მეცნიერებმა "გალაქტიკური კანიბალიზმის" მოვლენა და ბნელი მატერიის ჰალო აღმოაჩინეს
ასტრონომები ფიქრობენ, რომ მათ აღმოაჩინეს უძველესი მაგალითი "გალაქტიკური კანიბალიზმის" — მოვლენა, რომლის დროსაც ერთი გალაქტიკა მის მეზობელ შედარებით მცირე ზომის გალაქტიკას შთანთქავს. ეს დასკვნები მეცნიერბმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც დედამიწიდან 163 000 სინათლის წლით დაშორებულულტრაბუნდოვან ჯუჯა გალაქტიკაში, სახელად Tucana II-ში ბნელი მატერიის ჰალო აღმოაჩინეს.
Tucana II ერთ-ერთია იმ ჯუჯა გალაქტიკებიდან, რომლებიც ირმის ნახტომს არტყამს გარს. მეცნიერები თვლიან, რომ ისინი სამყაროს უპირველესი გალაქტიკებიდან შემორჩენილ არტეფაქტებს წარმოადგენენ და Tucana II მათ შორის ყველაზე პრიმიტიულია.
ახალ კვლევაში, რომელიც ორშაბათს ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა, ასტროფიზიკოსებმა განაცხადეს, რომ მათ ავსტრალიის SkyMapper ტელესკოპისა და ჩილეს Magellan ტელესკოპის გამოყენებით აქამდე უცნობი ცხრა ვარსკვლავი აღმოაჩინეს Tucana II-ის კიდეზე. ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრიდან საკმაოდ დიდ მანძლზე არიან დაშორებულნი, თუმცა ისინი მაინც რჩებიან მცირე ზომის გალაქტიკის გრავიტაციულ ველში.
მათი განლაგება მეცნიერებს აწვდის პირველ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ Tucana II ბნელი მატერიის ჰალოს შეიცავს, რაც გალაქტიკას შორეულ ვარსკვლავებზე გავლენის შენარჩუნებაში ეხმარება. ბნელი მატერიის ეს რეგიონი იმაზე 3-5-ჯერ უფრო ვრცელია, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ. კვლევა იმასაც გვთავაზობს, რომ სამყაროს ყველაზე ადრეული გალაქტიკები ბევრად უფრო მასიური იყო, ვიდრე აქამდე მეცნიერებს მიაჩნდათ.
"Tucana II-ს იმაზე მეტი მასა აქვს, ვიდრე წარმოგვედგინა. აქედან გამომდინარე ის იმ ვარსკვლავების მოქცევასაც ახერხებს თავის გრავიტაციულ ველში, რომლებიც მისი ცენტრისგან ამდენად არიან დაშორებულნი. ეს კი ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, სხვა რელიქტურ გალაქტიკებსაც მსგავსი გაშლილი ჰალოები აქვთ", — აღნიშნავს თავის განცხადებაში კვლევის თანაავტორი და MIT-ის კურსდამთავრებული სტუდენტი, ანირუდ ჩითი.
მეცნიერები თვლიან, რომ გალაქტიკის სტაბილურობას სწორედ ბნელი მატერია უზრუნველყოფს — ჰიპოთეტური ნივთიერება, რომელიც მათი აზრით მთელი სამყაროს 85%-ს შეადგენს, განმარტავს MIT News. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, იგი პირველად შეამჩნიეს ულტრაბუნდოვან ჯუჯა გალაქტიკაში.
"ბნელი მატერიის გარეშე გალაქტიკები უბრალოდ გაიფანტებოდნენ მთელ სამყაროში. ბნელი მატერია ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, რომელიც გალაქტიკის ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი და ამ უკანასკნელის სტაბილურობას უზრუნველყოფს", — ამბობს ჩითი.
მკვლევრები ისიც აღმოაჩინეს, რომ Tucana II-ის კიდეზე მდებარე ვარსკვლავები იმაზე უფრო ძველია, ვიდრე ამავე გალაქტიკის ბირთვში მდებარე ვარსკვლავები — ეს ასეთ გალაქტიკაში მსგავსი დისბალანსის პირველი მაგალითია. ეს აღმოჩენა იმ შესაძლებლობაზე მიუთითებს, რომ ეს გალაქტიკა შესაძლოა იმ მოვლენის შედეგი იყოს, რასაც მეცნიერები გალაქტიკურ კანიბალიზმს უწოდებენ.
"ამ გალაქტიკის სახით შესაძლოა გალაქტიკური კანიბალიზმის პირველ შემთხვევას ვუყურებდეთ. შესაძლოა, ერთმა გალაქტიკამ შთანთქა მასზე უფრო პრიმიტიული მეზობელი, რომლის ვარსკვლავებიც გაიშალა სივრცეში, თუმცა დიდი ზომის გალაქტიკამ მაინც მოახერხა მათი მოქცევა საკუტარ გრავიტაციულ ველში", — განმარტავს MIT-ის პროფესორი ანა ფრებელი.
ტელესკოპის გამოსახულების ფილტრის გამოყენებით, ასტრონომებმა შეძლეს გალაქტიკის ვარსკვლავების მეტალური შემადგენლობის შესწავლა. ამის საშუალებით ისინი იმის განსაზღვრას ცდილობდნენ, თუ რამდენად პრიმიტიულია აღნიშნული გალაქტიკა. რაც შეეხება Tucana II-ის მდებარე ვარსკვლავებს, მათში მეტალების შემცველობა ასევე ძალიან დაბალია, შესაბამისად მეცნიერების აზრით Tucana II დღემდე ცნობილულტრაბუნდოვან ჯუჯა გალაქტიკებს შორის ყველაზე პრიმიტიულია.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, Tucana II-ის კიდეზე მდებარე ვარსკვლავებში მეტალების შემცველობა იმაზე სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ბირთვში მდებარე ვარსკვლავებისა. ეს კი მათ უფრო პრიმიტიულს ხდის.
"ეს ალბათ იმაზეც მიუთითებს, რომ ადრეული გალაქტიკები ბნელი მატერიის იმაზე ბევრად უფრო დიდ ჰალოში ჩამოყალიბდა, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ. ადრე ვფიქრობდით, რომ პირვანდელი გალაქტიკები ძალიან მცირე ზომით გამოირჩეოდა, მაგრამ დღევანდელი მოსაზრებით, ისინი შესაძლოა იმაზე რამდენჯერმე უფრო ფართო მასშტაბზე ვრცელდებოდა, ვიდრე მიიჩნეოდა და საერთო ჯამში არც ისე პატარები იყვნენ", — ამბობს ფრებელი.
ადრეული გალაქტიკების გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე ალბათური ახსნაა ამ დისბალანსის. გალაქტიკური კანიბალიზმის მოვლენა მუდმივად ხდება თანამედროვე სამყაროში, MIT News-ის მიხედვით, მაგრამ მათი გაერთიანება ადრეულ სამყაროში არც ისე სარწმუნოა.
"Tucana II-ს საბოლოოდ ირმის ნახტომი შთანთქავს. როგორც ჩანს, ასეთ პატარა უძველეს გალაქტიკებს შესაძლოა თავისი კანიბალიზმის ისტორიაც ჰქონდეთ", — აღნიშნავს ფრებელი.
გუნდი იმედოვნებს, რომ თავიანთ მიდგომას გამოიყენებენ კიდევ უფრო ძველი და შორეული ვარსკვლავების აღმოსაჩენად ულტრაგამჭვირვალე ჯუჯა გალაქტიკებში.
კომენტარები