მეორე საიდუმლოებით მოცული ობელისკი ახლა უკვე რუმინეთში გამოჩნდა
როგორც კი იუტას კლდოვანი ლანდშაფტებიდან 4 მეტრამდე სიმაღლის მქონე ობელისკი გაუჩინარდა, გაერთიანებული სამეფოს ტაბლოიდის — Daily Mail-ის მიხედვით, ახალი ინსტალაცია უკვე დედამიწის სხვა წერტილში გამოჩნდა. მეორე ობელისკი ჩრდილოეთ რუმინეთში, სამხრეთ იუტას უხეში ბორცვებისა და ჟანგისფერი თაღებისგან ძალიან შორს, სულ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს.
"ადგილი, სადაც ობელისკია განთავსებული, კერძო საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა, ჯერჯერობით, მაინც არ ვიცით მისი მფლობელის ვინაობა", — განაცხადა ნიამცის კულტურისა და მემკვიდრეობის მიმართულების წარმომადგენელმა — როქსანა ჟოსანუმ, Daily Mail-ისთვის მიცემულ განცხადებაში. (ნიამცი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუმინეთში, ისტორიული მოლდოვას ტერიტორიაზე). "ტერიტორია დაცულია, ვინაიდან აქ მდებარეობს არქეოლოგიური ზონა", — დასძინა ჟოსანუმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ობელისკი გასულ ხუთშაბათს შეამჩნიეს ჩრდილო-აღმოსავლეთ რუმინეთის ქალაქ პიატრა ნიამცთან, ისტორიულ ციხესიმაგრესთან ახლოს, რომელიც, ცნობების მიხედვით, ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში დაანგრიეს რომაელებმა.
და დიახ, ჩვენ ახლაც არ გვაქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ, ან საერთოდ რატომ მოხვდა ინსტალაცია იქ და ჩვენ ისიც არ ვიცით, სად გაქრა იუტას უდაბნოში აღმოჩენილი ობელისკი.
როგორც ჩანს, რუმინეთში ნაპოვნი ობელისკის დამონტაჟება ნაჩქარევად მოხდა, ან შემთხვევით რაღაცამ მისი დაზიანება გამოიწვია. სურათიდან კარგად ჩანს, რომ იუტას თანაბარი ზედაპირის მქონე ობელისკისგან განსხვავებით, მასზე წრიული დაზიანებების კვალი აღინიშნება. გარდა ამისა, აშკარაა, რომ ობელისკის დასამონტაჟებლად ორმო სულ ცოტა ხნის წინ ამოთხარეს. თუ ამ საქმეში უცხოპლანეტელების ხელი ურევია, მაშინ მათ აშკარად "მცირე ბიუჯეტი" და შეზღუდული დრო ჰქონდათ უკან დასაბრუნებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას აღმოჩენილი ობელისკი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო. Google Earth-ის სატელიტის სურათების მიხედვით, იგი იქ მინიმუმ 4 წლის მანძილზე იდგა.
New York Times-მა ასევე ივარაუდა, რომ იუტას ობელისკი შესაძლოა ყოფილიყო ბოლო პერიოდის მინიმალისტი ხელოვანის, ჯომ მაკრაკენის, ან მისი რომელიმე გულშემატკივრის ნამუშევარი.
კომენტარები