როგორც წესი, ქართულ მედიაში დიდი გადაადგილებები წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ყოფილა ცვლილებები არჩევნების შემდეგაც, რაც ხშირად საარჩევნოდ მობილიზებული რესურსის შემცირებითაა განპირობებული.

აღმოჩნდა, რომ სატელევიზიო მედიაში გადაადგილებებია ახლაც. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება ზოგჯერ მცირეა, საზოგადოების ინტერესი დიდია, რადგან ყოველდღიურ რეჟიმში სწორედ ეს ადამიანები ქმნიან იმ გადაცემებს, რომლებიც ზოგისთვის ინფორმაციის წყარო, ზოგისთვის კი ყურადღების მოდუნების საუკეთესო საშუალება ხდება.

On.ge შეეცადა სატელევიზიო მიგრაციების შესახებ ბოლო ცნობები შეეგროვებინა.

ფოტო: Shutterstock

რუსთავი 2

On.ge-ს რუსთავი 2-ში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვეა აქვს. ამის გარკვევას სხვადასხვა წყაროსთან ვცდილობდით, თუმცა რესპონდენტები კითხვებს თავს არიდებდნენ. უკვე 17 მარტს კი ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დაგვიდასტურა, რომ რუსთავი 2-დან 2017 წელს იმედში გადასული პროექტების მენეჯერები, დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია ტელეკომპანიაში დაბრუნდნენ.

რუსთავი 2-ში დაბრუნებამდე ისინი მათივე კომპანიის, ნოვა ფროდაწშენის მეშვეობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობდნენ.

"რა თქმა უნდა, ბევრი გასართობი და პოლიტიკური გადაცემა იგეგმება დემნასთან და გიორგისთან ერთად. ისინი უხელმძღვანელებენ პროცესებს, ძალიან ბევრი გეგმა, ამოცანა გვაქვს დასახული უკვე. ერთ დღეში ყველაფერი ვერ მოხდება, თუმცა დემნა, გიორგიც, ჩვენი მენეჯმენტიც და ზოგადად, თანამშრომლებიც, შემართებით არიან", — ამბობს ის.

პაატა სალიამ არ გამორიცხა, რომ განიხილება ნოვა ფროდაქშენის პროექტების რუსთავი 2-ზე გადატანაც, მაგრამ როგორც მან თქვა, "ეს მომავლის პერსპექტივაა და ძალიან რთულია ამაზე ვისაუბროთ".

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის კლების მიზეზით, რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია ჯერ კიდევ 5 მარტს გამოცხადდა. სალიას თქმით, ეს მიზნად სწორედ იმას ისახავდა, რომ არხი გაძლიერდეს და ისეთი სტრუქტურა შეიქმნას, რომელიც სატელევიზიო ბაზარზე სამომავლოდ მათ პირველობას უზრუნველყოფს.

პაატა სალია ამბობს იმასაც, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში გარკვეული თანამშრომლები, ალბათ, არხს დატოვებენ, თუმცა მასობრივ დათხოვნას უარყოფს. მისივე თქმით, ჯერ კიდევ ახალ წლამდე თანამშრომელთა დიდი ჯგუფი, დაახლოებით, 70-80-მდე ადამიანი წავიდა, მათ შორის, კომედი შოუს გუნდიც.

რუსთავი 2-ს დაუბრუნდა დავით ნიკურაძე, რომელიც წლების განმავლობაში არხის აშშ-ის კორესპონდეტი იყო, ტელევიზიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შემდეგ კი, ფორმულაზე გადავიდა. პაატა სალია ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ყოფილი თანამშრომლების არხზე დაბრუნების შესახებაც, თუმცა არ ამბობს, კონკრეტულად ვისთან.

On.ge-ს ინფორმაციით, მათ შორის, განიხილება დავით გოგიჩაიშვილის დაბრუნებაც. ამას პაატა სალია არც ადასტურებს და არც უარყოფს.

დავით გოგიჩაიშვილი

ფოტო: BPI.GE

დავუკავშირდით თავად გოგიჩაიშვილსაც, რომელმაც გვითხრა, რომ ტელევიზიაში უკვე რამდენიმე წელია აღარ არის, თუმცა დაადასტურა, რომ რუსთავი 2-სა და TV11-ის პროდაქშენს შორის ერთი შეხვედრა შედგა.

