JAXA ასტეროიდის ქვედა ფენებიდან შეგროვებული ნიმუშების ფოტოებს აქვეყნებს
მას შემდეგ, რაც იაპონურმა კოსმოსურმა ხომალდმა — Hayabusa2-მა დედამიწისკენ ასტეროიდ რიუგუდან მოპოვებული მასალა გამოაგზავნა, JAXA-მ (იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტო) ამ ნიმუშების ფოტოების გამოქვეყნება გადაწყვიტა. ფოტოზე ნაჩვენები ქვები ხომალდის კაფსულის "A" განყოფილებაში იყო მოთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასტეროიდზე პირველი დაშვების დროს, 2019 წლის თებერვალში არის შეგროვებული. ახლა კი JAXA-მ კაფსულის "C" განყოფილების შიგთავსის ფოტოებიც გაასაჯაროვა. ეს განყოფილება სააგენტოში პირველად 21 დეკემბრს გახსნეს.
JAXA-ს ტვიტერის პოსტში ნათქვამია, რომ სააგენტოში როგორც "C", ასევე "B" განყოფილება გახსნეს. მეორე მათგანი ცარიელია, რადგან იგი ქვებისა და ქვიშის შესაგროვებლად არ გამოიყენებოდა, "C" კი ნიმუშების შესაგროვებლად 2019 წლის ივლისში, რიუგუზე Hayabusa2-ის მეორე დაშვების დროს გამოიყენეს. დაშვებამდე, კრატერის შესაქმნელად, JAXA-მ ასტეროიდის ზედაპირზე ასაფეთქებელი ნივთიერება ააფეთქა. ამან შესაძლებელი გახადა ასტეროიდის სიღრმიდან ნიმუშების ამოღება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ მასალებს შეუძლია საინტერესო ინფორმაციის მოწოდება მზის სისტემის ფორმირებასა და მის ადრეულ პერიოდზე, ვინაიდან ამ ნიმუშებზე, ასტეროიდის ზედაპირიდან აღებული მასალებისგან განსხვავებით, მკაცრ გარემო პირობებს ზეგავლენა არ მოუხდენია.
JAXA-მ განაცხადა, რომ "C" განყოფილებაში მოთავსებული ნიმუშებიდან, ყველაზე დიდი ნაწილაკი, დაახლოებით, ერთი სანტიმეტრის ზომისაა. თუ ამ ფოტოებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ სააგენტომ ერთ-ერთი ნაწილაკი მონიშნა, როგორც "人工物”, ანუ "ხელოვნური ობიექტი". ჯერჯერობით, დადასტურებული არაა, თუ საიდან მოვიდა იგი. თუმცა JAXA-ში ფიქრობენ, რომ ეს, შესაძლოა, ალუმინი იყოს, რომელიც ქვიშისა და ქვის ნიმუშების შესაგროვებელი მექანიზმიდან მაშინ გამოიყო, როდესაც რიუგუს ზედაპირზე ასაფეთქებელი ნივთიერება ააფეთქეს.
ასევე იხილეთ:
კომენტარები