რა თქვა ბერამ
პრემიერმინისტრი არა, მაგრამ ყოფილი პრემიერმინისტრის შვილი გამოჩნდა — TV პირველის ეთერით გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერებიდან ზუსტად სამ დღეში, ბერა ივანიშვილმა კრიტიკულს არა, თუმცა კითხვებს უპასუხა. ტელეკომპანია იმედთან მთელი ინტერვიუს განმავლობაში მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ნამდვილი არ არის. მეტიც, აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, პასუხს მოსთხოვს. დაადასტურა ბავშვების მშობლებთან მისვლაც, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები კანონისა და მორალის დაცვით მოინახულეს.
რამდენიმე ეპიზოდი, რამაც ვიდეოს ავთენტურობაში დაგვარწმუნა
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილმა დაადასტურა, რომ მისი ფანების შეურაცხყოფის გამო დაცვამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვანი მოინახულა, თუმცა იყო მხოლოდ "სიტყვიერი დარიგება თუ გაფრთხილება". ბერა ივანიშვილმა თქვა, რომ ეს ყველაფერი 2011 წლის ზაფხულში ხდებოდა.
"მე მაშინ ვიყავი სადღაც 15-16 წლის თინეიჯერი და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის უბრალოდ შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყელვა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, რაღაც საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები, ბავშვებს წერდნენ — ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. [...] რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები", — თქვა ბერა ივანიშვილმა.
აღსანიშნავია მისი კიდევ ერთი ფრაზა — "იქ, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ". ამის შემდეგ ბერა ივანიშვილი ყვება იმისგან ოდნავ განსხვავებულ ვერსიას, რაც, მისი თქმით, ჩანაწერებში გარკვევით ისმის — როცა არასრულწლოვანთან მივიდნენ, საუბარს მშობლები და მეზობლებიც ესწრებოდნენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ამბობს: "რა ხალხი მოდის ბიჭო და მთელი მეზობლები და მთელი უბანი მოყავს და შვილი გარცხვენს რა. მთელი უბნის წინ გაჯ**მენ მთელს სამეზობლოში და იმაში ამბობენ, რომ ყ** ეს ბავშვი, გვაგინებს", მერე კი დასძენს: "მაგას დაპი**ავენ ტო მაგ უბანში".
გარდა ამისა, ექსპრემიერის შვილმა საერთოდ არ ისურვა საუბარი იმაზე, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, პასუხს მოსთხოვს. მას არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით, თუმცა ისაუბრა "ქართველი ვაჟკაცის" ღირებულებებზე.
"მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს".
მეტიც, მან ღიად თქვა ისიც, რომ ძმაკაცს არ გაამტყუნებს, თუ მისი დედის შეურაცხყოფისთვის ვინმეს პასუხს მოსთხოვს და თავადაც ანალოგიურად მოიქცევა. აღსანიშნავია, რომ TV პირველის ჩანაწერებში ისმის "ამიკო", რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ბერას მეგობარი და მეჯვარეა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის სხვადასხვა დროს სხვებსაც ემუქრებოდა.
"როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს რაღაც ლაკი ლუჩიანოდ თუ პაბლო ესკობარი. ის, რომელიც ჩემს ოჯახში, უახლოესი ჩემი მეგობარი, არაერთხელ ყოფილა და უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს, რაღაც საზიზღრობას ჩემს დედიკოზე და ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, მე კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივენაირად ვიმოქმედებ და თავს ვერ შევიკავებ და როგორ შეიძლება ჩემი ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში".
ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრის შვილის მთელი ინტერვიუ შეიცავდა ძველბიჭურ ნარატივს და არა კანონის ჩარევის აუცილებლობასა და მნიშვნელობას, თუ ვინმეს ჯანმრთელობას საფრთხე ნამდვილად ემუქრებოდა. არც ერთხელ ბერა ივანიშვილს არ უხსენებია, რომ სცადა სამართალდამცავების ჩართვა, რომ მუქარა რეალური იყო. მეტიც, მან მუქარაზე რამდენჯერმე ახსენა, მეტწილად კი შეურაცხყოფაზე და იმაზე აპელირებდა, რომ "პასუხს მოითხოვს".
