2020 წლის 20 ვერაგი დეზინფორმაცია
2020 წელი არა მხოლოდ ექიმებისთვის იყო რთული, არამედ ჟურნალისტებისა და ფაქტჩეკერებისთვისაც, რადგან პანდემიამ ყალბი სიახლეებისა და შეთქმულების თეორიების უზარმაზარი ტალღა გამოიწვია. ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია ახალ ვირუსზე, მის თვისებებზე, მკურნალობის გზებსა და ვაქცინებზე, რამაც ახალი ტერმინი — ინფოდემიაც შექმნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ინფოდემია ისევე სწრაფად ვრცელდებოდა, როგორც თავად კორონავირუსი და მოიცავდა კულტურულ სტიგმებს, ჭორებს, შეთქმულების თეორიებს, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდა სინამდვილესთან და ჯანმრთელობის დაზიანება შეეძლო. ტროპიკული მედიცინისა და ჰიგიენის ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 3 თვის განმავლობაში მინიმუმ 800 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბი ამბების გამო.
დეზინფორმაციისაგან მომავალი საფრთხე სერიოზულად აღიქვეს მსოფლიოში წამყვანმა კომპანიებმა: Instagram, Youtube, Facebook, Twitter. მათ სიცრუის შესაჩერებლად მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგეს და პლატფორმებზე კონტროლი გაამძაფრეს.
მიუხედავად კორონავირუსის აქტუალურობისა, დღესაც რჩება რიგი საკითხები, რომლებით მანიპულაციაც კონკრეტულ ჯგუფებს არ ბეზრდებათ. მათი უმეტესობა სათავეს კრემლიდან იღებს და ანტიდასავლური აზროვნების წახალისება/ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ 2020 წელში გავრცელებულ 20 ყველაზე ვერაგ და ზიანის მომტან დეზინფორმაციას, რომელთა შესახებ სიმართლის არცოდნას 2021-ის "გაფუჭებაც" შეუძლია.
1. არაყი, სპერმა და ბალახეულობა — დეზინფორმაციები კორონავირუსის სამკურნალო საშუალებებზე
კორონავირუსზე შექმნილი ასეულობით მითიდან ყურადღებას მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებთ. პანდემიის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა მცენარესა და წამალზე, რომლებიც, თითქოსდა ვირუსს კურნავდა. არც ერთი მათგანი ავტორიტეტულ ჯანდაცვის ორგანიზაციებს არ დაუდასტურებიათ. მეტიც, ისინი დღემდე იმეორებენ, რომ საზოგადოებამ მსგავს ცრუ ინფორმაციებს არ უნდა დაუჯეროს და ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა — პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია.
სოციალურ ქსელებში ამტკიცებდნენ, თითქოს ალკოჰოლის მიღება ვირუსის პრევენციას უწყობს ხელს. ამ ჭორების ფონზე კი, ათ მარტს ირანში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაცვლილი 44 ადამიანი იპოვეს.
გარდა ამისა, როგორც მედიის განვითარების ფონდი წერს, 21 აპრილს ფილიპინელმა ექიმმა Youtube-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ რეკომენდაციას უწევდა სუფთა სპერმის დალევასა და მისით ხელების დეზინფექციას. რა თქმა უნდა, ინფორმაცია ყალბია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მკურნალობის ეს მეთოდი ავტორიზებული არაა.
2. პირბადის საფრთხედ წარმოჩენის მცდელობა
ადამიანები ვირუსებისგან თავის დასაცავად პირბადეს უკვე ასეულობით წელია, ხმარობენ და წესით, მის საჭიროებაზე დავა არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეთქმულების თეორიის შემქმნელებს რთული სამიზნეების არჩევაც უყვართ. ზოგიერთი ჯგუფის მტკიცებით, პირბადეები სატურაციას, ანუ სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციას ამცირებს. ამ მითის დამსხვრევა ექიმებმა პრაქტიკული დემონსტრაციით სცადეს. მათ შორის ერთმა, ერთდროულად 6 პირბადის მოხმარებითაც დაამტკიცა, რომ ის არ ზღუდავს ჟანგბადის სისხლში მოხვედრას.
გარდა ამისა, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმაზე, რომ ინფიცირების შემთხვევაში, პირბადე ვირუსის შემცველ ნაწილაკებს იჭერს და ყოველი ჩასუნთქვის შემდეგ ვირუსი ჩვენს ორგანიზმში უფრო ღრმად იჭრება. ეს მითი საფუძველს იღებს ფსევდომეცნიერული ფილმიდან Plandemic, რომელიც არგუმენტებს მოკლებული მტკიცებულებების გამო მეცნიერთა კრიტიკის სამიზნე გახდა.
3. ისევ პირბადეები: დეზინფორმაცია იმაზე, ვინ უნდა ატაროს ის
გარდა იმისა, რომ კონკრეტული ჯგუფი ზოგადად პირბადეებს ებრძოდა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობნდნენ, რომ მისი მოხმარება შეემცირებინათ. მაგალითად, ვრცელდებოდა ყალბი ამბები იმაზე, რომ პირბადე ყველასთვის არ არის საჭირო.
როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსით ინფიცირებულთა 40% უსიმპტომოა, თუმცა ისინი მაინც არიან ვირუსის მატარებელნი და მათ, ისევე როგორც სიმპტომიან ინფიცირებულებს, შეუძლიათ ვირუსის გადატანა. ამიტომ აზრი იმის შესახებ, რომ პირბადე მხოლოდ სიმპტომიანი ადამიანებისთვისაა, სიცრუეა.
მითია ისიც, რომ პირბადე მხოლოდ რისკჯგუფის ადამიანებს უნდა ეკეთოთ. პირბადის მთავარი დანიშნულება ჰაერწვეთოვანი ნაწილაკების გავრცელების ხელშეშლაა, ამიტომ ის გვიცავს როგორც სხვა ნაწილაკების ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისგან, ასევე, ჩვენი ჰაერწვეთოვანი მოლეკულების გავრცელებისგან. მისი სწორი გამოყენებით ყველა ადამიანის დაცულობის ალბათობა იზრდება.
კონსპიროლოგები და დეზინფორმაციის მოყვარულები უშედეგოდ ამტკიცებენ, რომ პირბადის გამოყენება სააფთიაქო მაგნატების გასამდიდრებლად მოგონილი არასაჭირო წესია. გავლენიანი კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი საუკეთესო თავდაცვაა კორონავირუსისგან და თუ დედამიწის მოსახლეობა სწორად მოიხმარს მას, მკაცრი კარანტინის საჭიროება უბრალოდ აღარ იქნება.
4. ბრძოლა ვაქცინებთან: დნმ-ის შეცვლის მითი
დღემდე გავრცელებული ერთ-ერთი პოპულარული მითია, თიტქოს Pfizer/BioNTech-ის ახალი ვაქცინები ადამიანის დნმ-ს ცვლის. BBC-მ ამ თემაზე სამი დამოუკიდებელი მეცნიერის აზრი გამოაქვეყნა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა ადამიანის დნმ-ს არ ცვლის.
"სხეულში რნმ-ის შეყვანა ადამიანის უჯრედის დნმ-ს არაფერს უშვრება", — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეფრი ალმონდი.
როგორც წესი, ახალმა ვაქცინამ დასამტკიცებლად სამი ფაზა უნდა განვლოს: 1-ლ და მე-2 ფაზებში იტესტება მოხალისეებზე და დგინდება მისი დოზები და უსაფრთხოება. მე-3 ფაზაში კი ვაქცინა რამდენიმე ათას ადამიანს უკეთდება და დაზღვევის მიზნით კვლავ ხდება მონიტორინგი.
5. მორიგი მითი: ვაქცინის წარმოებაში გამოიყენება ემბრიონული ქსოვილი
BBC-ის კვლევის თანახმად Facebook-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტივაქსერულ გვერდზე განთავსებულ ვიდეოში საუბარია კვლევაზე, რომელიც, ნარატორის თქმით, იმის მტკიცებულებაა, თუ რისგან შედგება ვაქცინა, რომელსაც AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი ქმნიან. ნარატივის ინტერპრეტაცია მცდარია — სინამდვილეში, კვლევამ შეისწავლა, როგორ რეაგირებდა ვაქცინა ლაბორატორიაში ადამიანის უჯრედებში შეყვანისას.
1960-იან წლებში შემუშავებულმა კვლევის ტექნიკამ გამოიწვია დაბნეულობა, რომლის მიხედვითაც ვაქცინის შექმნის პროცესში არის ერთი ეტაპი, რა დროსაც ლაბორატორიაში გამოზრდილ უჯრედებს იყენებენ. ისინი იმ ემბრიონული უჯრედების შთამომავლები არიან, რომლებიც სხვა შემთხვევაში განადგურდებოდა. კვლევის მიზნებისთვის არც ერთი ორსულობა არ შეწყვეტილა.
"ვაქცინების წარმოების პროცესში ფეტალური (სანაყოფე) უჯრედები არ გამოიყენება", — ამბობს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის დოქტორი, მაიკლ ჰედი.
6. ტყუილია ისიც, თითქოს კორონავირუსი დასავლეთის ქვეყნების ინტერესით შეიქმნა
რუსული დეზინფორმაციული წყაროები აქტიურად ცდილობენ, კორონავირუსის არსებობა დასავლურ ქვეყნებს დააბრალონ. ევროკავშირის დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ რუსეთი კორონავირუსზე "დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს" და მისი მიზანია დათესოს პანიკა და უნდობლობა დასავლეთის მიმართ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, რუსული კამპანია ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და მავნებლურ რეპორტებს იყენებს, რათა ევროკავშირს პანდემიის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებისას კოორდინირება გაურთულოს. Financial Times ამავე დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ პრორუსული მასალების თანახმად, კორონავირუსი "ადამიანის შექმნილია, რომელსაც დასავლეთი იარაღად იყენებს".
პროპაგანდისტული რუსული ტელევიზია კი, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ამტკიცებდა იმას, რომ კორონავირუსი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერესებით შეიქმნა.
7. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მითი
სოციალურ მედიაში გავრცელებული "სახუმარო" მიმებიც დიდწილად განსაზღვრავდა საზოგადოების დამოკიდებულებას ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ ვირუსზე. ვაქცინის მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ გავრცელებულ მიმი იმ აზრს ატარებს, რომ დაავადებისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 99.97%-ია, ამიტომ ვაქცინის ჩატარებაზე უფრო უსაფრთხო ინფიცირება გამოდის.
BBC-ის თანახმად, მიმში აღნიშნული "გამოჯანმრთელების მაჩვენებელი" — რომელიც ამბობს, რომ ესაა იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, ვისაც ვირუსი დაემართა და გადარჩა — მცდარია.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მთავარი სტატისტიკოსის, ჯეისონ ოკის განცხადებით, COVID-19-ით დაინფიცირებულთა დაახლოებით 99% ახერხებს გამოჯანმრთელებას.
აქედან გამომდინარე, ყოველი 10 000 ინფიცირებულიდან დაახლოებით 100 დაიღუპება, რაც გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მიმის მიერ ნავარაუდევი 3 ადამიანი 10 000-იდან.
8. შეთქმულების თეორიები ადამიანების "დაჩიპვასა" და ბილ გეიტსზე
წელს ბილ გეიტსს კონსპირაციის თეორიების მიმდევრებმა განსაკუთრებული პატივი დადეს და მსოფლიოს "დაჩიპვის" სურვილი დააბრალეს. ამ თეორიის მიხედვით, Microsoft-ის მფლობელის, ბილ გეიტსის მიზნები კორონავირუსის პანდემიას არის ამოფარებული. BBC შეეცადა ამ შეთქმულების თეორიის გაქარწყლებას და თქვა, რომ არ არსებობს არანაირ მტკიცებულება, რომელიც ამ თეორიას რეალურ საფუძველს აძლევს.
ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა BBC-ს განუცხადა, რომ ბრალდება, თითქოს ისინი ადამიანების "დაჩიპვას" გეგმავენ, სიცრუეა.
9. შეთქმულება კორონავირუსის 5G ქსელით გავრცელებაზე
კორონავირუსის გავრცელება "კარგად დაემთხვა" იმ ადამიანთა შეთქმულებებს, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებენ, მე-5 თაობის უსადენო კავშირის ტექნოლოგია — 5G ქსელის რადიოტალღები სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.
სინამდვილეში, არც ერთი ავტორიტეტული კვლევა არ ადასტურებს ახალი ქსელის უარყოფით გავლენებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და მეტიც, ამ მხრივ 5G ქსელის ელექტრომაგნიტური გამოსხივება საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგენილ ნორმაზე ბევრად დაბალია.
ამ შეთქმულებათა თეორიით გამოწვეული პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ გაერთიანებული სამეფოს მობილური კავშირების კომპანიებმა ხალხს სთხოვეს, შეეწყვიტათ ანძების დაწვა, ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის დირექტორმა კი 5G-ზე შექმნილ მითს "უკიდურესი სისულელე და სრული მონაჩმახი" უწოდა. მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა საქართველოშიც.
სინამდვილეში ეს ტექნოლოგია მიზნად ისახავს ჩვენი ცხოვრების სტილის შეცვლას, რადგან მას აქვს პოტენციალი, ენერგიით მოამარაგოს თვითმართვადი მანქანები და განავითაროს გაფართოებული რეალობის აღქმის გამოცდილება.
10. კონსპირაცია და დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაზე
რა თქმა უნდა, რუსეთს ლაბორატორია უყურადღებოდ არც წელს დაუტოვებია და ძველთან ერთად, ახალი კონსპირაციის თეორიებიც შექმნა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ ამტკიცებს, რომ ლუგარში ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან და მათ შორის, კორონავირუსსაც მოიაზრებს.
რუსი მეცნიერები ითხოვენ ექსკლუზიურ უფლებას, შევიდნენ ლუგარის ლაბორატორიაში და "შეამოწმონ" იქ მიმდინარე პროცესები, თუმცა პასუხად მკაფიო უარს და საერთაშორისო მეცნიერებთან ერთად სტუმრობის მოწვევას იღებენ. სავარაუდოდ, ინფორმაციის მიღება რუსეთმა "ალტერნატიული გზით" სცადა — ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა განხორციელდა.
გარდა ამისა, წელს რუსმა დეპუტატებმა ახალი მითი შექმნეს და ე.წ. ნოვიჩოკის შექმნაც საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას დააბრალეს. არადა, აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას ყველაზე ხშირად რუსეთს მიაწერენ.
- ვოლსკი რუსი დეპუტატის განცხადებას "ნოვიჩოკის" საქართველოში დამზადებაზე მუქარად აფასებს
- სესიაშვილის თქმით, რუსი დეპუტატის განცხადება "ნოვიჩოკის" საქართველოში დამზადებაზე აბსურდია
სინამდვილეში, ლუგარის ლაბორატორია ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირების ცენტრია, სადაც სამეცნიერო კვლევების ჩატარებასთან ერთად მიმდინარეობს მოსალოდნელი ვირუსული დაავადებების პრევენცია. სწორედ ლუგარის ლაბორატორიამ შეუწყო მეტწილად ხელი საქართველოში კორონავირუსის შეკავებასა და კვლევას.
11. მითი: რუსეთი საქართველოს მხსნელია, სხვა ყველა კი — მტერი
რუსული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოსკოვს იქით გზა არ აქვს, არ შეჩერებულა იმის ფონზეც კი, როცა რუსეთი დიდ ენერგიას ხარჯავდა კორონავირუსზე კონსპირაციების გავრცელებაში.
პრორუსული მედიები აქტიურად ცდილობდნენ ოკუპანტი ქვეყნის ქმედებების გამართლებას. მათი მტკიცებით, რუსეთთან დაძაბულობა ნაწილობრივ საქართველოს ბრალია და ის "იძულებული გახდა", საქართველოს ოკუპაციით საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები დაეცვა, რადგან "დასავლური აგრესიული წრეების მარიონეტად ქცეული საქართველო ჯიუტად არ ითვალისწინებდა ობიექტურ მოცემულობებს".
ასევე, ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ აფხაზებსა და ოსებთან "რუსეთის გარეშე არანაირი ურთიერთობა არ გამოვა" და აქაც ხაზი გაესვა ოკუპანტის "მნიშვნელოვან როლს".
გარდა ამისა, საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად რუსეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, დასავლეთისა და ამერიკისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს. პრორუსული მედიების ხელწერაა ანტითურქული ნარატივის გატარებაც, რომლის მიხედვით, ქართველები უნდა "გამოვფხიზლდეთ", რადგან თურქული სპეცსამსახურები საქართველოს ძირძველ მხარეებში თურქების მასობრივად ჩამოსახლებას გეგმავენ. ამ საკითხს ყველაზე მეტად პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი აჟღერებს.
12. მითია ისიც, რომ ალტ-ინფო უბრალოდ ალტერნატიული მედიაა
წლის დასაწყისში რადიკალური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური ჯგუფი ალტ-ინფო სოციალურ ქსელში ცდილობდა სანდოობის მოპოვებას და ამტკიცებდა, რომ სხვა მედიებთან შედარებით, სანდო წყაროა. ალტ-ინფოს წამყვანები ანტიდასავლური ნარატივის გამტარებელ რესპონდენტებთან ინტერვიუებს წერდნენ. მათი მთავარი საზრუნავი დასავლური ღირებულებების უარყოფა და საზოგადოებაში ანტილიბერალური შეხედულებების ჩამოყალიბება იყო. ალტ-ინფოს მეშვეობით არაერთხელ გავრცელდა მანიპულაციური, შეცდომაში შემყვანი და არაზუსტი ინფორმაცია, რომელიც მიმართული იყო საზოგადოებაში აგრესიის გაღვივებისკენ.
- ალტ-ინფო — ანტიდასავლური ჯგუფი არჩევნების წინ მოქმედების მასშტაბს ზრდის
- ჰომოფობიური და ქსენოფობიური ალტ-ინფოს კოორდინირებული ქცევა Facebook-ზე — ISFED-ის ანგარიში
საბოლოოდ, შენიღბვის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და 5 ნოემბერს Facebook-ის განცხადების მიხედვით, ალტ-ინფო იდენტიფიცირდა როგორც გვერდი, რომელსაც ახასიათებს კოორდინირებული არაავთენტური ქცევა, რასაც მასთან დაკავშირებული 50 ანგარიშის, 49 გვერდის, 4 ჯგუფის, 8 ღონისძიებისა და 19 ინსტაგრამის ანგარიშის გაუქმება მოჰყვა. ამ ეტაპზე ალტ-ინფო დაბლოკილია.
13. დეზინფორმაციაა, რომ ბავშვთა უფლებათა კოდექსი ბავშვების ღმერთთან დამაპირისპირებელი კანონია
საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი 2019 წლის 20 სექტემბერს დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2020 წლის 1 სექტემბერს შევიდა. ეს კონვენცია თავისი შინაარსით გახდა ანტილიბერალებისა და პრორუსების მთავარი სამიზნე. მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე ჯგუფები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ეს კონვენცია "ბავშვების ღმერთთან დამაპირისპირებელია" და ის ოჯახს "უკრძალავს ბავშვის რელიგიურად აღზრდას".
სინამდვილეში, ბავშვის უფლებათა კონვენციის მიზანია, აღმოფხვრას უთანასწორობა, გააძლიეროს ოჯახები და ბავშვებს შეუქმნას უსაფრთხო გარემო.
