დინოზავრები ჯერ კიდევ მაშინ დაფრინავდნენ, სანამ ფრინველები გახდებოდნენ — კვლევა
მკვლევრების საერთაშორისო გუნდმა, სადაც 5 სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები შედიოდნენ, დინოზავრებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია Current Biology-ში გამოაქვეყნა. მრავალწლიანი კვლევის შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფრენის უნარი დინოზავრებმა თეროპოდების პერიოდში, თანამედროვე ფრინველების წარმოშობამდე ბევრად ადრე, რამდენჯერმე განივითარეს.
მკვლევრებმა პალეონტოლოგიური მასალა ხელახლა დეტალურად შეისწავლეს. სხვადასხვა "ტესტით" მათ განსაზღვრეს, რომელი დინოზავრები შეძლებდნნე ფრენას. გაირკვა, რომ ფრინველების გარდა, დრომაეოზავროიდებში ფრენის უნარი რამდენჯერმე ჩამოყალიბდა.
დრომაეოზავროიდების ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები ყველასთვის საყვარელი რაპტორები არიან. რაპტორების ცნობადობა საზოგადოებაში ფილმ Jurassic Park-ის გამოსვლის შემდეგ გაიზარდა, სადაც ისინი ადამიანის ზომის რეპტილიებად არიან წარმოჩენილი. სინამდვილეში ეს თეროპოდები პატარა ქათმისმაგვარი და, როგორც ჩანს, მოკლე დისტანციაზე მფრინავი ცხოველები იყვნენ.
ევოლუციური ხის ამგვარი გადააზრება მეცნიერებს ფრენის ფენომენზე უკეთეს წარმოდგენას უქმნის. როგორც ჩანს დინოზავრებს ბუმბულები მხოლოდ სილამაზისთვის არ ჰქონდათ — საკმარისად პატარა ზომის დინოზავრები მოქნილ ბუმბულებიან მხრებს მოკლე დისტანციებზე გადაადგილებისთვისაც იყენებდნენ.
ეს არ ნიშნავს, რომ პატარა თეროპოდები წეროებივით სხარტად დაფრინავდნენ, მათი ფრენა ალბათ უფრო ქათმისას წააგავდა. თუმცა მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ფრენის საწყისები სწორედ აქ იმალება.
კომენტარები