ექსპრემიერის შვილმა თქვა ისიც, რომ "შავი პიარის" დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც ერთი რამის ქვეშ აერთიანებს — მათ დედის სიყვარული არ იციან. ამის შემდეგ კი ისევ შეურაცხყოფაზე და ძმაკაცების პასუხზე ისაუბრა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩანაწერების ნამდვილობა.
"ანუ რაზე აქვთ პროტესტი, რომ მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არამარტო ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის დედის, ოჯახის, ნებისმიერ საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა, ჩემმა მეგობარმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ტერორის მონაწილეა".
მთელი ინტერვიუს ტონალობისა და შინაარსის შესაბამისად, მან ბევრი ისაუბრა დედის კულტზე და თქვა, რომ "დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას და ეს უბრალოდ ასე არ გამოვა". მას არ დაუკონკრეტებია, რა არ გამოვა ასე და რა იგულისხმება ამ ფრაზაში. თუმცა აქვს კითხვა, "სად იზრდებიან ეს ადამიანები".
სამაგიეროდ, ორაზროვანი პასუხი გასცა თარიღთან დაკავშირებულ კითხვას. მთელი ინტერვიუს განმავლობაში, მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ დაცვა იმ ადამიანებთან, რომლებიც მას აგინებდნენ, 2011 წელს მივიდა, თუმცა ამ პერიოდშიც არ გამოურიცხავს იმავე ქმედებისთვის "პასუხის მოთხოვნა", მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომავლისთვისაც ამის პირობა დადო. თუმცა TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე თქვა ეს:
"ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უსმენს მის პრემიერმინისტრს, უსმენს ანზორ ჩუბინიძეს, მისმენს მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხებს, ოღონდ თან თარიღი არ იცის, როდის გვისმენს — გვისმენს, მარა თარიღი არ იცის. თუ ესენი რასაც ამბობენ მთავრობა არ იყო და ანონიმური, უცხო ვიღაც სუპერ აგენტი X არის, ე.ი., ამ კაცმა შეძლო, რომ ამ ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა ჩვენსას და თარიღი არ იცის".
ამის შემდეგ მან გააგრძელა ქართული ოცნების ლიდერების მესიჯბოქსი, რომ ჩანაწერებს ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა.
რა არის "ტრი-ტრი"
ამ ინტერვიუს დროს ბოლო რამდენიმე დღის ყველაზე პოპულარული გამოთქმის ახსნაც მოვისმინეთ. ბერა ივანიშვილმა გვითხრა, რომ ამბობს არა "ტრი-ტრი", არამედ "ანტონიი". მან ეს ფრანგულ ენას დაუკავშირა და ეს ერთადერთია ჩანაწერებიდან, რაც მან პირდაპირ უარყო.
"2010-11 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით, ირაკლიმაც ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით და იქ ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ვიძახი "ანტონიი". ასე ვეძახდით ერთმანეთს, რაღაც ფრანგულ სახელებს. ტრი-ტრი საიდან გაიგეს, მართლა არ ვიცი".
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ეს გამოთქმა მისი ერთ-ერთი სიმღერის კლიპშია და თოლიების ხმას გამოხატავს, ბერა ივანიშვილმა, ქართული ოცნების ლიდერთა ნაწილისა და სამთავრობო ტროლ გვერდებისთვის ჩვეული სიტყვა, "ქათამი" გამოიყენა, რითიც, სავარაუდოდ, კონკრეტული ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადა. შესაძლოა, ეს იყოს ჰომოფობიური განცხადებაც, თუმცა რადგან მეტად არ დაუკონკრეტებია, ზუსტი შეფასება გვიჭირს.
"მე როგორც ვიცი, ისინი ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვეს ქათმების ხმა, შემდეგ თოლიების ხმებსაც დაჯერდნენ", — თქვა მან.
