რას აკეთებს WHO იმისთვის, რომ COVID-19-ის მომავალი ვაქცინა გლობალურად ხელმისაწვდომი იყოს — მოკლედ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს მოუწოდებს, გლობალურ პაქტს შეუერთდნენ, რათა ნაკლებად მდიდარ ქვეყნებს COVID-19-ის ვაქცინაზე გარანტირებულად ექნეთ წვდომა. აღნიშნულის საჭიროება დღის წესრიგში ე.წ. "ვაქცინის ნაციონალიზმის" საფრთხის გათვალისწინებით დადგა. ქვემოთ უფრო დეტალურად აღვწერთ, თუ როგორ ცდილობს WHO თავისი გეგმის პრაქტიკაში განხორციელებას.
რა არის WHO-ს ვაქცინის პროგრამა?
COVAX ვაქცინების გლობალურ პროგრამას წარმოადგენს და მისი მიზანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად საერთო ფონდის ჩამოყალიბებაა. ამ უკანასკნელში მდიდარი ქვეყნებისა და არასამეწარმეო ორგანიზაციების ჩართულობაა საჭირო, რათა საერთო რესურსებით ვაქცინის თანასწორი გავრცელება შესაძლებელი გახდეს. პროგრამის მიზანია, 2021 წლის ბოლოსთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტიანი და სანდო ვაქცინების 2 მილიარდი დოზა დამზადდეს.
დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსში გაწევრიანების ბოლო ვადად 31 აგვისტოა დათქმული. აღნიშნულ პროგრამას სათავეში WHO-სთან ერთად ვაქცინების გლობალური ალიანსი, GAVI და ეპიდემიური მზადყოფნის ინიციატივების კოალიაცია, CEPI უდგას.
თავის მხრივ, COVAX უფრო ფართო პროგრამის, COVID-19-თან ბრძოლის საშუალებებთან წვდომის (АCT) ნაწილია. ეს უკანასკნელი ვაქცინების, სამკურნალო საშუალებების, დიაგნოსტიკური ტესტებისა და პანდემიასთან ბრძოლის ჯანდაცვის სხვა რესურსების საყოველთაო გავრცელებაზეა პასუხისმგებელი.
როგორ იქცევიან მდიდარი ქვეყნები?
ეს უკანასკნელნი თავიანთი მოქალაქეებისთვის სამყოფი ვაქცინების წინასწარ დამარაგებას ცდილობენ. ამისათვის ისინი ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან წინასწარ, ვაქცინების ეფექტიანობის დადასტურებამდე დებენ კონტრაქტებს.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა ათეულობით მილიარდი დოლარი დახარჯეს ისეთ ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან მოლაპარაკებებში, როგორებიცაა Pfizer Inc, Johnson & Johnson, AstraZeneca Plc და სხვ.
მხოლოდ აშშ-მ ვაქცინის ასეულობით მილიონი დოზის შექმნის, ტესტირების, წარმოებისა და დამარაგებისთვის დაახლოებით $11 მილიარდი დახარჯა.
ვაქცინებზე აქტიურად მუშაობენ რუსეთსა და ჩინეთში, სადაც მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია.
რა რესურსებია გამოყენებული?
АCT დაფინანსებას სხვადასხვა სახელმწიფოსა და არასამეწარმეო ორგანიზაციისგან იღებს. მისი მიზანი $31 მილიარდის შეგროვებაა.
COVAX 92 ღარიბი ქვეყნისა და 80 მდიდარი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს. პროგრამა ნებაყოფლობითი შემოწირულობების იმედად არის.
რა არის WHO-ს შეშფოთების საფუძველი?
WHO შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მდიდარი ქვეყნები თავიანთი მოქალაქეებისათვის ვაქცინების დატაცებას ცდილობენ, რაც გლობალურად პანდემიის დასრულებას უშლის ხელს.
"ჩვენ ვაქცინის ნაციონალიზმის პრევენცია უნდა შევძლოთ. რეალურად, შეზღუდული რესურსის სტრატეგიული და გლობალური გამოყენება თითოეული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება", — განაცხადა WHO-ს დირექტორმა, თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
WHO-ს ლიდერებმა აღნიშნეს, რომ COVID-19-ის ვაქცინის კოორდინირებული, გლობალური დისტრიბუციის სისტემის შექმნა, სადაც პრიორიტეტი რისკის მაღალ ჯგუფებს მიენიჭებათ (მაგალითად, სამედიცინო პერსონალს), კორონავირუსის მსოფლიო გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
კომენტარები