"მე აღარ ვარ ტელევიზიაში, რაღაც მენეჯმენტ ტრენინგებში გადავედი, ირაკლი კაკაბაძე არის და მეგობრულად მას რაღაცებში ვეხმარები, ოღონდ არა ისე, როგორც ადრე ვიყავი ჩართული. რუსთავი 2-ს შეხვდა კაკაბაძე, მახსოვს, მეც ვიყავი. ლაპარაკი იყო იმაზე, რაღაც პროექტებს TV11-ს შეუკვეთავდა თუ არა.

ერთი შეხვედრა შედგა და იმის შემდეგ კაკაბაძემ უთხრა, რომ სერიალი შეგვიძლია და ა.შ., რასაც უკეთებს სხვადასხვა ტელევიზიას, მაგალითად, საზოგადოებრივისთვის TV11 რაღაც პროექტს აკეთებს და ასე შემდეგ. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რადგან ეს არის პროდაქშენ სტუდია, რომელსაც სხვადასხვა ტელევიზიამ შეიძლება დაუკვეთოს რაღაც პროდუქციის წარმოება", — თქვა მან.

გარდა ამისა, სალიას ვკითხეთ რუსთავი 2-და და Prime Time-ს ერთ მედიაჰოლდინგში მოქცევაზეც, რის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად On.ge-მ გაავრცელა. მისი თქმით, ეს იქნება ერთგვარი კოლაბორაცია იმისთვის, რომ თანამშრომლობით მეტი ეფექტურობა მიიღონ.

"ჩვენს თანამშრომლებს ეს ინფორმაცია და მისი სამართლებრივი ნაწილი გავაცანით. უკვე ჰოლდინგი გააგრძელებს, ფაქტობრივად, რუსთავი 2-ის სახელით მაუწყებლობას, რუსთავი 2-ის სავაჭრო ნიშნით. გარდა იმისა, რომ მაყურებელი უკეთესი ხარისხის მრავალფეროვან პროგრამირებას ნახავს, სხვა არაფერი იცვლება", — გვითხრა პაატა სალიამ.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი არაფერს ამბობს ჰოლდინგში წილების გადანაწილებაზე. პაატა სალიას თქმით, ამაზე ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რეორგანიზაცია ზუსტად იმას ისახავს მიზნად, რომ არხი გაძლიერდეს და ისეთი სტრუქტურა დალაგდეს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უახლოეს მომავალში პირველები ვიყოთ საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე.

პაატა სალია.

"სამუშაო პროცესი მიდის, როგორც შემოქმედებით, ასევე, სტრუქტურულ და მენეჯმენტის ნაწილში. ბევრი რამეა დასამატებელი და უახლოეს მომავალში ამის თაობაზე გავაკეთებთ კომენტარს. მიდის გარკვეული მოლაპარაკებები [წილებთან] დაკავშირებით და ახლა რა ციფრიც არ უნდა გითხრათ, პირობითია. ორი იურიდიული პირია ჰოლდინგის მონაწილე, Prime Time და რუსთავი 2, შესაბამისად, ამ კომპანიების მენეჯერები, დირექტორები მიიღებენ გადაწყვეტილებას კომპანიებთან დაკავშირებით, ცალკე თავისი სტრუქტურული ერთეული ეყოლებათ", — გვეუბნება სალია.

მისი ინფორმაციით, არ იგეგემება რუსთავი 2-ის ლოგოს, სავაჭრო ნიშნის, გადაცემების ცვლილება, თუმცა არხი გახდება უფრო რეიტინგული.

On.ge Prime Time-ის დამფუძნებელს, თაკო ფხაკაძესაც ესაუბრა. ის გვეუბნება, რომ ჰოლდინგში ის აქციონერი იქნება.

"Prime Time-ის მფლობელი ვარ, 50% არის ჩემი, 50% ჩემი ქმრის. შესაბამისად, რახან Prime Time-მა შექმნა ეს ჰოლდინგი, წილობრივი გადანაწილებაც მოხდა და ვარ აქციონერიც. თვითონ რედაქციაში რაც შეეხება, დაახლოებით, მე-9 თვეა ვარ ღამის კურიერის პროდიუსერი. ეს იქნება ჩემი აქაური პოზიციონირება", — გვითხრა თაკო ფხაკაძემ.

ამ დროისთვის, ჰოლდინგში წილების გადანაწილება რეესტრში ასახული არ არის. რუსთავი 2-ის 60%-იან წილს ქიბარ ხალვაშ ფლობს, 40% კი მისივე კომპანიის სახელზეა. რაც შეეხება Prime Time-ს, როგორც ფხაკაძემაც აღნიშნა, მას ქმართან ერთად ფლობს.

