არომატების ენა და იაპონური ექსპერიმენტი — რა შეუძლია "ციფრულ ცხვირს"
იაპონურმა სტარტაპმა AromaBit ცოტა ხნის წინ წარმოადგინა მიკროსენსორები, რომლებსაც ჰაერის ქიმიური ნაწილაკების "წაკითხვა" და ამგვარად სუნის დადგენა შეუძლიათ.
როგორც ასეთი, ელექტრონული ცხვირის იდეა ახალი არაა, თუმცა AromaBit-ის დეველოპერებმა მისი მოცულობის მაქსიმალური შემცირება მოახერხებს. სენსორების მთელი ნაკრები ერთი SD ბარათის ზომის პლატაზე ეტევა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, სენსორების მგრძნობელობა ძაღლის ყნოსვაზე რამდენჯერმე უფრო მაღალია.
"არომატები ჩვენს გარემოში ყოველდღიურად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ — მათ შეუძლიათ, ჩვენში ძლიერი ემოციები გამოიწვიონ. რა მოხდებოდა, თუკი შევქმნიდით ერთ უნივერსალურ ციფრულ ენას, რომელიც სხვადასხვა არომატის გამოხატვის საშუალებას მოგვცემდა?" — აცხადებს სტარტაპ AromaBit-ის აღმასრულებელი დირექტორი, შუნიჩირო კუროკი.
მისივე თქმით, AromaBit-ის გუნდმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე მინიატურული და იაფი სენსორები, რომლებსაც შესწევთ უნარი, აღიქვან სუნი და აქციონ ის ციფრულ ინფორმაციად.
"აღნიშნულ სენსორებს ცხვირის რეცეპტორების იმიტაცია შეუძლიათ. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი სენსორები რევოლუციას მოახდენენ და სრულად შეცვლიან ადამიანების ურთიერთობის გამოცდილებას და იმას, თუ როგორ უზიარებენ ისინი ერთმანეთს ინფორმაციას", — განმარტავს კუროკი.
რაში გვჭირდება მსგავსი ტექნოლოგია?
დეველოპერების განცხადებით, ახალი ტექნოლოგია სუნის ვიზუალიზაციის საშუალებას მოგვცემს, რისთვისაც გარკვეული გრაფიკული კოდი გამოიყენება. განიხილება აღნიშნული მოწყობილობით საკვების ხარისხის კონტროლის და ადამიანის ჯანმრთელობის შემოწმების შესაძლებლობაც.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს კომუნიკაციის სამი არხი აქვთ: ცნობიერი (ჩვეულებრივი, ვერბალური ურთიერთობა), ქვეცნობიერი (ჟესტები, მიმიკა, სხეულის ენა) და არაცნობიერი (არომატების საშუალებით).
ურთიერთობის არაცნობიერი დონე ოლფაქტორული არხის, ანუ არომატების მეშვეობით ხორციელდება. ასეთი დაფარული არომატი მძლავრი ემოციური განცდების დროს გამოიყოფა, რომელიც ცნობიერამდე არომატების სახით აღწევს და გავლენას ახდენს მოსაუბრის ორგანიზმის ფუნქციურ მდგომარეობაზე.
მარტივად რომ ვთქვათ, როცა ჩვენ ემოციებს განვიცდით, ორგანიზმი სხვადასხვა არომატს აფრქვევს. ჩვენთან მოსაუბრე ადამიანები ამას არომატად ვერ აღიქვამენ, თუმცა მათი ტვინი ამ არომატს ერთგვარად შიფრავს და ეს ადამიანში იმავე ემოციურ განცდებს იწვევს, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. მაშასადამე, ყნოსვის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია, ამოვიკითხოთ ახლობლების ემოციური მდგომარეობა და ამ ინფორმაციის გამოყენებით გამოვავლინოთ ემპათია.
ასეთი არომატთა ურთიერთობის ნათელი მაგალითია კინოთეატრი. დიდ ეკრანზე სახლში ნაყურები ფილმი და ფილმი, რომელსაც ბევრ ადამიანთან ერთად ვუყურეთ, სულ სხვადასხვანაირ ემოციას იწვევს — მეორე შემთხვევაში განცდები ბევრად მძაფრია.
არსებობს მოსაზრება, რომ არომატებით ურთიერთობის ენა ყველა ადამიანისთვის უნივერსალურია. ამ იდეის მიმდევართა აზრით, არომატებს ერთგვარი ანბანიც კი აქვთ, რომლითაც ხდება შეტყობინების ფორმირება ადამიანის ემოციური მდგომარეობის შესახებ.
სტარტაპ AromaBit-ის მიერ შექმნილმა ტექნოლოგიამ, შესაძლოა, ადამიანის სხეულის სუნის ანალიზით მისი ემოციური მდგომარეობა დაადგინოს.
წარმოიდგინეთ, როგორ დაეხმარება ეს ტექნოლოგია კომპანიებს რეკლამების დაგეგმვასა და სამიზნე აუდიტორიის ზუსტად განსაზღვრაში მათი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით — რეკლამა თითქმის ყოველთვის დაემთხვევა ადამიანის ემოციურ მოთხოვნილებებს.
ცხადია, ეს ჯერჯერობით მხოლოდ თეორიაა. ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც ურთიერთობის ოლფაქტორულ (არომატულ) არხს სწავლობს, ჯერ განვითარებული არაა, რის გამოც ბევრი რამ ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია.
AromaBit-ის სენსორებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყონ არომატთა ენის საფუძვლიან შესწავლას. აღნიშნულ დარგში მნიშვნელოვანი ნახტომისთვის ორი ძირითადი ფაქტორი იკვეთება, ესენია ტექნოლოგიის დაბალი ფასი და ხელმისწავდომობა. გარდა ამისა, ახალი სენსორები საშუალებას გვაძლევენ, ეს ინფორმაცია BigData ანალიზისთვის გამოვიყენოთ.
არომატების წაკითხვა და ადამიანების რეაქციაზე დაკვირვება პირდაპირ ნეირომარკეტინგული კვლევის საგანია. ამჟამად ნეირომარკეტინგს არ შეუძლია აღნიშნული მიმართულებით კვლევები დიდი რაოდენობით ადამიანების მონაწილეობით აწარმოოს, თუმცა ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა ამ სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის.
კომენტარები