Xiaomi-იმ 2021 წლის ფლაგმანი — Mi 11 წარადგინა, რომელიც Snapdragon 888-ზე იმუშავებს
Xiaomi-იმ 2021 წლის ფლაგმანი Mi 11 დააანონსა. AnandTech-ის მიხედვით, მოწყობილობის ჩინური ვარიანტი გაუმჯობესებულ ფუნქციებსა და კარგ დიზაინს მოიცავს, ხოლო Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე Mi 11-ები გლობალურ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდება.
მოდელს 3200x1440 გაფართოება და ეკრანის 120Hz განახლების სიხშირე ექნება, ისევე, როგორც OLED ეკრანი. გარდა ამისა, Mi 11-ს ექნება ეკრანქვეშა თითის ანაბეჭდის სენსორი. ეკრანის ზომა კი, ამ მოდელს, წინამორბედზე დიდი ექნება — 6.81 ინჩი.
Mi 11-ის უკანა მხარეზე უფრო მეტ სიახლეს შეხვდებით. აქ Mi 10-ის კამერის ვერტიკალური მოდული ჩანაცვლებულია ოთხკუთხა მოდულით. ფლაგმანი გვთავაზობს 108 მეგაპიქსელიან მთავარი კამერის სენსორს, 5 მეგაპიქსელიან ტელეფოტო და 13 მეგაპიქსელიან ულტრაფართე კამერებს. Mi 11-ს ასევე აქვს უფრო სწრაფი 50W-იანი უსადენო დამუხტვის ფუნქცია, რომელსაც Mi 10 Pro-შიც ვხვდებოდით და ასევე, 4600 მილიამპერიანი ელემენტი.
გარე მახასიათებლებიდან მოწყობილობის შიდა ნაწილში რომ გადავინაცვლოთ, ეს იქნება პირველი ფლაგმანი, რომელიც Snapdragon 888 პროცესორით აღიჭურვება. ის შემოგვთავაზებს 8 გიგაბაიტიან, ან 12 გიგაბაიტიან ოპერატიულ და 128 ან 256 გიგაბაიტიან შიდა მეხსიერებას.
უახლესი ფლაგმანების მსგავსად, Mi 11-ს ექნება 5G-ისა და Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ Xiaomi, მიუხედავად იმისა, რომ მან Apple-ის გადაწყვეტილება სმარტფონის დამტენის გარეშე გაყიდვასთან დაკავშირებით გააკრიტიკა, თვითონაც იგივეს აპირებს. ამას კი Apple-ისა და Samsung-ის მსგავსი მიზეზით ხსნის — ფასის დაზოგვა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება.
Xiaomi Mi 11-ის ჩინური ვერსია უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთების ფარგლებში, მომხმარებლები კი მას 1 იანვრიდან მიიღებენ. მისი ფასი ამ ეტაპზე 611 დოლარიდან იწყება (8GB/128GB კონფიგურაციის არჩევის შემთხვავში). ხოლო გლობალური ბაზარზე, მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობის დროისა თუ მისი ფასის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები