Zoom-ის გამოყენება უკვე დაშიფრულადაც შეგვიძლია - როგორ ჩავრთოთ
ივნისში, პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წნეხის შემდეგ, ვიდეოზარების პლატფორმა Zoom-მა განაცხადა, რომ ის კომუნიკაციის დაშიფრულ ფორმატს (end-to-end encryption) უფასო მომხმარებლებსაც შესთავაზებდა. Zoom-ის დაპირება სრულდება და მომხმარებლები დაშიფრული ფორმატით უკვე მიმდინარე კვირიდან სარგებლობენ, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც არსებობს.
Zoom-ის "შეხვედრები" AES 256-bit GCM-ით დაშიფრული მანამდეც იყო. ანუ, თქვენი ტექსტი, ვიდეო და აუდიო გადაცემისას დაცული იყო. თუმცა, დამცავი კოდები ზუმის სერვერების მიერ გენერირდებოდა, შესაბამისად, მომხმარებლების ინფორმაციის მოპოვება, კიბერთავდასხმის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა.
დაშიფრული ფორმატის პირობებში კი კოდებზე წვდომა მხოლოდ მომხმარებლებს აქვთ. ანუ თქვენ და იმ ადამიანებს, რომლებსაც ეკრანის მეორე მხარეს, კონკრეტულ მომენტში ელაპარაკებით.
აღსანიშნავია, რომ მაისში Zoom-მა Keybase.io შეიძინა, რომლის დახმარებითაც Zoom-ისთვის დაშიფრული ფორმატი შექმნა გახდა შესაძლებელი.
უფასო მომხმარებლებს, რომლებიც დაშიფრული ფორმატით ისარგებლებენ შეზღდვები ექნებათ. მაგალითად, ორგანიზატორზე ადრე შეხვედრის მონაწილეები ვირტუალურ ოთახში ვერ შევლენ, შეუძლებელია სტრიმინგი, გამოკითხვის ჩატარება და პრივატული ჩატი. ასევე, Zoom-ის ვირტუალურ ოთახში შესვლა 1 000 მონაწილეს შეუძლია, თუმცა დაშიფრული ფორმატით, მაქსიმუმ, 200 კაციანი შეხვედრებისას ისარგებლებთ.
Zoom-ში ამბობენ, რომ ახალი ფუნქცია 30 დღის მანძილზე ბეტა სტადიაზე იქნება. დროის ამ მონაკვეთში Zoom სისტემის გასაუმჯობესებლად ინფორმაციას შეაგროვებს.
დაშიფვრის ჩართვა ზუმის ვებვერსიიდან შეგიძლიათ. ამისათვის:
1. უნდა გქონდეთ ზუმის ანგარიში;
2. შეხვიდეთ Zoom-ის ვებპორტალზე;
3. დააკლიკოთ Settings-ს;
4. Meeting (Basic)-ის კატეგორიაში მოძებნოთ ფუნქცია Require Encryption for 3rd Party Endpoints (H323/SIP) და ჩართოთ ის.
კომენტარები