ფხაკაძის თქმით, ჰოლდინგში წილები რუსთავი 2-სა და Prime Time-ს შორის, ნახევარ-ნახევარზე განაწილდება, ხოლო Prime Time-ის პასუხისმგებლობა დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნება სასპონსორო.

რაც შეეხება ინფორმაციას გიორგი კაპანაძის, იგივე რიჟას მიერ დაფინანსების შესახებ, თაკო ფხაკაძე On.ge-სთან ამბობს, რომ ეს ჭორია. მან ასევე აღნიშნა, რომ დის შვილთან, ანუ კაპანაძესთან პრობლემა არ ექნებოდა, მაგრამ საკითხი აქამდე არ მისულა, რადგან Prime Time-ს მაღალი რეიტინგი აქვს და შემოსავლის პრობლემა არ აქვს. კაპანაძე გიგი უგულავას საქმეში მის წინააღმდეგ მთავარი მოწმე იყო.

25 მარტს რუსთავი 2-ს დაემშვიდობა პროფილის წამყვანი, მაია ასათიანი.

"დღეს მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ", — თქვა მან.

პაატა სალიამ კი განაცხადა, რომ გადაცემა არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით არ დახურულა და გადაწყვეტილება მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, მას შემდეგ მიიღო, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა შორენას ეფექტი.

On.ge-მ სცადა მაია ასათიანთან გარკვევა, რომელ ტელევიზიაში გადადის და რა იყო რუსთავი 2-დან მისი წამოსვლის მიზეზი, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჩვენთვის ცნობილია, ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ასათიანი და სავარაუდოდ, სწორედ ამ არხზე ვიხილავთ კიდეც მას, თუმცა ამის შესახებ მომდევნო ქვეთავში წაიკითხავთ.

მანამდე კი გეტყვით, რომ პაატა სალიას ვკითხეთ არხიდან მისი წასვლისა და წილების ჩხარტიშვილზე გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რასაც სალია არ ადასტურებს.

TV პირველი

On.ge-ს ინფორმაციით, პროფილის ავტორი და წამყვანი, მაია ასათიანი გადაცემის გუნდთან ერთად TV პირველზე გადადის. ინფორმაციის გადასამოწმებლად არხის კომერციული დირექტორ, ნანა აბურჯანიძეს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ აღნიშნულზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

არხის დამფუძნებელი, ვატო წერეთლის თქმით კი, გამომდინარე იქედან, რომ მაია ასათიანი რუსთავი 2-ს გუშინ დაემშვიდობა, მასთან მოლაპარაკებები TV პირველში შესაძლო გადასვლაზე დღეს, 26 მარტს შედგება. მეტ დეტალზე ის ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.

რაც შეეხება ზოგადად, ტელევიზიაში მიმდინარე ცვლილებებს, წერეთელი ამბობს, რომ TV პირველზე სიახლეებზე ყოველთვის მუშაობენ, ამიტომ ამას არც ახლა გამორიცხავს.

"ჩვენთან სულ იგეგმება რაღაც და სულ ახლისკენ მივისწრაფვით", — ამბობს ის.

ფორმულა

ცვლილებებია ტელეკომპანია ფორმულაშიც, რომელიც რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების შემდეგ არხის ყოფილმა თანამშრომლებმა შექმნეს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე გვეუბნება, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ბევრი თანამშრომელი გაუშვეს, ნაწილი — დაიმატეს. მისი თქმით, იგეგმება მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა და ახალი გადაცემები.

"ბევრი ახალი თანამშრომელიც დავიმატეთ და ბევრ ახალ პროექტსაც ვიწყებთ. უბრალოდ, ჩვეულებრივი მენეჯერული გადაწყვეტილებები მივიღეთ სამსახურში. ზოგადად, ყველა მიმართულებით გავაკეთეთ ოპტიმიზაცია, რომ უფრო მრავალფეროვანი კონტენტი გვქონდეს", — თქვა მან.

ფოტო: ფორმულა

საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღარ არის გიორგი ლაფერაშვილი. იგი ახლა არხზე თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერის თანამდებობას იკავებს.

"ამ წუთას საინფორმაციოს უფროსის პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ ნიუსრუმს ნანა ინწკირველი ხელმძღვანელობს", — გვითხრა გუმბარიძემ.

ფორმულაზე გადავიდა კომედი შოუ, რომელიც მანამდე რუსთავი 2-ზე აგრძელებდა მუშაობას. გარდა ამისა, 24 მარტს არხზე ახალი გადაცემის — მე-17 სართულის პრემიერა შედგა, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც თბილისის მერის, კახა კალაძის ყოფილი მოადგილე, სოფო ხუნწარიაა. მან მერიაში თანამდებობა 2020 წლის მაისში დატოვა.

