NASA-სთან გაფორმებული კონტრაქტით Nokia მთვარეზე 4G ქსელს განათავსებს
მალე აღარანაირი გამართლება არ ექნება ასტრონავტებისთვის მიწერილი მესიჯების უპასუხოდ დატოვებას.
NASA-მ აშშ-ის Nokia-ს წარმომადგენლობას $14,1 მილიონი გადასცა, რათა მთვარეზე ქსელური კავშირი განავითაროს. დაფინანსება $370-მილიონიანი გრანტის ნაწილია, რომელიც NASA-ს მიერ კოსმოსის კვლევის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხაა.
Nokia დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე 4G/LTE კავშირის შექმნას გეგმავს, რომელიც, საბოლოოდ, 5G ქსელად იქცევა (ისევე, როგორც ეს დედამიწაზე მოხდა). NASA-ს განცხადებით ეს იქნება "პირველი 4G/LTE კომუნიკაციის სისტემა კოსმოსში".
"სისტემა, შესაძლოა, სასიკეთოდ წაადგეს მთვარეზე დიდ დისტანციაზე ზედაპირული კომუნიკაციის განვითარებას, გაზრდილი სიჩქარით და იმაზე მეტი სანდოობით, ვიდრე ამჟამინდელი სტანდარტები ითვალისწინებს", — აცხადებენ NASA-ში.
Nokia-ს მკვლევარმა, ბელ ლებსმა, ტვიტერზე პროექტის შესახებ უფრო მეტი დეტალი გაამჟღავნა. კომპანია გეგმავს მთვარეზე ტექნოლოგიური სამუშაოები, მათ შორის ვიდეოს გადმოცემაც, უსადენო კავშირის მეშვეობით გახადოს შესაძლებელი.
კავშირი საგანგებოდაა შექმნილი უჩვეულო გარემოებებიდან გამომდინარე და ითვალისწინებს "ექსტრემალურ ტემპერატურას, რადიაციას და კოსმოსში არსებული ვაკუუმის პირობებს".
UPI-ის ცნობით, NASA-მ განცხადების პირდაპირ ეთერში გაკეთებისას აღნიშნა, რომ პროექტის მომდევნო ეტაპი კოსმოსური ხომალდის და მთვარეზე მორგებული ტექნოლოგიების შექმნაა. თუმცაღა ინოვაციური პროექტის ვადები ჯერ ცნობილი არაა, ადმინისტრატორ ჯიმ ბრიდენსტინის განცხადებით, იგი NASA-ს დიდი გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მთვარეზე 2028 წლისთვის კვლევითი ბაზა უნდა განთავსდეს.
კომენტარები