"შეეხებიან ყველაზე სენსიტიურ თემებს, რომ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში ან პროვოკაციაში"
ბერა ივანიშვილმა გაიმეორა ქართული ოცნების მესიჯბოქსი პროვოკაციების შესახებაც და თქვა, რომ საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ მისი მხარდამჭერები "მწყობრიდან გამოიყვანოს".
"შეეხებიან იმ ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სენსიტიურ, ყველაზე ძვირფას თემებს, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში ან პროვოკაციაში და ჩვენ ორმაგი სიძლიერე და თავშეკავება გვმართებს", — თქვა ეს ექსპრემიერის შვილმა და იქვე დასძინა, რომ ეს სათქმელად ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შესასრულებლად და რომ მის ძმაკაც ამიკოს ვერ გაამტყუნებს.
ბერა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ "ბოტები, სოციალური მედიის ბულინგის ინსტრუმენტები, უკანონო მოსმენა აწყობილი თემა იყო იმისთვის, რომ ჩვენ წამოვეგეთ რაიმე პროვოკაციაზე". მან ხელი რამდენჯერმე გაიშვირა ყოფილი ხელისუფლებისკენ და თქვა, რომ მათ ეს არ გამოუვიდოდათ.
"თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც ისინი ამ ყველაფერს მართავდნენ და აკონტროლებდნენ, ჩვენ რომ იქ რამე შეგვშლოდა, რამე შეცდომა დაგვეშვა, თქვენი აზრით, ისინი ამას გვაპატიებდნენ?".
ინტერვიუს დასასრულს, ბერა ივანიშვილმა ისურვა "ცოტა ვრცლად" ესაუბრა მისი კარიერის 1-2 ეპიზოდზე და გვითხრა, რომ Youtube-ზე, Tik-Tok-ზე არეპორტებენ და მეტიც, როცა ამაზონის ტყეებისთვის ფული გაიღო, ბრაზილიურ მედიას "აქედან ურეკავდნენ, აგინებდნენ".
"შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, ყოველდღე არეპორტებს ჩემს გვერდს [Tik-Tok] რამდენიმე ასეული, თუ არა ათასეული ექაუნთი, აბსოლუტურად ყველა საქართველოდან. უბრალოდ დაზიანდა ჩემი ექაუნთი, მით უმეტეს, როცა ვპოსტავდი ვიდეოს ჩემს შვილთან, ჩემს მეუღლესთან და იქ შედიოდა ათასობით რეპორტი, რომ ეს არის პორნგრაფია, ტერორიტული მიმართვა, სახიფათო კონტენტი...".
ბერამ გვითხრა ისიც, რომ დაუკავშირდა Tik-Tok-ის მენეჯერს და მისი პასუხის მიხედვით, აპლიკაციის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ვიღაცას "ასე ებრძვიან". ის შეგვპირდა, რომ "ყველაფერი კარგად იქნება და აუცილებლად აღადგენს", მის გულშემატკივარს, "ნამდვილებს" კი მუსიკალურად გააქტიურებას დაჰპირდა და სამხრეთ კორეაში ვიზიტი დააანონსა.
ჯერჯერობით არ ვიცით, რას გვეტყვის ჩანაწერების კიდევ ერთი მთავარი მონაწილე — ირაკლი ღარიბაშვილი. ის ახლა საქართველოს პრემიერმინისტრია, თუმცა არ ვიცით, რა თანამდებობაზე იყო მაშინ, როცა ძალადობას გეგმავდა ან კონკრეტულ ფაქტებზე იცინოდა. სამი დღის შემდეგ, ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შესახებ განცხადებით გამოჩნდა, ჩანაწერებზე კი ამ დრომდე არ უსაუბრია. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ქართული ოცნების ლიდერების, ასევე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსისა და ახლა უკვე ბერას მსგავსად, ღარიბაშვილიც ყველაფერს 2010-2011 წელს დაუკავშირებს და კონკრეტულ ადამიანებთან მისვლასაც დაადასტურებს, თუმცა ძალადობას უარყოფს.
კომენტარები