გუმბარიძეს ვკითხეთ ისიც, შედგა თუ არა მოლაპარაკებები რუსთავი 2-დან წამოსულ პროფილის გუნდთან. ის ამ კითხვას უარყოფითად პასუხობს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სიახლეებს აანონსებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც. არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი გვეუბნება, ახალი გადაცემები იქნება, როგორც ამ, ასევე, შემდეგ სეზონზე.

"ცხადია იგეგმება, როგორც გაზაფუხლის სეზონზე, ასევე, შემდეგ უკვე სექტემბრის სეზონზე. საკმაოდ ბევრი სიახლე იგეგმება. ეს სიახლეები იქნება თანაბრად ყველა მიმართულებით", — თქვა მან.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ამასთან, ის ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ზე გადასული დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას კომპანიას, ნოვა ფროდაქშენს, ჯერ-ჯერობით პირველ არხთან მიმდინარე კონტრაქტი ისევ აქვს.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს კონტრაქტი ნოვა ფროდაქშენთან, წლის ბოლომდე და ახლა უკვე The Voice ეთერშია და მასტერშეფი 4 აპრილს იქნება ეთერში", — აცხადებს ის.

მთავარი არხი

რაც შეეხება მთავარ არხს, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია On.ge-სთან ამბობს, რომ მათთანაც ბევრი სიახლე იგეგმება.

ფოტო: მთავარი არხი / FB

"დიახ, სიახლეები არის, უბრალოდ ახლა ვერ დაგიზუსტებთ. მზადების პროცესში ვართ და სავარაუდოდ, მომავალი თვიდან, იმედი მაქვს, გვექნება რამდენიმე სიახლე და არა ერთი. ეს შეეხება, ზოგადად, ყველა მიმართულებას", — გვითხრა გვარამიამ.

ტელეკომპანია იმედი

28 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის გაყიდვის შესახებ. უკვე 29 იანვარს კი ტელევიზიის ოფიციალური განცხადებით დადასტურდა, რომ იმედს Hunnewell Partners ყიდულობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ირაკლი რუხაძეა.

რუხაძის თქმით, მან ტელეიმედი პარტნიორებთან ერთად 2 წლის წინ შეიძინა, ახლა კი მხოლოდ ფორმალური გადაფორმების თანხმობა მიიღო.

"მე და ჩემმა პარტნიორებმა ტელეიმედი ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო. დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს", — თქვა მან.

ფოტო: იმედი / Facebook

იმედის განცხადებით, საქართველოში Hunnewell Partners-ის პორტფელი წარმოდგენილია ისეთი ორგანიზაციებით, როგორებიცაა მაგთიკომი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჰაიდელბერგ ცემენტი, ლიბერთი ბანკი, აიდიეს ბორჯომი და ტელეიმედი.

ტელეკომპანია იმედის დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე არხზე სხვა არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

"არა, ბადე, რაც დავაანონსეთ სეზონის დასაწყისში, იგივეა, უცვლელია. ამ სეზონზე, ჯერ-ჯერობით, არანაირ ცვლილებას არ ვაპირებთ", — გვითხრა ლალიაშვილმა.

მაესტრო

რაც შეეხება მაესტროს, On.ge-ის ინფორმაციით, არხში შექმნილი კრიზისის გამო, მისი დახურვა განიხილება. ამის გადასამოწმებლად ჩვენ არხის აღმასრულებელ დირექტორს, ვაკო ავალიანს დავუკავშირდით.

"არ ვარ ამაზე ინფორმირებული, ჯერ-ჯერობით არავის უთქვამს ჩემთვის, რომ არხმა მაუწყებლობა უნდა გააჩეროს. ჩვეულებრივად ეთერშია არხი", — თქვა მან.

ის გვიდასტურებს, რომ არხზე კადრები შემცირდა, თუმცა აღნიშნავს, რომ საინფორმაციო ბადე შენარჩუნებულია და ამ მხრივ, ცვლილებები არ არის.

"ამ ფორმულირებით ვერ იტყვი, რომ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი წავიდა. მოხდა არხზე ოპტიმიზაცია. სხვადასხვა მიზეზია შექმნილი, ყველა არხზე არის ფინანსური პატარ-პატარა პრობლემა, რაც პანდემიით არის გამოწვეული. მაესტრო არის საინფორმაციო არხი და მთავარია, რომ საინფორმაციო ბადე შენარჩუნებულია, პირდაპირ ეთერში რაც იყო ყოველთვის, პირდაპირ ეთერში იქნება, უბრალოდ შემცირებული შემადგენლობით", — ამბობს ავალიანი.

