სპექტაკლი თუ პროგრესი — რამდენად რეალისტურია მასკის მიერ გაცემული დაპირებები
თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა ყველაფერი "დააჩქარა". ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო სწორედ დღეს არის. მონაცემთა დამუშავება და სხვადასხვა ტექნოლოგიური ხელსაწყოს ოპტიმიზაცია მეტწილად ხელოვნური ინტელექტის და მანქანური დასწავლის სფეროში გაკეთებული მიღწევების შედეგია.
სწორედ ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი გრანდიოზული მისიების შესრულებაში დაგვეხმარება. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი Tesla-ს და Space X-ის დირექტორი, ილონ მასკია. ის კიდევ ორი სხვა კომპანიის, Open Ai-ის და Neuralink-ის დამფუძნებელიცაა. ამ უკანასკნელის მიზანი ერთგვარი რობოტადამიანური სიმბიოზის დამყარებაა. მასკის თქმით, მომავალში ჭკვიანი ჩიპები, რომლებიც ჩვენს სხეულებში მოთავსდება, დაავადებების დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში დაგვეხმარება.
28 აგვისტოს Neuralink-ის კონფერენციაზე ილონ მასკმა კომპანიის გრანდიოზულ მიზნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ხალხს მოქმედი ჩიპის პროტოტიპის დემონსტრაცია აჩვენა, რომელიც ღორის ტვინზე იყო მიმაგრებული და დინგიდან წამოსულ ნერვულ იმპულსებს აღიქვამდა.
რაც შეეხება Open Ai-ის, მისი მიზანი სამედიცინო სფეროს მოდერნიზაცია ნაკლებად არის. ის ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ დახვეწაზეა ორიენტირებული. გარდა იმისა, რომ ეს ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს დაუდებს საფუძველს, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მალე ხელოვნური ინტელექტი ადამიანური ინტელექტის მსგავსი იქნება.
გრანდიოზული გეგმების მიუხედავად, ბევრი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული კომპანიების და მასკის დაპირებები, უბრალოდ, არარეალისტურია და ეს კომპანიები არაფერ "რევოლუციურს" არ აკეთებენ. ამის გამო, ზოგი იმასაც კი ამტკიცებს, რომ Open Ai და Neuralink, უბრალოდ, კარგად ორგანიზებული პიარკამპანიებია, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების ტალღებს იწვევს, რაც კომპანიების აქციებზე კარგად აისახება. ამ დროს კი გაცხადებული მიზნების მისაღწევად OpenAi და Neuralink ბევრს არაფერს აკეთებს.
ვნახოთ, რამდენად აქვს საფუძველი მსგავს კრიტიკულ დამოკიდებულებას.
მაინც, რა ვნახეთ Nueralink-ის კონფერენციაზე
ბოლო კონფერენციაზე გაჟღერებულ დაპირებებს ერთი პრობლემა აქვთ, რაც ხელოვნური ინტელექტის სფეროში გაკეთებული ამბიციური განცხადებებისთვის ტიპიურია. კერძოდ, საუბარი მაქვს კონკრეტულ მეთოდოლოგიაზე, რომელიც Neuralink-ს გაჟღერებული მიზნების შესრულებაში დაეხმარება.
ღორის ნეირონების მიერ მიღებული ინფორმაციის ვიზუალიზაცია ნეირომეცნიერების და ბიოტექნოლოგიების სფეროში არაფერი ახალი არ არის. ამას მეცნიერები უკვე წლებია, წარმატებით აკეთებენ. MIT Technology Review-მ ამ დემონსტრაციას "ნეირომეცნიერების თეატრი" უწოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტექნოლოგია ახალი არ არის, ცოტა უცნაურია მასკის ისეთი განცხადებები, როგორიცაა: "შესაძლოა, რომ ახლა მეც ამ მოწყობილობას ვატარებდე და თქვენ ამის შესახებ არ იცოდეთ". მასკი რომც ატარებდეს ამ მოწყობილობას, რომელიც მისი ცხვირის ნეირონების ანთების ვიზუალიზაციას აკეთებს, ამაში არაფერი გასაოცარი არ იქნებოდა. თუმცა გამოყენებული ფრაზეოლოგია ისეთია, თითქოს რაღაც ახალი და საინტერესო ხდება.
თუნდაც ის ფაქტი, რომ მასკმა კონფერენციაზე სამი ღორი წარადგინა იმის საჩვენებლად, რომ Neuralink-ის იმპლანტი უსაფრთხოა, რაღაც ტექნოლოგიურ ინოვაციაზე მიანიშნებს. რაც სიმართლე არ არის.
