ქსოვილი კომპიუტერის ფუნქციით, რომლის გამოყენება ტანსაცმლის სახითაც შეიძლება
მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ჭკვიანი ქსოვილი შექმნეს, რომელიც, მათი თქმის, ტანსაცმლის მომავალს შეცვლის. მათი კვლევის შესახებ მოხსენება ჟურნალ Nature today-ში გამოქვეყნდა.
ახალი მატერია, ერთი შეხედვით, სხვა ქსოვილებს ჰგავს — იგი ელასტიური და გამძლეა, ატარებს ჰაერს და ჩვეულებრივი ქსოვილის მსგავსად, მრავალი მიზნისთვის შეიძლება მისი გამოყენება. მეტიც, მის გამოყენებას იმაზე დარდის გარეშე შეძლებთ, რომ ხშირი რეცხვისა და ტარებისგან მალე გაცვდება.
თუმცა, მისი ინოვაციურობა მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. ქსოვილი ელექტრონულია და აქვს რიგი ფუქნციები — შესაძლებელია მისი ინტეგრაცია ასევე ქსოვილისგან დამზადებულ სენსორულ კლავიატურასთან და კვების ბლოკთან, რაც მას ერთგვარი კომპიუტერის ფუნქციას ანიჭებს.
ქსოვილის წარდგენისას მკვლევრებმა აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ხმოვანი შეტყობინებების გასაგზავნად და მისაღებად, რისთვისაც იგი ბლუთუზით უნდა დაუკავშირდეს სმარტფონს.
ქსოვილი შედგება ინდივიდუალური განათებული ნაწილებისგან, რომელიც გამტარისა და მანათობელი ბოჭკოებისგანაა შექმნილი. მათი შემაერთებელი წერტილები კი ქსოვილშივეა მოქცეული.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ათასჯერ მოხრით, გაწელავთ ან სიმძიმით დააწვებით, მეცნიერების თქმით, მისი ერთეულების უმეტესობა შეინარჩუნებს სტაბილურობას. მეტიც, ქსოვილის ნათებას ასჯერ გარეცხვა და გაშრობაც ვერ აკლებს ვერაფერს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი ჭკვიანი ქსოვილი არაა, რაც მეცნიერებს შეუქმნიათ. მისი წინა ვერსია ასევე გამოირჩეოდა ტრადიციული ქსოვილებისგან და მას ელექტროენერგიით მომარაგების ფუნქციას ჰქონდა.
თუმცა, მატერია, რომლებიც მეცნიერებმა ახლახან შექმნეს, პირველია, რომელიც ადვილად ინტეგრირდება ტანსაცმელში და რომელსაც მრავალფუნქციური დისპლეი აქვს.
ქსოვილი სიგრძეში 6 მეტრს, სიგანეში კი 25 სანტიმეტრს აღწევს.
მკვლევრებმა ეს ტექნოლოგია პირველად ჯანდაცვის სფეროში გამოიყენეს — ქსოვილი აძლევს გამარტივებული კომუნიკაციის საშუალებას ადამიანებს, რომლებსაც სხვაგვარად უჭირთ ამის გაკეთება. მეცნიერებმა წარდგენაზე აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს მათი პროდუქტი ტვინის სიგნალებს, რომლებსაც იგი გააანალიზებს იმის გასასგებად, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი და ამ ინფორმაციას ქსოვილის დისპლეიზე გადმოიტანს.
თუმცა, ძნელი არაა იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება უფრო ესთეტიური მიზნებისთვის. კომპანიების დიდი ნაწილი უკვე ცდილობს ტექნოლოგიების ინტეგრაციას მათ ტანსაცმელში.
კომენტარები