ადამიანის მიერ გარემოს დაბინძურება რომ დიდ პრობლემას წარმოადგენს, ეგ ახალი ამბავი არ არის. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს უკვე კლიშედაც კი იქცა. ისიც ვიცით, რომ მოსახლეობის მატებასთან ერთად გარემოს დაბინძურება შეუქცევადი პროცესი გახდა და ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ამ პროცესის არა შეჩერება ან უკეთეს შემთხვევაში საპირისპირო მიმართულებით წარმართვა, არამედ უბრალოდ შენელებაა.

საინტერესოა ის, თუ თვითონ ბუნება როგორ უმკლავდება ანთროპოგენული ზემოქმედების ეფექტს და როგორ ცდილობს იგი საკუთარი თავის "მკურნალობას".

საბედნიეროდ, არსებობს არაერთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც, სანამ ჩვენ მეტი რესურსებით მოხვეჭით ვართ დაკავებულნი, გარემოს "ასუფთავებს". ამ პროცესს ბიორემედიაცია ეწოდება.

ბიორემედიაცია არის ტექნიკა, რომელიც ეფუძნება ცოცხალი ორგანიზმების უნარს, შთანთქან და გარდაქმნან (ნაკლებად აქტიურ ფორმაში გადაიყვანონ) ტოქსიკური ნივთიერებები, ან მოახდინონ მათი სრული დეგრადაცია. ამ პროცესით ცოცხალი ორგანიზმები ახერხებენ ნიადაგის, ჰაერისა და წყლის გაწმენდას ანთროპოგენული წარმოშობის ტოქსინებისგან.

ამ სტატიაში განვიხილავ ცოცხალ ორგანიზმთა ხუთ ჯგუფს, რომლებსაც ზემოთაღნიშნულ პროცესებში დიდი ადგილი უჭირავთ.

1. წყალმცენარეები

ტერმინი წყალმცენარე აერთიანებს იმ რამდენიმე დამოუკიდებელ ტიპს, რომლებიც შეიცავენ ქლოროფილს და წყალში ბინადრობენ. მრავალი წყალმცენარე იზრდება ხმელეთზე, ნიადაგში, თოვლში, ან სხვა ორგანიზმებთან სიმბიოზის მდგომარეობაში, განსაკუთრებით კი სოკოებთან და სხვა ცხოველებთან.

ფოტო: https://unsplash.com/photos/B2mq60Ksrsg Pahala Basuki

ამ უმდაბლეს მცენარეებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური
გასუფთავების პროცესში. ერთუჯრედიანი წყალმცენარე ქლორელა თითქმის სრულად
ითვისებს ადამიანისა და ცხოველის მიერ გამოყოფილ ნივთიერებებს.

ქლამიდომონადას შეუძლია დაბინძურებულ წყალში გახსნილი ორგანული ნივთიერებების გამორჩევა და შთანთქმა, რითაც ხელს უწყობს დაბინძურებული წყლების გასუფთავების პროცესს.

ჩამდინარე წყლებში ამონიუმის ნიტრატსა და ფოსფორს წყალმცენარეები სულ რაღაც 3-5 დღეში გარდაქმნიან.

საინტერესო ფაქტი: ზღვის ზოგიერთი უხერხემლო ცხოველი სწორედ წყალმცეანრეებით იკვებება (მაგ., ნაწლავღრუიანები, მოლუსკები); მოლუსკების საჭმლის მომნელებელ სისტემაში არ ხდება ქლოპლასტების მონელება, ისინი ხვდებიან ლაყუჩებში. სინათლეზე მათში იწყება ფოტოსინთეზის პროცესი, რის შედეგადაც მოლუსკები იმდენ ჟანგბადს წარმოქმნიან, რამდენიც თვითონაც ჰქოფნით და ნაწილი წყალშიც გამოიყოფა.