2019 წელს კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა რობოტული მხარი შექმნეს, რომლის მოძრაობაც არაინვაზიური ტექნოლოგიის გამოყენებით ტვინით შეიძლება. ტვინი-კომპიუტერის ინტეფეისი (BCI) ახალი არ არის. მისი უსაფრთხო და ბევრად შთამბეჭდავი გამოყენება ხშირია.
მაგალითად, მეცნიერების მიერ შემუშავებული სპეციალური ჩიპი ვირთხებს ინფრაწითელი გამოსხივების აღქმის უნარს აძლევს.
კონფერენციაზე მასკს ისიც არ უთქვამს, როდის ან როგორ აპირებს Neuralink რეალური სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მოწყობილობების შექმნას. ამჟამინდელი ინფორმაციით, Neuralink-ის კლინიკური ტესტირებები არც კი განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 4 წელია, არსებობს.
მასკის თქმით, Neuralink-ის დანადგარი ისეთი აშლილობების მკურნალობაშიც დაგვეხმარება, როგორიცაა ინსომნია და დეპრესია. ეს ყველაზე უცნაური დაპირებაა, რადგან დიაგნოსტიკური საშუალებების ნაკლებობის გამო, დეპრესიის დაავადებად კლასიფიკაციაც კი პრობლემურია და ეს მდგომარეობა წესიერად არც კი გვესმის, საუბარი აღარ მაქვს მის მიღმა არსებულ ბიოლიურ მექანიზმებზე.
ერთადერთი რეალური სიახლე, რაც კონფერენციაზე ვიხილეთ, იყო Neuralink-ის დანადგარების კონცეპტუალური დიზაინები და ხმამაღალი დაპირებები. ეს არ ნიშნავს, რომ მასკის გაჟღერებული იმედები და მომავლის ხედვა მიუღწეველია, ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად Neuralink-ს არაფერი არ აქვს, ან აქვს და არ ვიცით.
Open Ai კულისებს მიღმა და საზოგადოებაში
მასკის წამოწყებული ამბიციური პროექტების სიაში Open Ai-იც შედის. კომპანია, რომელსაც დროთა განმავლობაში მასკი ჩამოშორდა, თუმცა მისი მისიის თავდაპირველ ფორმულირებაში დიდი წვლილი შეიტანა.
Open Ai თავის დროზე არაკომერციულ კომპანიად ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც იყო, კეთილდღეობა არა მეწილეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის მოეტანა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ ინტელექტს არ ჩამოუვარდება და, როგორც მინიმუმ, მის იმიტაციას შეძლებს.
საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს არსებული ინფორმაციით და საჭიროებს თუ არა ხელოვნური ინტელექტის სფერო დამატებით გარღვევებს ამ მიზნის მისაღწევად, მწვავე დისკუსიის საგანია. სწორედ ამიტომ ბევრი კომპანიის ამბიციებს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ეს საკითხი ცალკე განხილვის საგანია.
Open Ai თავისი არსებობის ისტორიაში მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. 2019 წლის 14 თებერვალს კომპანიამ გამოაცხადა, რომ მათ შექმნეს ახალი "მოდელი" (სახელად GPT-2), რომელსაც დამაჯერებელი ესეების და სტატიების შექმნა უბრალოდ ღილაკის დაჭერით შეუძლია. შეიყვანეთ პროგრამაში ბეჭდების მბრძანებელის ტექსტი და ცოტა ხანში ის შექმნის ყალბ ინფორმაციას, თუ როგორ მოიპარა, მაგალითად, მაილი საირუსმა 20 ბოთლი კონიაკი მაღაზიიდან და ა.შ.
კომპანიამ ისიც განაცხადა, რომ GPT-2 საჯარო გამოშვებისთვის ზედმეტად საშიში იყო; იმდენად საშიში, რომ არასწორ ხელში აღმოჩენის შემთხვევაში უპრეცედენტოდ მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიები დაიწყებოდა.
ბევრმა მეცნიერმა ამ განცხადებას უბრალო პიარ ილეთი უწოდა: თუ კომპანიამ მართლაც შექმნა ასეთი ტექნოლოგია, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით ვერ გააზიარებდნენ, მაშინ საერთოდ რატომ გამოაცხადეს მის შესახებ?
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული დეზინფორმაციის წამყვანი მკვლევარი, ბრიტ პარისი ამბობს, რომ კომპანია Ai-ის გარშემო არსებულ პანიკაზე კაპიტალიზაციას ცდილობდა.