14. ტყუილია, რომ ჩეჩმა აფერხებს ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის იმპორტს
მედიის განვითარების ფონდმა აღმოაჩინა ღიად პრორუსული და დეზინფორმაციული გამოცემის, საქართველო და მსოფლიოს მორიგი ანტიევროპული მასალა. სტატიაში აღნიშნულია, თითქოს ქართული თაფლი ევროპასა და ამერიკაში "დახლიდან ჩამოაგდეს", რადგან რეგულაციების თანახმად "იქ, სადაც ფუტკარია, 8-კილომეტრიან რადიუსში არ უნდა იყოს ეზოში მდგარი საპირფარეშო, ჩეჩმა, რადგან, თურმე ფუტკარი მარილიან წყალს ეძებს და ჩეჩმაში შარდს ეტანება".
სინამდვილეში, ჯერ კიდევ 2016 წელს ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის ტერიტორიაზე აძლევს თაფლის იმპორტის შესაძლებლობას. ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, სკებიდან 3 კილომეტრის რადიუსში არ უნდა იყოს ქიმიური დაბინძურების რისკები.
15. სიცრუე იყო ისიც, რომ თბილისის მერია ქალაქის თვითმფრინავიდან შეწამვლას გეგმავდა
11 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მერია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ღამის საათებში გეგმავდა ქალაქის თვითმფრინავებით შეწამვლას. ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, არ დაეტოვებინათ სარეცხი გარეთ და არც თვითონ გასულიყვნენ ქუჩაში. ეს ერთ-ერთი პირველი მითი იყო, რომელიც საქართველოში კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ გავრცელდა. ამას მოყვა მითი ფანჯრებზე შუბლის მიდების შესახებ, თითქოს ხელოვნური თანამგზავრი მთელ ერს სიცხეს გაგვისინჯავდა.
16. დეზინფორმაციაა, თითქოს ნატომ თავისი როლი ამოწურა და მალე დაიშლება
რუსული ინტერესების გამტარებელი მედიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების დისკრედიტაციაა. ისინი აბსურდულად ამტკიცებენ, რომ უახლოეს მომავალში ნატოს ფუნქცია დაეკარგება და დაიშლება.
GRASS-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში სტრატეგიული ორგანიზაციის წინააღმდეგ ახალი ნარატივის კულტივაციაც შეინიშნებოდა, რასაც ნატო-თურქეთის ურთიერთობების ფონზე ავრცელებდა პრორუსული მედია საქართველო და მსოფლიო. ისინი ცდილობდნენ მკითხველის დარწმუნებას, თითქოს ნატოს შიგნით დიდი დაპირისპირებაა, რაც საბოლოდ, ორგანიზაციას დაშლის პირას მიიყვანს.
17. სიცრუეა, რომ რუსული წარმოების Sputnik V მსოფლიოში პირველი COVID-19 ვაქცინაა
2020 წლის 20 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა კორონავირუსის ახალი ვაქცინა Sputnik V, რომლის შექმნის, ცდისა და ეფექტურობის საკითხი ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა. Eu vs Disinfo-მ შეისწავლა რუსეთის მიერ შემუშავებული ვაქცინის გზები და დაადგინა, რომ რუსეთი არის ერთადერთი ქვეყნა, რომელმაც COVID-19 ვაქცინის ეფექტურობა მესამე ფაზის დასრულებამდე დაადასტურა.
რუსეთი ამტკიცებს, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია. ჟურნალი Science-ის მიხედვით კი, მტკიცებულება ვაქცინის ეფექტურობაზე საეჭვოა, რადგან ეს პროცენტული მაჩვენებელი დაფუძნებულია მხოლოდ 20 შემთხვევაზე, მაშინ, როდესაც Pfizer-BioNTech-ის სავარაუდო ეფექტურობა ემყარება 94 შემთხვევას, ხოლო კლინიკური კვლევები გრძელდება მანამ, სანამ ეს რიცხვი 164-ს არ მიაღწევს.
