პანდემიის დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, ეს დრო კი თუნდაც ფოსმაჟორულად შექმნილი სიტუაციის შესაფასებლად საკმარისი დროა. გარდა იმისა, რომ ახალი რეალობა ცალკეული ინდივიდებისათვის წარმოადგენს გამოწვევას — როგორც მატერიალურს, ასევე მენტალურს — მრავალწახნაგოვანია ის სირთულეები, რომლებზე პასუხის გაცემაც ბიზნესსექტორს მოუხდა. ამ სფეროს წარმომადგენლებს ორმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრათ — მომხმარებლის და საკუთარი ბრენდის მიმართ; შესაბამისად, აუცილებელი იყო თითოეული მათგანისთვის ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც ახალ რეალობაში ადაპტაციას გააადვილებდა.

სწორედ პანდემია, მომხმარებელთან კავშირი და სხვადასხვა მიმართულების მქონე ბიზნესკომპანიებისთვის შექმნილი სირთულეები იყო ის თემები, რომლებზეც თიბისი ბიზნესკლუბის წევრებისათვის შექმნილი ახალი პროექტის პირველ ეპიზოდში ისაუბრეს.

ბიზნესკლუბი, რომელიც, დაახლოებით, ერთი თვეა, რაც არსებობს, კომპანიების განვითარებისათვის შექმნილი სივრცეა, სადაც ბრენდებს ერთმანეთისთვის ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, შეუძლიათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფორმატის აქტივობებში, მათ შორის ვებინარებში, სემინარებში, კონსულტაციებში და, ამასთან, ისარგებლონ ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი შეთავაზებებით.

"რადგან ბიზნესკლუბის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ 'ნეთვორქინგის', ერთგვარად, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მისცეს კომპანიებს, მის ფორმატად წარმოვიდგინეთ უშუალო, განსხვავებულ გარემოში შემდგარი საუბრები", — ამბობს თიბისის ბიზნესსეგმენტების მართვის ლიდერი, ნათია ვაჭარაძე, On.ge-სთან საუბარში, — "პირველი ეპიზოდის თემა პანდემია იმიტომ იყო, რომ ამ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძაფრი საკითხი ალბათ ეს არის".

ჯინო დოლინი

ფოტო: თიბისი

"კოვიდის შემდგომ დიდი პერიოდია"

"ვფიქრობ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ორ კატეგორიად გაიყოფა — იქნება ერთი, რომელიც მთლიანად ციფრულ პლატფორმაზე გადავა და მეორე, რომელიც ციფრულთან ადაპტირდება, თუმცა დაიტოვებს ადამიანურ ურთიერთობებს".

ჯინო დოლინი, ტერმინალის დამფუძნებელი

საკითხის სიმძაფრე კი ნათიას ნახსენებმა უშუალო ფორმატმა მცირედით გაანეიტრალა, თუმცა ბიზნესსაუბრების პირველ ეპიზოდში ნიშანდობლივი აქცენტები მაინც გაჟღერდა.

სერიის პირველ ვიდეოში ტერმინალის დამფუძნებელი, ჯინო დოლინი, ჟუჟუნა ღვინოს თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე და Consultis-ის დირექტორი, ვატო ნამორაძე, მონაწილეობდნენ. სამომხმარებლო სფეროს სამი სხვადასხვა პროფილის მქონე ბრენდის წარმომადგენლების მასპინძლობა და ერთგვარი მოდერატორობა კი კახეთში მცხოვრებმა ამერიკელმა მეღვინემ, ჯონ უერდმანმა შეითავსა.

საუბრის დიდი ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალ რეალობასთან ადაპტაციას და მის ცალკეულ ასპექტებს შეეხო. ტერმინალს და ჟუჟუნას პანდემიამდელ პერიოდში უშუალო შეხება ჰქონდათ საკუთარ მომხმარებელთან, შესაბამისად, ამ კავშირის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად მოუწიათ, რადგან, როგორც ვასკა აღნიშნავს, ძალიან მოკლე დროში მოუხდათ დილემურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება — ან შეჩერება, ან ალტერნატიული გზის მოძებნა.

რადგან ჟუჟუნა გასული წლის ბიზნესდაჯილდოების პრიზიორია ადაპტაციის საუკეთესო მაგალითის ნომინაციაში, ცხადია, წელს განსაკუთრებული ყურადღება იქნება მათკენ მიმართული. კომპანია, რომელიც პოპკულტურაში, "მეინსტრიმულ ალკოჰოლურ სასმელებს" შორის ღვინოს დამკვიდრებას ჩამოსასხმელი ფორმით რეალიზებით ცდილობდა, გამოსავალი მის ტრადიციულ ფორმაში, ბოთლში, დაბრუნებით იპოვა. დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ბრენდმა საკუთარ ობიექტებზე, მომხმარებელთან პირდაპირი ურთიერთობით შეიძინა, განსაკუთრებით გამოსადეგი აღმოჩნდა.

რთულ სიტუაციაში განვითარების გზა იპოვა ტერმინალმაც, რომელიც მულტიფუნქციურ სამუშაო სივრცეებს აერთიანებს და გასული წლის ზაფხულში თამამი ნაბიჯი, სამი ახალი ფილიალის გახსნა, გადადგა. მიუხედავად შეკრებებზე დაწესებული შეზღუდვებისა, კომპანიის წარმომადგენელმა, ჯინო დოლინმა, არაერთხელ აღნიშნა, რომ არსებულმა სიტუაციამ საერთო სამუშაო სივრცეების მზარდი პოტენციალი გამოააშკარავა.

პოტენციალი დისტანციურ მუშაობაში დაინახა Consultis-მა. კომპანია, რომელიც მომხმარებელს ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს, საკუთარ პროდუქტს მეტწილად მცირე და საშუალო საწარმოებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის ქმნის. შესაბამისად, როგორც ვატომ აღნიშნა, მისი თანამოსაუბრეებისგან განსხვავებული საქმიანობა არსებულ რეალობაში შესაძლებლობებსაც იძლევა.

უჩვეულო სიტუაციაში ოპერირებით მიღებული გამოცდილება სამივე მათგანისთვის, და არა მხოლოდ, განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება მომავალში, რადგან "ჩვეულებრივ ცხოვრებასთან" დაბრუნება ნელი პროცესია და როგორც ჯინო ამბობს, დიდ პერიოდთანაა დაკავშირებული.

ვატო ნამორაძე

ფოტო: თიბისი

ემოციური კავშირი მომხმარებელთან

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ემოციურ კავშირში იყოს ჩართული. ესმოდეს შენი, ერთ ენაზე საუბრობდეთ და ის ფასეულობას, რომელსაც შენ, როგორც კომპანია, ქმნი, მისთვისაც ღირებული იყოს".

ვატო ნამორაძე, Consultis-ის დირექტორი

მიუხედავად საქმიანობის სფეროების და მათი ინდივიდუალური მიდგომების განსხვავებებისა, საუბარში სამივე თანხმდება, რომ მომხმარებელთან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია ბიზნესის წარმატებისათვის აუცილებელია.

ფიზიკურ პირთან ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას ვატო, რომელიც კლიენტის რანგში მის ყოფნას "ფასეულობების გაზიარებასაც" უკავშირებს.

ვასკასთვის კი ეს ფასეულობა ადამიანური ურთიერთობაა, რომელიც, ჟუჟუნა ღვინოს თანადამფუძნებლის აზრით, ყველა წარმატებული ბრენდისათვის საბაზისო საჭიროებას წარმოადგენს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, რასაკვირველია, ჩნდება ემპათიის გრძნობა, გულწრფელობა და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც მომხმარებლისადმი — როცა ბიზნესკომპანიისთვის, როგორც ეს ტერმინალის შემთხვევაშია, წარმატებად კმაყოფილი მომხმარებელი ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ვატო, როგორც ამას თავად უწოდებს, "ცივ" სფეროს ("კარგი გაგებით") წარმოადგენს, მას კარგად ესმის იმ ბალანსის მნიშვნელობა, რომელიც ფიზიკურ სივრცესა და პანდემიის შედეგად განსაკუთრებული ინტენსივობით დაჩქარებულ ციფრულ განვითარებას შორის არსებობს. ადამიანი ხომ სოციალური არსებაა და, საბოლოოდ, ეს სოციალური ურთიერთობები ბიზნესურთიერთობების ამოსავალ წერტილადაც იქცევა ხოლმე.

ვასკა ჩუბინიძე

ფოტო: თიბისი

სამომავლო გეგმა — ერთიანობა

"შესანიშნავია, რომ ბიზნესებს, თუნდაც ერთი და იმავე სფეროს წარმომადგენლებს შორის, კონკურენცია თითქოს მეორეხარისხოვანი გახდა. ალბათ იმიტომ, რომ გადარჩენის რეჟიმში ვართ, ყველა რაღაცისთვის ვიბრძვით და ერთმანეთს მხარს ვუჭერთ".

