ნეირომეცნიერები მასკის Neuralink-ის დემონსტრაციას აკრიტიკებენ
28 აგვისტოს ილონ მასკმა Neuralink-ის ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის პირველი დემო წარადგინა. მონეტისხელა ჩიპის მიზანი ტვინში წარმოქმნილი იმპულსების "გადათარგმნაა", რაც მასკის მტკიცებით, მომავალში დაავადებების მკურნალობაში და ტელეპათიის უნარის გამომუშავებაშიც კი დაგვეხმარება.
მასკის განცხადებების მიუხედავად, Neuralink-ის პრეზენტაცია ნეირომეცნიერების ნაწილისთვის შთამბეჭდავი არ ყოფილა. ექსპერტები ამბობენ, რომ დემონსტრაციამ ბევრი კითხვა გააჩინა. მათგან ერთ-ერთი ჩიპის განსათავსებელი ადგილმდებარეობის საკითხს ეხება:
"ხელსაწყო, რომელიც ვიხილეთ, თავის ტვინის ერთ სენსიმოტორულ რეგიონზე იყო მოთავსებული", — ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი, ჯონ კრაკაუერი, — "თუ მოძრაობების გარდა, აზრების წაკითხვა გვინდა (რომც ვიცოდეთ, ამ უკანაკნელის ბიოლოგიური საფუძველი), სად უნდა მოვათავსოთ ჩიპი? ან რამდენი ჩიპი დაგვჭირდება? Როგორ ვქნათ ისე, რომ მთელი თავის ქალა ჩიპებით არ დავფაროთ? ამის შესახებ არაფერი თქმულა".
კრაკაუერის გარდა, მასკის პრეზენტაციას სხვა ნეირომეცნიერებიც სკეპტიკურად შეხვდნენ.
"Neuralink-ის ჩიპიდან ინფორმაციის უსადენოდ გადაცემა დახვეწილი იყო და იმპლანტიც კარგად გამოიყენებოდა", — ამბობს ნიუკასტლის უნივერსიტეტის მკვლევარი, ენდრიუ ჯეკსონი, — "ყველაზე დიდი სირთულე ტვინის მთელი ამ მონაცემების გამოყენებაა. ამ გაგებით დემონსტრაცია არც ისე გასაოცარი იყო და ისეთი არაფერი იყო ნაჩვენები, რაც აქამდე არ გაკეთებულა".
კომენტარები