18. დეზინფორმაციაა, თითქოს ევროკავშირმა იტალია ბედის ანაბარა მიატოვა, რუსეთმა კი მას დახმარების ხელი გაუწოდა
Mediachecker-ის სტატიაში დეტალურად არის განხილული ოკუპანტი ქვეყნის მიერ რუსეთის, როგორც ძლევამოსილი ქვეყნის წარმოჩენის მზაკვრული მცდელობები, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციის ხარჯზე. ანტიდასავლური მედიების გავლით, ქართულ მედიასივრცეშიც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირმა იტალია "ბედის ანაბარა" მიატოვა და მას რუსეთი დაეხმარა.
საქართველო და მსოფლიოს სტატიაში საუბარია რუსეთის მხრიდან იტალიისადმი გაწეულ "დახმარებაზე", რომელიც ქვეყანას პანდემიის დროს გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გაეგზავნა. მედიის მტკიცებით, პაკეტი "სიყვარულით რუსეთისგან" აერთიანებდა ვირუსოლოგების, ასევე, სამედიცინო და აეროზოლური დეზინფექციის მოწყობილობებს.
როგორც გაირკვა, რუსეთმა მართლაც გაუგზავნა იტალიას სხვადასხვა მოწყობილობა, თუმცა ეს არა ჯანდაცვის, არამედ თავდაცვის სამინისტროსგან განხორციელდა. იტალიური გამოცემა La stampa წერდა, რომ აღნიშნული "ჰუმანიტარული დახმარების" დიდი ნაწილი გამოუსადეგარი იყო და მას მხოლოდ პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. ასევე La repubblica ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი იტალიის მოქალაქეებს "გაწეული დახმარებისთვის" ვიდეორგოლით პუტინისთვის მადლობის გადახდას სთხოვდა, სანაცვლოდ კი ფულს სთავაზობდა.
19. ტყუილია, რომ პროცესები ბელარუსში გარედან იმართება და ზეწოლას სოროსის დაფინანსებული ჯგუფები და ევროკავშირი ახორციელებენ
GRASS-ის რუსული დეზინფორმაციის ანგარიშში მოხვდა ქართული ანტიდასავლური მედიები, რომელთა მტკიცებით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენების უკან ევროკავშირი და სოროსის ფონდი დგანან. ისინი აქტიურად ავრცელებენ ნარატივს, თითქოს ლუკაშენკოს რეჟიმის დასრულების შემდეგ, ბელარუსში წარიმართება უკრაინის იდენტური პროცესები და დემოკრატიის სახელით ქვეყანა გაღატაკდება. ღიად პრორუსული მედიის, ნიუსფრონტის მიხედვით, დასავლეთი ფეხქვეშ თელავს ბელარუსის მოქალაქეების არჩევანს.
20. სიცრუეა, რომ ალექსეი ნავალნი არა კრემლმა, არამედ დასავლეთმა მოწამლა, რათა რუსეთში პოლიტიკური დაძაბულობა ან არეულობა გამოეწვია
2020 წელს რუსეთისადმი სიმპათიით განწყობილი ქართული მედიების დღის წესრიგში დადგა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლით მანიპულაციაც. GRASS-ის ანგარიშში მოხვდა ნარატივი, რომლის თანახმადაც, ნავალნის მოწამვლით დაინტერესებული იყო არა კრემლი, არამედ დასავლეთი. მათი მტკიცებით, დასავლეთის მიზანი რუსეთში პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა და დესტაბილიზაციის წახალისება იყო.
ასე შეჯამდა 2020 წლის დეზინფორმაციათა კასკადის რჩეულები, რომელთა მიზანიც, როგორც ნახეთ, ძალიან კონკრეტული, გათვლილი და მავნებლურია.
სულ ბოლოს კი, საჭიროდ ვთვლით იცოდე, რომ შენ ახლახან დაასრულე სასარგებლო სტატიის კითხვა იმ ქართულ საინფორმაციო საიტზე, რომელიც 2020 წლის კვლევის შედეგად დეზინფორმაციის გავრცელების ყველაზე დაბალი რისკის მქონედ დასახელდა.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
კომენტარები