კორონავირუსის პოტენციური ვაქცინების კვლევებში ბავშვები ჯერ კიდევ არ ჩართულან — რატომაა ეს პრობლემა
კორონავირუსის ვაქცინის შექმნისთვის სამუშაოები ელვის სისწრაფით მიმდინარეობს და ექსპერიმენტული ვაქცინები უკვე კლინიკური კვლევის ფინალურ ეტაპზე არიან. ზოგიერთი მათგანი თავის საბოლოო შედეგებს უკვე შემდეგ თვეში გააანალიზებს.
თუმცა, ეს პროგრესი სრულად ზრდასრულებზეა კონცენტრირებული. კორონავირუსის კვლევით ეტაპზე ბავშვები არ ჩართულან, რაც ბევრ მეცნიერს ნერვიულობის საბაბს აძლევს — გარკვეული პერიოდით, შესაძლოა, პატარები COVID-19-ის ვაქცინის გარეშე დარჩნენ.
როგორც წესი, ფარმაკოლოგიური კომპანიები მსგავსი დიზაინის კვლევას მანამ აკეთებენ, სანამ ბავშვების აცრას დაიწყებენ.
იგეგმება თუ არა კორონავირუსის ვაქცინის კვლევა ბავშვებში? — ამ კითხვით მიმართა Business Insider-მა ისეთ წამყვან ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, როგორებიცაა: Pfizer, Moderna, AstraZeneca, და Johnson & Johnson. ოთხივე კომპანიამ დაადასტურა, რომ კვლევა იგეგმება, მაგრამ კონკრეტულ ვადებზე მათ არ უსაუბრიათ. ამჟამად, ოთხივე კომპანია თავისი ვაქცინის კვლევის ფინალურ ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლევარებს იმუნიზაციის ფართო ეფექტიანობასა და გვერდით მოვლენებზე საბოლოო წარმოდგენა ექმნებათ. ამ ეტაპის გავლის შემდეგ ვაქცინა მასიურ წარმოებაში ეშვება.
Moderna-მ განაცხადა, რომ პედიატრიული კვლევის დაწყებას წლის ბოლომდე გეგმავს და ამჟამად მარეგულირებელი ორგანოებიდან დასტურის ლოდინის რეჟიმშია.
"მარეგულირებლიდან დასტურის მიღების პირობებში, ჩვენ პედიატრიული კვლევის წლის ბოლომდე დაწყებას ვგეგმავთ", — განაცხადა Moderna-ს კორპორატიული ურთიერთობის მთავარმა ოფიცერმა, რეი ჯორდანმა.
მან ასევე დაამატა, რომ ამ ეტაპზე კომპანიას არაფერი აქვს საჯაროდ გამოსაცხადებელი არც კვლევის ვადებზე და არც დაფინანსებაზე, რადგან "რეგულატორული განხილვები ამ დრომდე გრძელდება".
Johnson & Johnson-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა, პოლ შტოფელსმა განაცხადა, რომ კომპანია პედიატრიული კვლევის ჩატარებას გეგმავს. კვლევის პირველადი შედეგები "წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი", მას შემდეგ, რაც ზრდასრულებში ვაქცინის უსაფრთხოება დამტკიცდება.
სხვა კომპანიები არ ამბობენ, როდის დაიწყებენ ვაქცინის პედიატრიულ კვლევებს.
ფარმაკოლოგიური კომპანიები ბავშვებში ვაქცინების კვლევას დიდ ყურადღებას უთმობენ
კორონავირუსის ვაქცინის ბავშვებში კვლევის შესახებ არსებული ინფორმაციული ვაკუუმი პედიატრებსა და ვაქცინების ექსპერტებს აშფოთებთ.
"ახლა მე იმაზე ვდარდობ, რომ ჩვენ ბავშვებისთვის ვაქცინა შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისისათვისაც არ გვექნება", — განაცხადა The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ატლანტის ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრის პედიატრმა, ექიმმა ევან ანდერსონმა.