ფოტო: მაესტრო / Facebook

კავკასია

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი გვეუბნება, რომ ახლა არხი ძირითადად საინფორმაციო სამსახურის გაძლიერებაზე მუშაობს.

"მოგეხსენებათ, არ არის სახსრები, მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში და ჩვენი შემოსავლებით, რაც გაგვაჩნია, ვცდილობთ, რომ ტექნიკური გადაიარაღება, პლუს ადამიანური რესურსების მობილიზაცია გავაკეთოთ, დავამთავროთ სტუდიები, რაც ფიზიკურად გვაქვს და ცოტა უფრო ძლიერად იმუშაოს ჩვენმა საინფორმაციო სამსახურმა. ჯერ-ჯერობით, მეტი ფუფუნების საშუალება არ გვაქვს", — ამბობს ის.

ჯანგირაშვილი სამომავლოდ სიახლეებსაც აანონსებს, თუმცა, ამ ეტაპზე, დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.

"ვგეგმავთ, ასევე, რამდენიმე გადაცემის დამატებას, თუმცა ახლა ასე ღიად ვერ ვისაუბრებ. თუმცა სიახლეებს ნამდვილად ვაპირებთ, ვმუშაობთ ამაზე და ვცდილობთ მოვიძიოთ ფინანსური საშუალებები, რომ ეს გავაკეთოთ", — თქვა მან.

POSTV

საინტერესო პროცესებია შალვა რამიშვილის POSTV-შიც. ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი მრჩევლი, ლაშა ნაცვლიშვილი არხზე ჯერ დაბრუნდა, დაახლოებით ერთ თვეში კი ისევ წამოვიდა.

ფოტო: POSTV

"ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!" — დაწერა მან Facebook-ზე არხის მორიგ ჯერზე დატოვებისას.

ნაცვლიშვილი POSTV-ში მანამდეც მუშაობდა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო წილის მფლობელიც. თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთის ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად გადაინაცვლა.

ვრცელდება ინფორმაცია ტელევიზიაში ფინანსური პოლიციის შესვლის შესახებაც. შალვა რამიშვილმა ეს არ დაადასტურა და უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე მიგვითითა. 13 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

შალვა რამიშვილის ვკითხეთ, იგეგმებოდა თუ არა სხვა პროგრამული ცვლილებები არხზე, რაზეც გვითხრა, რომ ნებისმიერი ცვლილება, რაც პოლიტიკურ ნაწილს შეეხება, "ნაციონალური არხების მხილებისკენ" იქნება მიმართული.

"ჩვენ ვართ მხილების ტელევიზია და ჩვენი ამოცანაა ნაციონალური არხების, ფორმულას, მთავარის და TV პირველის ბინძური ტყუილების მხილება. ყველა ცვლილება, რაც იქნება პოლიტიკურ ნაწილში, იქნება ამ მიმართულების გაძლიერება, რაც ძალიან კარგად გამოგვდის, რასაც ჩვენი რეიტინგებიც ცხადჰყოფს", — გვითხრა მან.

არხის სამომავლო გეგმებზე რამიშვილმა POSTV-ის ეთერშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპირებენ როგორც გასართობი, ასევე, ანალიტიკური მიმართულებით გადაცემების დამატებას.

"ჩვენ მეტი რეიტინგი გვინდა, მეტი რეკლამა. გვინდა, რომ გავაკეთოთ კიდევ ერთი დიდი გასართობი გადაცემა, იმიტომ, რომ როცა ეს დაწყნარდება, ეს სიგიჟე დასრულდება და ადამიანებს მოუნდებათ გართობა, ჩვენ მათ ზუსტად იმას შევთავაზებთ, რაც სურთ. რაც შეეხება ანალიტიკას, კვირა გვაქვს ასათვისებელი, ანალიტიკური კვირაც უნდა გავაკეთოთ", — თქვა მან.


შესაძლოა, ეს არ იყოს ყველა ცვლილება, რომელიც დაგეგმილია ტელევიზიებში, მაგრამ ფაქტი ერთია — გადაადგილებები კვლავ გააქტიურდა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამის მიზეზი მხოლოდ უკეთესი შეთავაზებები არ არის და ხშირად, ეს კონკრეტული არხის სარედაქციო პოლიტიკასაც უკავშირდება.