ვასკა ჩუბინიძე, ჟუჟუნა ღვინოს თანადამფუძნებელი

ბიზნესსექტორის, როგორც ერთიანი სფეროს წარმატებისათვის რომ დიდ როლს თამაშობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა, ეს საზოგადო ჭეშმარიტებაა. თიბისი ბიზნესისთვის ფარგლებში შექმნილი არაერთი პროექტიც სწორედ ბრენდებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და მათ განმტკიცებას ემსახურება. ამ მხრივაა გამორჩეული ბიზნესკლუბიც, რომლის საქმიანობაც, როგორც ნათია ვაჭარაძე აღნიშნავს, ყველაზე დაძაბულ და, ამავდროულად, რთულ პერიოდში დაიწყო.

ამ პირობებში რომ კიდევ უფრო ნათელი გახდა მჭიდრო კავშირების არსებობის საჭიროება, ამაზე ვასკაც საუბრობს. როგორც პანდემიის პერიოდში ციტირებდნენ ცნობილ სიმღერას ვარსკვლავები, We're all in this together — ამ რეალობაში ყველანი ერთად ვართ და, შესაბამისად, ახლო მომავლის გეგმებიც ერთიანობას უკავშირდება.

სანამ კონკურენცია გვერდზეა გადადებული, როგორც მასპინძელი ჯონი უერდმანი დასასრულს ამბობს, უფრო სწორად, მისი მეგობრის "აღმოსავლურ სიბრძნეს" ციტირებს, შესანიშნავი დროა, გასული წლების ერთგვარი ანარეკლის დასანახავად და მომავალზე დასაფიქრებლად.


ბიზნესკლუბი კი საქმიანობას აგრძელებს. ბიზნესსაუბრების სერიას მალე შეემატება სხვა ეპიზოდებიც, რომლებიც, როგორც ნათია აღნიშნავს, იმ მომენტისათვის აქტუალურ საკითხებს შეეხება; იმის გათვალისწინებით, რომ კლუბის საქმიანობის ძალიან მცირე ხანში შექმნილ პროექტებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, იგეგმება არსებულ ფორმატებში სიახლეების შეთავაზება — სხვადასხვა სპიკერების მოწვევა და კლუბის წევრებს შორის ურთიერთობის უფრო გააქტიურებაც. უკვე ჩატარებული Q&A შეხვედრები კი, როგორც ამას დამსწრეების შეფასებები მოწმობს, ნაყოფიერი გამოდგა.

"ბიზნესკლუბი ისეთ პერიოდში შევქმენით, როდესაც შეზღდუვების დიდი ნაწილი ამოქმედდა და კომპანიებისთვის მაინცდამიანც კარგი პერიოდი არ ყოფილა", — აღნიშნავს, ნათია, — "თუმცა, ამან არ შეგვაშინა და ჩავთვალეთ, რომ ეს პროექტი და სერვისი აუცილებლად უნდა მიგვეწოდებინა ჩვენი ბიზნესმომხმარებლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კომპანიები განსაკუთრებულად აქტიურები არ არიან, მაინც დადებითად შეიძლება შეფასდეს ამ პროექტის საქმიანობა".

კლუბის ცალკეულ კომპონენტებს შორის, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობდა, გამორჩეულია სპეციალური შეთავაზებები; მათ შორის, ფეისბუქზე დახარჯული თანხის ქეშბექიც, რომელიც იმდენად აქტიურად გამოიყენეს წევრებმა, რომ, ნათიას თქმით, მათ მოლოდინებს გადააჭარბა. ეს, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ბრენდების საქმიანობაში ციფრული მარკეტინგი უფრო დიდ ადგილს იკავებს.

ციფრული არხების გააქტიურებას კლუბი ფეისბუქჯგუფის შექმნითაც შეეცდება, სადაც ვირტუალურ სივრცეში წევრების დაახლოება და სხვადასხვაგვარი ინფორმაციის გაცვლა უფრო მარტივი იქნება. მომავალ თვეებში, გარდა ამისა, სიახლეები ეგრეთ წოდებული Add On-ების მიმართულებითაც იგეგმება.

თიბისის ბიზნესლუბში გაწევრებისთვის ბიზნესზე მორგებული საბანკო პროდუქტების და სერვისების ნაკრების გამოწერაა საჭირო. ბიზნესკლუბის წევრობით მიღებული სარგებლის შესახებ ინფორმაციის ნახვა და გაწევრება კლუბის ვებგვერდზე შეგიძლიათ.