ფოტო: en.wikipedia.org

2. ღრუბელები

ეს უმარტივესი ორგანიზმები უხერხემლო ზღვის ბენთოსურ ცხოველებს წარმოადგენენ, რომლებიც დედამიწაზე პალეოზოური ერის დასაწყისში, 600 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და პირველ მრავალუჯრედიან ორგანიზმებს წარმოადგენენ. მეცნიერების თქმით, ღრუბელები ევოლუციურ ჩიხში შევიდნენ, რადგან მათგან არც ერთი ახალი ცოცხალი ორგანიზმი არ განვითარებულა და თვითონაც განვითარების იმავე სტადიაზე დარჩნენ. მათ არათუ კუნთები, ან ჩამოყალიბებული ორგანოები, ქსოვილებიც კი არ გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გვაოცებენ თავიანთი საოცარი უნარებით. ღრუბელებს საკმაოდ დიდი კომერციული გამოყენება აქვთ და გარკვეულწილად გარემოს თვითაღდგენის პროცესსაც უწყობენ ხელს.

წყალმცენარეების მსგავსად, ღრუბელებსაც გამოიყენებენ იმის გასაგებად, თუ რამდენად ჯანსაღია ოკეანის წყალი. წყლის ხარისხის მთავარი ინდიკატორი კი ღრუბელას ორგანიზმიდან გამოყოფილი აზოტის რაოდენობაა.

ღრუბელებს აქვთ უნარი, თავის სხეულში "მოაგროვონ" ბაქტერიები, რომლებიც ოკეანის წყლებიდან შთანთქავენ ამონიუმს და მას აზოტად გარდაქმნიან. ამ გზით ისინი ამცირებენ აზოტის გავრცელებას ოკეანეში, შედეგად კი ოკეანის ეკოსისტემებსა და მარჯნის რიფებს ამ აირის ზემოქმედებისგან იცავენ.

ფოტო: NOAA

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ღრუბელების საუკეთესო თვისება წყლის ფილტრაციაა. ისინი იკვებებიან რა მიკრო-ოგანიზმებითა და დეტრიტის ნაწილაკებით, საკუთარი სხეულით შთანთქავენ ოკეანის წყალს, რომელიც გარს არტყამს მათ, შესაბამისად, შეიწოვენ იმ ნივთიერებებსაც, რაც წყალშია კონცენტრირებული. ღრუბელა გაფილტრულ წყალს უკან უშვებს, ამ ნივთიერებებს კი თავის სხეულში იტოვებს. აქედან გამომდინრე, ისინი შესანიშნავ ბიო-ფილტრატორებს წარმოადგენენ და ხელს უშლიან წყლის დაბინძურებას.

რაც მთავარია, ღრუბელები ჟანგბადსაც წარმოშობენ და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ასეთი მრავალფეროვანი ეკოსისტემა გვაქვს ოკეანეში.

3. მარჯნები

მარჯნის რიფები დედამიწაზე ყველაზე მრავალფეროვან ეკოსისტემებს ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოკეანის ტერიტორიის სულ რაღაც 0.2%-ს იკავებენ, ოკეანის ცოცხალი ორგანიზმების 1/3 სწორედ მარჯნის რიფებშია თავმოყრილი. გარდა ამისა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მარჯნის რიფების მნიშვნელობა იმაზე დიდია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ფოტო: Shaun Low

მარჯნები ოკეანის ჯანმრთელი ეკოსისტემის კარგ ინდიკატორს წარმოადგენენ. მათ ასევე შეუძლიათ დაბინძურებული წყლის ხარისხის გაუმჯობესება, როცა დამაბინძურებლებს წარმოადგენენ როგორც ოკეანის ცხოველთა გვამები, ასევე ოკეანისთვის არადამახასიათებელი ნარჩენები. ასეთ ნივთიერებებს მავნე ეფექტი აქვთ ოკეანის წყალზე და ეკოსისტემებში სხვადასხვა ტიპის დაავადებების გავრეცლებას უწყობენ ხელს.

ფოტო: quinguyen

4. სოკოები

ფოტო: Andrew Ridley

სოკოები გასაოცარი ორგანიზმები არიან. მათი მრავალფეროვანი თვისებების გამო, მეცნიერები მათ არც მცენარეებს აკუთვნებენ და არც ცხოველებს, არამედ გამოყოფენ ცალკე სამეფოდ ცოცხალ ორგანიზმთა სისტემატიკაში. მიუხედავად მცენარეებთან მსგავსებისა, მათგან განსხვავებით, სოკოები არ მონაწილეობენ ფოტოსინთეზის პროცესში. სინამდვილეში მათ ცხოველებთან უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე მცენარეებთან. სოკოებს ინტერნეტის მსგავსი საკომუნიკაციო სისტემა აქვთ - მიცელიუმი (სოკოს სხეული), რომლის საშუალებითაც საკვებსა და წყალს იღებენ. განვიხილოთ ამ უცნაური არსებები თვისებები:

