იყო. კაცუშიკა ჰოკუსაიც ძირითადად უკიო-ე ნამუშევრებს ქმნიდა.
ისტორია იმისა, თუ როგორ ჩააღწია უკიო-ემ პირველად დასავლეთში, საკმაოდ უჩვეულოა. მე-19 საუკუნეში დასავლეთში კერამიკული ჭურჭლის ექსპორტისას ხალხი უკიო-ე ნახატებს შესაფუთი ქაღალდის დანიშნულებით იყენებდა, რათა ნაკეთობები გზაში დამსხვრევისგან დაეცვათ. ამავე პერიოდში იაპონიაში უკიო-ეს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, სათანადოდ არ აფასებდნენ, ვინაიდან ამ ფორმით შექმნილ ნახატებს ქვეყანაში ძირითადად სარეკლამო დანიშნულება ჰქონდა. თუმცა დასავლეთში ადამიანები გაოცებულები იყვნენ იმ უჩვეულო ვიზუალური ტექნიკებით, რომლებსაც მათთან ჩაღწეულ გასახვევ ქაღალდად გამოყენებულ უკიო-ე ნახატების ხილვისას ამჩნევდნენ.
დასავლეთში უკიო-ე აღიარებული იყო, როგორც ხელოვნების სრულიად ახალი სტილი. ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზი ნამუშევრების დინამიკური თხრობითი კომპოზიციაა, რომელიც უგულებელჰყოფდა დასავლურ ხელოვნებაში დამკვიდრებულ პერსპექტიულ ნორმებს. იგივე შეიძლება ითქვას უნიკალურ ფერებზეც, რომელთა მიღწევაც შეუძლებელი იყო ზეთის საღებავებით.
1867 წელს პარიზში გაიმართა იაპონიიდან ჩამოტანილი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო აბრეშუმის ნაწარმი, თიხის ჭურჭელი, კატანას მახვილები და ასევე უკიო-ე ნახატები. ხალხი დაატყვევა ამ ნამუშევრების სილამაზემ და მალევე შეიქმნა მოძრაობა, სახელად იაპონიზმი.
უკიო-ე ნახატების ურიცხვი რაოდენობა არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავლენიანი კაცუშიკა ჰოკუსაის ნამუშევრებია. ხელოვანს დეტალებზე დაკვირვების გასაოცარი უნარი ჰქონდა, ამგვარად, მისი ნახატები, რომლებიც პეიზაჟებსა და ადამიანებს ასახავს, სავსეა სიცოცხლითა და ყოფიერებით. აღსანიშნავია ისიც, რომ უამრავმა ევროპელმა მხატვარმა შთაგონება სწორედ ჰოკუსაის განსაცვიფრებელ ნიჭში ჰპოვა.
ამბობენ, რომ კაცუშიკა ჰოკუსაისა და სხვა უკიო-ე ხელოვანების მიერ შექმნილმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ისეთ იმპრესიონისტებზე, როგორებიც არიან: მონე, მანე, რენუარი და ვან გოგი. ამ იმპრესიონისტმა მხატვრებმა უკიო-ეს შთაგონებით, კერძოდ, მისთვის დამახასიათებელი ვიზუალური სტილისა და კომპოზიციური ტექნიკების გაერთიანებით, უამრავი ნახატი შექმნეს.
ამრიგად, ჰოკუსაის უკიო-ე ნამუშევრებს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა დასავლურ ხელოვნებაზე და თვითმყოფადი კომპოზიციებისა და ოსტატურად გამოყენებული ფერების დამსახურებით მისი ნახატები დღემდე უამრავ ადამიანს ხიბლავს. თუმცა საინტერესოა, როგორი ცხოვრების წესს მისდევდა თავად ჰოკუსაი?
კაცუშიკა ჰოკუსაის შედევრები: ფუძის მთის 36 ხედი (Fugaku Sanjurokkei)
კაცუშიკა ჰოკუსაიმ 90 წლამდე იცხოვრა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისთვის იაპონელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 50 წელი იყო. ფუძის მთის 36 ხედი (Fugaku sanjurokkei) ხელოვანის ყველაზე კარგად ცნობილი ნამუშევრების სერიაა, რომელმაც მზის სინათლე მხატვრის სიცოცხლის გვიანდელ პერიოდში, 72 წლის ასაკში იხილა.
Fugaku Sanjurokkei იაპონიის სხვადასხვა მხრიდან დანახული ფუძის მთის 36 პეიზაჟს აღნიშნავს. ფუძიამა იაპონიის ყველაზე მაღალი და მშვენიერი მთაა, რომელიც უძველესი პერიოდიდან მოყოლებული საერთო თაყვანისცემის ობიექტია და დღემდე უამრავი იაპონელის სიყვარულს იმსახურებს. 2013 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. როგორც დასახელებიდან ვხვდებით, თავდაპირველად ამ სერიაში 36 სხვადასხვა ნამუშევარი შედიოდა, თუმცა პოპულარობის გამო მოგვიანებით კიდევ 10 ნახატი შეიქმნა და საერთო რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. ხელოვნების ეს თითოეული ნიმუში უაღრესად ინდივიდუალურია და ფუძიამას მკაფიო გამოსახულებები, რომლებიც სეზონებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება, უსასრულობის შეგრძნებას ტოვებს.