Open Ai-მ GPT-2 საჯაროდ საბოლოოდ ნოემბერში გამოუშვა, რომლის "არასწორად" გამოყენების ფაქტი დღემდე არ ფიქსირდება. რა არის ამ ტექნოლოგიაში განსაკუთრებულად საშიში, ასევე უცნობია.
Open Ai-ს გუნდმა Foresight-მა, რომელიც Ai-ის შესაძლებლობების ლიმიტების განსაზღვრას ცდილობს, დამატებით კრიტიკა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ Open Ai-ის ერთგვარი მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლები წახალისებულნი არიან, თავიანთი მიგნებები ბლოგპოსტებად ან კვლევად გამოაქვეყნონ, Foresight-ში მომუშავე მკვლევრებს ძალიან ნათელი ინსტრუქცია მისცეს, რომ ექვსი თვის მანძილზე კვლევები არ გამოქვეყნებულიყო.
6 თვის შემდეგ Open Ai-ის გასაიდუმლოებული სტატიები გამოქვეყნდა და ბევრი დაბნეული იყო, რის გამო დაიმსახურეს ამ კვლევებმა გასაიდუმლოება.
ზოგჯერ დაპირებები დაპირებებად რჩება
მიუხედავად იმისა, რომ OpenAi-ის და Neuralink-ის ბევრი ამბიციური პროექტი დასრულებისგან ძალიან შორსაა და ბევრი გრანდიოზულ ან საშიშ გარღვევად წარმოდგენილი კვლევა არც ისე გრანდიოზული და საშიშია, ორივე კომპანია ძალიან ნიჭიერი და მშრომელი მეცნიერებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც სასარგებლო კვლევებს რეგულარულად აქვეყნებენ.
ამის მიხუედავად, ზემოხსენებული კომპანიების — ისევე, როგორც ილონ მასკის განცხადებები — ხშირად უბრალოდ არარეალისტურია და ზემოხსენებულ კრიტიკას ნამდვილად იმსახურებს. მასკი ბევრ წრეებში საკულტო პიროვნებად იქვა, რომელიც ხშირად ისეთ დაპირებებს გასცემს, რომლებსაც მერე ვერ ან არ აკეთებს.
2018 წელს, როცა ტაილანდში წყალში ჩაფლულ გამოქვაბულში აღმოჩენილი ახალგაზრდების და მათი მწვრთნელის გადასარჩენად სამაშველო სამუშაო მიმდინარეობდა, მასკმა ოპერაციაში ჩართულ მხარეს სპეციალური წყალქვეშა ნავით დახმარება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
ერთ-ერთი მყვინთავის, ვერნონ ანსვორთის თქმით, მასკს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობით უბრალოდ პიარ ილეთის გაკეთება სურდა. მასკმა ტვიტერზე ანსვორთს პედოფილი უწოდა და განაცხადა, რომ მისი წყალქვეშა ნავი წარმატებული იქნებოდა. მოგვიანებით მასკმა ეს ტვიტი წაშალა.
ფაქტად უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკს და Tesla-ს სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის არანაირი გამოცდილება არ აქვთ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად ილონ მასკმა პირობა დადო, რომ კალიფორნიის შტატს 1 000 ვენტილატორს მისცემდა. ეს დანადგარი COVID-19-ის მქონე პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თავდაპირველად კალიფორნიაში ამბობდნენ, რომ მასკს ვენტილატორები არ გამოუგზავნია. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ვენტილატორების ნაცვლად Tesla-მ არაინვაზიური BiPaP დანადგარები გაგზავნა, რომლებიც ინვაზიურ ვენტილატორებთან შედარებით ბევრად იაფი და ნაკლებად ეფექტიანია. საბოლოო ჯამში, ისიც უცნობია მთლიანობაში 1 000 ასეთი დანადგარი გაიგზავნა თუ არა.
მსგავსი შემთხვევების გამო ილონ მასკის ინიციატივებს ბევრი ძალიან სკეპტიკურად უდგება. მისი დაფუძნებული კომპანიებიც ხშირად იმ დაპირებებს ვერ ასრულებენ, რომლებსაც იძლევიან. მეცნიერებაში და ადამიანების კეთილდღეობისთვის ბრძოლაში პიარის ადგილი ნაკლებადაა. ხშირად ამბიციური განცხადებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია, რეალურ სამეცნიერო კვლევას და რეალურ საჯარო ინიციატივებს აფერხებს.
კომენტარები