შანსი, რომ "ახალი" COVID ვიხილოთ იმაზე მაღალია ვიდრე გვეგონა — კვლევა
კორონავირუსი, ამჟამინდელი პანდემიის გამო, COVID-19-თან გახდა ასოცირებული. თუმცა, რეალურად კორონავირუსი ერთი ოჯახია, რომელიც მსგავს ვირუსებს აერთიანებს. ამ ოჯახში მეცნიერებმა 4 ჯგუფი გამოყვეს — ალფა, ბეტა, გამა და დელტა.
ადამიანების ინფიცირების უნარი აქედან მხოლოდ ალფა და ბეტა კორონავირუსებს აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ბიოლოგიის კატეგორიზაცია გვიყვარს, ბუნება არც ისე დისკრიმინაციულია.
ვირუსები ერთმანეთში გენეტიკურ ინფორმაციას ხშირად ცვლიან, ხოლო სულ უფრო მეტი ცხოველის ინფიცირებით ვირუსის ახალი ვარიანტები და ინფიცირების ახალი გზები წარმოიქმნება.
მიუხედავად იმისა, რომ ნავარაუდევია, რომ SARS-CoV-2 ღამურებიდან წამოვიდა და შუამავალ გადამტანს, პანგოლინს გადაეცა, ახალი კორონავირუსის წარმოშობა, ისევე როგორც მისი ადამიანებში გავრცელების წყარო, ზუსტად არ ვიცით.
ახალი კვლევა, რომელიც მანქანურ დასწავლას იყენებს, ცდილობს გამოიცნოს რა ცხოველებს შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსის სხვადასხვა შტამები, რომელთა ურთიერთქმედებითაც შეიძლება ვირუსის ახალი ვარიანტი წარმოიქმნას, რომელიც ადამიანს დააინფიცირებს.
ამ ვირუსის პოტენციურ მასპინძელთა რიცხვი იმაზე 12-ჯერ მეტია, ვიდრე უბრალოდ დაკვირვებით გვეგონა. ამასთანავე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 30-ჯერ მეტი პოტენციური მასპინძელი ცხოველია, რომელიც SARS-CoV-2-ს ატარებს და ვირუსების რეკომბინაციით შეიძლება ახალი, უფრო მახინჯი ვარიანტი წარმოიქმნას.
მკვლევრების მონაცემებით, SARS-CoV-2-ის 126 მატარებელი ძუძუმწოვარი და 2 544 უნიკალური ინტერაქცია არსებობს, რამაც შეიძლება ახალ კორონავირუსს ახალი "ტრიუკები" ასწავლოს, რაც მისი ახალი შტამების წარმოქმნას შეიძლება უწყობდეს ხელს.
SARS-CoV-2-ის მატარებელი ძუძუმწოვრები სხვა კორონავირუსებსაც ატარებენ. ვირუსებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა საშიშია. სამწუხაროდ, ახალი, უფრო მომაკვდინებელი შტამის, ან კიდევ სხვა კორონავირუსის წარმოქმნის ალბათობის განსაზღვრა შეუძლებელია.
თუმცა, მომავალი პანდემიების თავიდან ასარიდებლად და მათთან სათანადოდ შესახვედრად, ახლა მნიშვნელოვან გაკვეთილებს ვსწავლობთ და გამოცდილებას ვიღებთ.
კომენტარები