Xiaomi-ს ახალ კონცეპტს ოთხივე მხარეს გადახრილი ეკრანი აქვს
წლების წინ, Xiaomi სმარტფონების სამყაროში რიგით ჩინურ ბრენდად აღიქმებოდა, თუმცა დაუღალავი შრომისა და მრავალი სარისკო ნაბიჯის შემდეგ, დღეს მათ ბაზრის 13,1% უჭირავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს დედამიწაზე Xiaomi-ს სმარტფონი უფრო მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე Apple-ის.
შაომი საუცხოო კონცეპტების წარდგენისგან თავს არასდროს იკავებდა, მათ დასაკარგი იმაზე ცოტა აქვთ, ვიდრე ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიც სამსუნგი და ეფლი არიან. ამ უკანასკნელთა შემთხვევაში სარისკო ნაბიჯი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს და მათი აქციების ფასზე დრამატულად აისახოს, მაგრამ როცა საქმე ჩინურ ბრენდს ეხება, ყველაფერი პირიქითაა. შაომი არასდროს ერიდება ისეთი პროდუქტის წარდგენას, რომელმაც შეიძლება დღის სინათლე საერთოდაც ვერ იხილოს და ამის გამო მათ არავინ გაკიცხავს.
დღეს სწორედ ასეთი დღეა. შაომიმ ახალი კონცეპტი წარადგინა, რომელსაც ოთხივე მხარეს გადახრილი ეკრანი აქვს.
ასეთი ტიპის პანელს კომპანია ჰიპერმოხრილ 88 გრადუსიან ეკრანს უწოდებს, რაც შეიძლება ითქვას, რომ პირველია სმარტფონების სამყაროში.
კონცეპტი გამორჩეულია იმითაც, რომ მას არ აქვს არც ერთი პორტი და ფიზიკური ღილაკი.
შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ რენდერებია, მაგრამ The Verge-თან საუბრისას, შაომის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სმარტფონის რეალური პროტოტიპი უკვე არსებობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ან საერთოდ ჩაეშვება თუ არა სმარტფონი მასობრივ წარმოებაში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინურმა გიგანტმა Mi Mix Alpha დახლებზეც კი განალაგა, მაშინ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს სმარტფონიც რეალობად იქცევა.
კომენტარები