არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ადამიანთა ორგანიზმში მიკროპლასტამასის საყურადღებო დონე დააფიქსირა. ამისათვის მკვლევრებმა ადამიანთა ორგანიზმიდან 47 ნიმუში აიღეს. ძიების არეალში მოექცა შინაგანი ორგანოებიც: ფილტვები, ღვიძლი, ელენთა და თირკმლები. მიკროპლასტმასის ნანონაწილაკები უკლებლივ ყველა საკვლევ ნიმუშში აღმოჩნდა.

"გარემოს პლასტმასით დაბინძურება პლანეტის ყველა წერტილში თვალნათელია. რამდენიმე ათწლეულში პლასტმასა საოცარი სარგებლიანობის პროდუქტიდან პოტენციურ საფრთხედ ტრასნფორმირდა", — აღნიშნავს ჩარლზ როლსკი, ორგანიზაციის, Science for Plastic Oceans International, დირექტორი.

მკვლევრებმა მას-სპექტრომეტრის გამოყენებით პოლიკარბონატის (PC), პოლიეთილენტერეფტალატის (PET) და პოლიეთილენის (PE) კვალს ყველა საკვლევ ნიმუშში მიაგნეს. თითოეული მათგანი პლასტმასის შემადგენელი ნაწილია. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ბისფენოლის (BPA) ნაწილაკების კვალიც. ამ უკანასკნელს საკვების შესანახ კონტეინერებში იყენებენ.

მიკროპლასტმასა ბუნებისთვის განსაკუთრებით საშიშია, რადგანაც მას თავისი მიკროსკოპული ზომის გამო თითქმის ყველგან შეუძლია შეღწევა. მის კვალს ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილებსა და მისი თითქმის უკლებლივ ყველა ბინადარის ორგანიზმში ნახულობენ.

ახალი კვლევა მის წინამორბედ ნაშრომებს ეფუძნება, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი, თუ როგორ აღწევს მიკროპლასტმასა ადამიანის ორგანიზმში. 2019 წელს გამოქვეყნებულმა სამეცნიერო სტატიამ ხაზგასმით მიუთითა, რომ გერმანიაში მცხოვრებ 3-დან 17 წლამდე 2 500 ბავშვის სისხლისა და შარდის ანალიზში პლასტმასის ბიპროდუქტების ტოქსიკური დონე ფიქსირდებოდა. იგმავე შედეგს აჩვენებდა 1 წლით ადრე გამოქვეყნებული კვლევაც: პლასტმასას 20 ნაწილაკი, საშუალოდ, ადამიანის განავლის ყოველ 10 გრამზე აღმოაჩინეს.

წინა ნაშრომებისაგან განსხვავებით, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევა უპრეცედენტოდ დეტალურად აღწერს აღნიშნულ სურათს.

"ქსოვილთა დონორებმა თავიანთი ცხოვრების წესის, დიეტის და ყოველდღიური გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს. ამ მიზეზი გამო ჩვენი კვლევა პირველად ახერხებს, რომ მიკრო და ნანოპლასტმასის დაბინძურების ყოველდღიური წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს", — აღნიშნავს როლფ ჰოლდენი, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი.

ჯერჯერობით მეცნიერებმა ბოლომდე დაზუსტებით არ იციან, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმისათვის მიკროპლასტმასას.

ბევრი მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ პლასტმასა ჩვენს ორგანიზმში იჭრება, თუმცა, მას უშუალოდ ჩვენს სხეულში ძალიან ცოტა კვლევა ეძებდა. მოცემულ მომენტში ჩვენ არ ვიცით, მიკროპლასტამა უბრალოდ მცირე გამღიზიანებელია თუ იგი ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საფრთხეს წარმოადგენს

ჩარლზ როლსკი, მეცნიერი