მიცელიუმს შესანიშნავი უნარი აქვს, გაასუფთავოს ნიადაგი და წყალი დამაბინძურებლებისგან. იგი იქამდე განაგრძობს მიწაში საკვების მოძიებას, სანამ საერთოდ არ ამოწურავს მის მარაგს. ამიტომ იგი მიწიდან განაგრძობს ისეთი ნივთიერებებით კვებას, რომლებიც გარემოსთვის ზიანის მომტანია. სოკოს მოთავსება შესაძლებელია წყალში, სადაც ზედმეტად დიდი რაოდენობითაა მიკროწყალმცენარეები. მიცელიუმი იჭერს ამ ბაქტერიებს, შლის მათ კიდევ უფრო მცირე ზომის ნაწილაკებად და ასუფთავებს წყალს.

მიცელიუმი

მიცელიუმი

ფოტო: powerofplants.com; 2015 Robin Kobaly

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ყველას გვინახავს ის საშინელი სურათები, სადაც ადამიანებისა თუ დიდი კომპანიების მიერ ნავთობის ჩაღვრის შედეგად მთელი ტერიტორია დაბინძურდა და შედეგად უამრავი ცოცხალი ორგანიზმმი განადგურდა, ამ ადამიანებმა კი უბრალოდ ხელი ჩაიქნიეს ტერიტორიის გასუფთავებაზე. აქ ისევ სოკოს მიცელიუმმა შეიძლება გადაგვარჩინოს. უკვე ვიცით, რომ იგი იკვებება ბაქტერიებით და იქამდე არ ჩერდება, სანამ სრულად არ ამოწურავს რესურსებს. სოკო ხეთამხალის (კალმახა სოკო) მიცელიუმს შეუძლია დაშალოს ნახშირწყალბადი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ნავთობში. მეცნიერები ამჟამად იკვლევენ, შეიძლება თუ არა სოკოების გამოყენება ბირთვული ნარჩენების დასაშლელად.

ხეთამხალი

ხეთამხალი

ფოტო: www.healthbenefitstimes.com

5. ლიქენები

გნებავთ მღიერები, ან ქარაგოზები. ისინი სოკოებისა და წყალმცენარეების სიმბიოზს წარმოადგენენ. ეს ორგანიზმები თითქმის ყველა ტიპის ზედაპირზე იზრდებიან, შეუძლიათ არსებობა ექსტრემალურ პირობებში და სიცოცხლის არსებობის პირველ ნიშნანწყალს წარმოადგენენ.

ქარაგოზები მონაწილეობას იღებენ როგორც ნიადაგის წარმოქმნის პროცესში, ასევე აუმჯობესებენ მის ხაირისხს და მცენარეთა ზრდისთვის საჭირო ნივთიერებებით ავსებენ მას.

რაც მთავარია, ლიქენები ბიოდეგრადაციის აგენტებსაც წარმოადგენენ. ისინი შლიან პოლიესტერს, ტყვიას, სპილენძს, რადიონუკლიდებს და სხვა ბიოდეგრადირებად დამაბინძურებლებს.

ქარაგოზების ზოგიერთი სახეობა გამოიყენება პათოგენებისა და ისეთი ნივთიერებების დასაშლელად, რომლებიც ინფექციურ დაავადებების გავრცელებას უწყობენ ხელს როგორც მცენარეებში, ასევე ცხოველებსა და ადამიანებში.

ფოტო: https://unsplash.com/photos/ZwKxrkvA_sQ
Minna Autio

დასასრულს, როგორც ვხედავთ ბუნებაში უამრავი ცოცხალი ორგანიზმი გვხვდება, რომელიც საინტერესო მეთოდებით ცდილობს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას და სიცოცხლისთვის ბრძოლაშია ჩართული. ვფიქრობ, რომ კიდევ უამრავი გასაოცარი რამ გვაქვს აღმოსაჩენი სიცოცხლის ფორმებზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განვაგრძოთ მათი საფუძვლიანად შესწავლა.