Business Insider ასევე დაინტერესდა, ელოდებიან თუ არა ფარმაკოლოგიური კომპანიები პედიატრიული კვლევებისთვის აშშ-ის საბიუჯეტო დაფინანსებას. ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არცერთმა კომპანიამ არ გასცა, თუმცა AstraZeneca-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ მიერ აშშ-ის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება თავის თავში პედიატრიულ კვლევებსაც მოიაზრებს.
აშშ-ის მიერ კორონავირუსის ინიციატივის ხელშეწყობის, ოპერაცია Warp Speed, ფარგლებში ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა კვლევების დასაფინანსებლად, დოზების საწარმოებლად და რამდენიმე ექსპერიმენტული ვაქცინის ადრეული შესყიდვებისთვის $10 მლრდ-მდე დაფინანსება ქვეყნის ბიუჯეტიდან მიიღეს. თუმცა, ოპერაციის Warp Speed ლიდერებს პედიატრიული კვლევები არათუ არ დაუგეგმავთ, არამედ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბავშვების ვაქცინაცია საერთოდ არც კი უხსენებიათ.
ბავშვების კვლევების მიღმა დატოვება რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას
როგორც წესი, მკვლევრები ექსპერიმენტული ვაქცინის კვლევას ყველაზე ნაკლებად მოწყვლად ჯგუფებში, ახალგაზრდებსა და ჯანმრთელ ზრდასრულებში, იწყებენ. დადებითი შედეგების შემთხვევაში, ისინი თავიანთი კვლევის არეალს აფართოებენ და მასში მოწყვლად ჯგუფებსაც რთავენ. ეს, შეიძლება, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების იმუნიზაციასაც გულისხმობდეს.
Pfizer-ის მიერ კვლევის დიზაინში შეტანილმა ახლანდელმა ცვლილებამ კარგად აჩვენა, თუ როგორ მუშაობს ეს ყოველივე პრაქტიკაში. ფარმაცევტულმა გიგანტმა კვლევაში მოხალისეთა ჩართვის გეგმა, გამოეყენებინა 30 ათასი ადამიანი, 44 ათას მოხალისემდე გაზარდა. ახლა კი მათ ისიც განაცხადეს, რომ კვლევაში 16-17 წლის მოხალისეების, ქრონიკული ჰეპატიტი C და ჰეპატიტი B-თი დაავადებულებისა და აივ-ინფიცირებულების ჩართვაც სურთ.
"16 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ავადობის ტვირთის შესაფასებლად ჩვენ რეგულატორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ პედიატრიული კვლევის დასაგეგმად", — განაცხადა Pfizer-ის წარმომადგენელმა.
მართალია, პატარები, მოხუცებთან შედარებით, COVID-19-ით უმეტესწილად მსუბუქად ავადობენ, მაგრამ მათთვის ვაქცინის შექმნა პანდემიასთან ბრძოლაში მაინც მნიშვნელოვან ნაბიჯად რჩება.
"მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 ვირუსით ბავშვის ინფიცირებას, უმეტეს შემთხვევაში, ასიმპტომური მიმდინარეობა ახასიათებს, სიმპტომური და ხანდახან მძიმე მიმდინარეობაც გვხვდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვები SARS-CoV-2-ის საზოგადოებაში გავრცელებაში, შესაძლოა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ", — აღნიშნა Pfizer-ის წარმომადგენელმა.
უშუალოდ COVID-19-ის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა მოხუც ადამიანებში ყველაზე მაღალია. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ბავშვთა ავადობის შემთხვევები კი საკმაოდ იშვიათია. ფარმაკოლოგიური კომპანიების განცხადებებში ნათლად ვკითხულობთ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მათი პრიორიტეტი დაავადების მიმართ პოპულაციის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვაა.
AstraZeneca-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია ბავშვებში ვაქცინის კვლევას მას შემდეგ დაიწყებს, რაც "ზრდასრულებში ეფექტიანობის შესახებ საკმარისი მონაცემები დაგროვდება, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ვაქცინა AZD1222 ბავშვებისთვის უსაფრთხოა".
კომენტარები