კაცუშიკა ჰოკუსაიმ ფუძიამას პეიზაჟებზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, როცა 50 წლის ასაკში ერთი ამბავი გადახდა თავს. კერძოდ, ხელოვანმა ტოკიო დატოვა იმისათვის, რომ 350 კილომეტრის მოშორებით, აიჩის პრეფექტურაში შეგირდი მოენახულებინა და ვინაიდან იგი ფეხით მოგზაურობდა, გზად რამდენიმე საოჯახო ტიპის საცხოვრებელში გაჩერდა. მოგზაურობის დროს მან თითოეული სასტუმროდან დანახული ფუძის მთის პეიჟაზების ესკიზები შექმნა. მრავალი წლის შემდეგ ჰოკუსაიმ ეს კონკრეტული მონახაზები დახვეწა და ამგვარი ძალისხმევით Fugaku Sanjurokkei-ს სერია შექმნა, რომელშიც აღნიშნული ნამუშევრები გააერთიანა.
ამ სერიის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი ნამუშევარია კანაგავას დიდი ტალღა. სურათზე უზარმაზარი და ბობოქარი ზვირთის მიღმა გამოსახულია ფუძიამა, რომელიც იაპონიის სიმბოლოს წარმოადგენს. გრავიურაზე დეტალურად აღბეჭდილი ტალღის შხეფები და ამასთან, თეთრი და ლურჯი ტონალობის ფერებს შორის მომნუსხველი კონტრასტი, განსაცვიფრებელ შეგრძნებებს ქმნის. ნახატზე ასახულია ფუძიამას აღმოსავლეთით, 100 კილომეტრის მოშორებით მდებარე კანაგავას პრეფექტურის ზღვიდან დანახული მთის ხედი.
მთა ფუძის შემჩნევა ასევე შესაძლებელია იაპონიის დედაქალაქ ედოდად, რომელიც დღესდღეობით ტოკიოს სახელით არის ცნობილი. აღნიშნული ნამუშევარი ედოს ცენტრალური ნაწილიდან, ნიჰონბაშიდან დანახულ პეიზაჟს ასახავს. სიცოცხლით სავსე ქალაქის ხედის უკანა ნაწილში ასევე შესაძლებელია ედოს ციხესიმაგრის დანახვაც, რომელიც იმ დროისთვის მთავრობის ადგილსამყოფელი იყო. უკანა ფონზე დაკვირვებისას კი თვალში მოგხვდებათ ზედა ნაწილში არსებული ფუძის მთის ნატიფი გამოსახულება, რომელიც თითქოსდა ქალაქს გადმოჰყურებსო.
ამ ნახატზე იამანაშის პრეფექტურიდან დანახული ფუძიამაა აღბეჭდილი. წინა ორი ნამუშევრისგან განსხვავებით, ფუძის მთა აქ უფრო დიდად მოჩანს, წინა პლანზე წამოწეული უზარმაზარი ხე კი, ხელოვანის თამამ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. კომპოზიციაში ძირითადად ლურჯი და მწვანე ფერებია გამოყენებული და გამოსახულია ნათელი, ახლადაყვავილებული ფოთლებით დამშვენებული საზაფხულო პეიზაჟი.
როგორც ამბობენ, კაცუშიკა ჰოკუსაიმ თავის სიცოცხლეში ფუძიამას 36 ხედის ჩათვლით, დაახლოებით 34 ათასი ნამუშევარი შექმნა და ამ გზით მან მთელი სიცოცხლე თავის შემოქმედებას დაუთმო.
ჰოკუსაის გამოძახილს უკიო-ეს გარდა სხვაგანაც გადააწყდებით
უკიო-ე ნახატებში გამოსახულებები გადამეტებული ზომებითა და პერსპექტივებით არის წარმოჩენილი და არაა გამოყენებული დასავლური მხატვრობისთვის დამახასიათებელი რეალისტური ტექნიკები. მარტივი ხაზოვანი ხელოვნება, სიცოცხლით სავსე პეიზაჟები თუ ადამიანების გამოსახულებები თანამედროვე იაპონურ მანგასა და ანიმეში გამოხატულ ვიზუალურ სტილს წააგავს.
კაცუშიკა ჰოკუსაი ედოს გვიანდელი ეპოქის (1603 წლიდან 1868 წლამდე) ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი ხელოვანია. თუმცა შესაძლოა, გაგაოცოთ იმ ფაქტის ცოდნამ, რომ მან უკიო-ესგან აბსოლუტურად განსხვავებული უამრავი სხვა ტექნიკაც გამოიყენა, როგორიცაა მაგალითად, აკვარელით შესრულებული ნახატები და პრაქტიკულად, იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობდა მრავალფეროვანი ნამუშევრების შექმნას. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია ჰოკუსაის მანგა. ეს არის კაცუშიკა ჰოკუსაის მიერ შეგროვებული იმ ესკიზების ნაკრები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით იქმნებოდა: ეს დაახლოებით ოთხი ათას ნახატს მოიცავს, რომლებზეც აღბეჭდილია, როგორც ადამიანები და ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებები, ისე ცხოველები და მცენარეები. აღსანიშნავია, რომ ჰოკუსაის მანგაზე დახატულ ადამიანთა გამოსახულებებს მრავალფეროვანი მიმიკებისა და ჟესტიკულაციის წყალობით იუმორისტული დატვირთა აქვს. ამ გულმოდგინედ შესრულებულ ესკიზებს გარკვეული ასპექტებით თანამედროვე იაპონურ მანგასთანაც კი აქვს საერთო.
კომენტარები