"ობობა ვარსკვლავები" — კოსმოსური მონსტრები, რომლებიც ვარსკვლავებს ანადგურებენ
ვარსკვლავებში თერმობირთვული რეაქციები მიმდინარეობს. დროთა განმავლობაში ამ პროცესში მონაწილე ნივთიერების რაოდენობა იკლებს და ვარსკვლავი კვდება. ჩვეულებრივი ზომის ვარსკვლავებისგან განსხვავებით, გიგანტური ვარსკვლავის სიკვდილი განსხვავებულია. როდესაც გიგანტური ვარსკვლავი, თავის უსაზღვრო გრავიტაციის გამო, საკუთარ თავში კოლაფსირდება, ის ტოვებს უკიდურესად მკვრივ ნაშთებს — ნეიტრონული ვარსკვლავის ან თეთრი ჯუჯის სახით. საკმარისი ელექტრომაგნიტური რადიაციის გამოსხივების საშუალებით, ასეთი ვარსკვლავი უსწრაფესად ტრიალს იწყებს და პულსარად გადაიქცევა.
ასტრონომები ასეთ ვარსკვლავებს ყურადღებით აკვირდებიან. პულსარებს, რომლებიც თითო ბრუნვას ყოველ 30 მილიწამში ახდენენ, "ობობა ვარსკვლავად" მოიხსენიებენ. მსგავსი პულსარები, ხშირად, ორვარსკვლავიან სისტემებში გვხვდებიან და სწრაფი ბრუნვის ხარჯზე, თავის კომპანიონს ნაწიელბად შლიან.
"ხშირად ობობა ვარსკვლავები მეზობელ ვარსკვლავს ნელ-ნელა გარშემო იხვევენ და ასე მას ნაწილ-ნაწილ ანადგურებენ", — ამბობენ მეცნიერები.
ამ "მოძალადეებს" "შავი ქვრივის ვარსკვლავები" დაერქვათ. სახელი მდედრი ობობებისგან მოდის, რომლებიც განაყოფიერების შემდეგ, თავის პარტნიორ მამრ ობობას ჭამენ.
ასევე, არსებობს პულსარების კლასი, რომლებსაც "Redback" ვარსკვლავებს ეძახიან. შავი ქვრივებისგან განსხვავებით, მათი თანამგზავრი ვარსკვლავები უფრო მასიურია და მისი "შეჭმა" რთულია.
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა დააფიქსირა ახალი ტიპის "ობობა ვარსკვლავი" — ძალზე ენერგიული პულსარი, რომლიც თავისი ბუნებით "შავ ქვრივსა" და "Redback"-ს შორის არის მოქცეული.
ნაშრომში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ რვა ორობითი ვარსკვლავის სისტემა აღმოაჩინეს. ყოველ მათგანში ერთი უსწრაფესად მბრუნავი პულსარია. მათგან სამი ახლად გამოვლენილი "შავი ქვრივია", ხოლო ერთიც ხსენებული "შუალედური" ვარსკვლავი. მისი თანმხლები ვარსკვლავი არც იმდენად პატარაა, რომ მარტივად განადგურდეს, მაგრამ არც იმდენად მასიური რომ "Redback"-ის კლასში გავიყვანოთ. მეცნიერებს ეს ფაქტი აფიქრებინებთ, რომ აქამდე იდენტიფიცირებული ორი კლასის გარდა, შეიძლება მესამეც არსებობდეს.
კომენტარები